27/05/2021 keta

დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენცია GEODEM2021 პირველი ონლაინ პანელით გაიხსნა

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) დღეს დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის რიგით 6-ე გამოშვება GEODEM2021 პირველი ონლაინ პანელით გახსნა თემაზე „დაბალი ხარისხის არჩევნები საქართველოში: უკურნებელი სენი თუ მოგვარებადი პრობლემა?“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების ფონზე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიისა და მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს, თუ რატომ ვერ ახერხებს საქართველო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელიც უზრუნველყოფდა პოლიტიკური მეტოქეობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში?როგორ მოქმედებს პოლიტიკური კულტურა საქართველოში არჩევნების ჩატარებაზე? რა ინსტიტუციური ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ მომავალი არჩევნები შესაბამისი დემოკრატიული ხარისხით ჩატარდეს? რა იწვევს პოლიტიკურ უნდობლობას მმართველ ძალებსა და ოპოზიციას შორის? და, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კონკურენტმა მხარეებმა არჩევნების შედეგები ობიექტურად სცნონ?

პანელზე, რომლის მოდერატორიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია იყო, მოხსენებით წარსდგნენ ჯული ჯორჯი, ქუინს კოლეჯის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან ბოლქვაძე, ლუნდის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი და ჯაბა დევდარიანი, Civil.ge-ს დამფუძნებელი.

პროფ. ჯორჯის განცხადებით, პოლიტიკური ელიტების თვითკონტროლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც დაეხმარება ნებისმიერ საარჩევნო პროცესს, გახდეს უფრო თავისუფალი და უფრო სამართლიანი. ქეთი ბოლქვაძის მოსაზრებით კი ამ იდეის მთავარი კონტექსტი საქართველოში არის ის, რომ პოლიტიკურ კონკურენციაში წაგებული პარტიების ბედი, ხშირად გაურკვეველია. პარტიებს არ აქვთ გარანტია იმისა, რომ არჩევნების წაგების შემთხვევაში მათი მოღვაწეობა რისკის ქვეშ არ დადგება. საარჩევნო პროცესის ადმინისტრაციულ მართვაზე ისაუბრა ლევან ცუცქირიძემ, რომლის აზრითაც, აუცილებელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა დაიცალოს პარტიული კონტექსტისგან, პარტიები მაქსიმალურად ჩამოშორდნენ საარჩევნო ერთეულებს, საარჩევნო პროცესი – ხმების დათვლა თუ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება გახდეს ბევრად უფრო ავტომატიზებული, რათა საარჩევნო პროცესების სუბიექტური ინტერპრეტაციებისთვის რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დარჩეს. დაახლოებით, იმავე ხაზს აგრძელებს ჯაბა დევდარიანიც. მისი აზრით, საარჩევნო პროცესის ადმინისტრაციულ ნაწილში უნდა გაძლიერდეს მოქალაქის და აპარტიული საჯარო სექტორის უშუალო მონაწილეობის კომპონენტი. ეს ორი კომპონენტი მნიშვნელოვნად გაზრდის საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი და, შესაბამისად მისი შედეგების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

#GEODEM2021-ის ყველა პანელი ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით ჩატარდება. მეორე პანელი 2 ივნისს გაიმართება თემაზე – „საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში: როგორ უზრუნველვყოთ ნდობა?“ ონლაინ კონფერენცია 16 ივნისს დასრულდება პანელით „პოპულისტური ნაციონალიზმი და ევროსკეპტიციზმი: წარმოსახვითი თუ რეალური საფრთხე ასოცირებული ქვეყნებისათვის?“

GIP-ის ყოველწლიური კონფერენცია ორგანიზებულია NED – დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის ფინანსური დახმარებით.

, , , , ,