02/06/2022 ნინო სამხარაძე

პარტიული დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში: კონსენსუსის პერსპექტივები გახანგრძლივებული კრიზისის პერიოდში

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:
02-06-2022

საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ღრმა და გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისშია, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა დამაზიანებელი შედეგები ქონდეს როგორც  საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ასევე  მისი ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმებულ რეფორმებთან ერთად, საქართველო კოალიციური მმართველობის მიმართულებით უნდა წაეყვანა. თუმცა, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ურთიერთობა თანამშრომლობას შესძლებლობას ნაკლებად იძლევა.  საქართველოში პოლიტიკა აღიქმება, როგორც ნულოვანი ჯამის თამაში, სადაც გამარჯვებული იღებს ყველაფერს და დამარცხებულებს პოლიტიკური დევნის მუდმივი საფრთხე ემუქრებათ.

ამ ფონზე, საყურადღებოა  რეგიონში მიმდინარე საგანგაშო მოვლენები, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მორიგ სამხედრო აგრესიაში გამოიხატება. ამავდროულად, კოლექტიური დასავლეთი ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს, რაც რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგობასა და ასოცირებული ტრიოსთვის  ევროპულ გზაზე ხელშეწყობის მზაყოფნაში გამოიხატება. მიმდინარე ძირითადი გეოპოლიტიკური ცვლილებები ქმნის შესაძლებლობათა ფანჯარას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისათვის, რომ მათ კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა. მიუხედავად ამისა, ამ შესაძლებლობის განსახორციელებლად, დემოკრატიზაციისა და დეპოლარიზაციის ერთგულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

პოლიტიკურ პარტიებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მდგრადი პოლიტიკური კულტურის გამტკიცებაში, რაც ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და გააძლიერებს თანამშრომლობას სხვადასხვა აქტორებს შორის. თუმცა, დღესდღეობით ვერც მმართველი პარტია და ვერც ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ ამომრჩეველს პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ. მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული დისკუსიებისა და ქვეყნის განვითარების არგუმენტირებული ხედვის წარმოდგენის ნაცვლად, წინასაარჩევნო კამპანიები ხშირად ფოკუსირებულია სკანდალებზე და ნეგატიურ მოვლენებზე, რაც გავლენას ახდენს პოლიტიკური კულტურის განვითარებასა და მის მდგრადობაზე. პოლიტიკური ველის ორპოლუსიანი რადიკალური პოლარიზაცია, ასევე, ზრდის პოლიტიკური ველის და აიძულებს მცირე პოლიტიკურ პარტიებს „აირჩიონ რომელიმე მხარე“.

მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა, ყოველწლიურად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კოალიციური მმართველობის  იდეას და თვლის, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის.  ეს ფაქტები მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა პოლიტიკური პარტიების ამბიციებსა და ამომრჩეველთა სურვილებს შორის. ამიტომ, როგორც ფართო საზოგადოებამ, ასევე პოლიტიკურმა კლასმა უნდა დაიწყოს ფიქრი ამ გამოწვევების დაძლევისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ საზოგადოებას შორის ნდობისა და კავშირების აღდგენის გზებზე. ამ პოლიტიკის ნაშრომების კრებულში წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევები გვთავაზობს ამ ხარვეზების აღმოფხვრის შესაძლო გზებს ქართული პოლიტიკური კულტურის გასაძლიერებლად მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი მოხარულია, წარმოგიდგინოთ 2022 წლის პოლიტიკის ნარკვევების კრებული, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკურ პროცესებს, გამოწვევებს და პერსპექტივებს. ვიმედოვნებთ, რომ პუბლიკაცია საინტერესო დისკუსიას გამოიწვევს. წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტები და ნაშრომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც რესურსი პოლიტიკური წრეების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ექსპერტების, აკადემიური საზოგადოების წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში.

ეს კრებული, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, ვერ გამოქვეყნდებოდა საქართველოში მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერის გარეშე. ჩვენ ასევე გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების და მედიის მიმართ ჩვენი სამუშაოს მუდმივი მხარდაჭერისათვის და მათი ძალისხმევისათვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასავითარებლად. ასევე, მათი წვლილის მიმართ დემოკრატიული ინსტიტუტების ორგანიზაციული საფუძვლის  გაძლიერებისათვის, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებაში გამოიხატება.

პოლიტიკის ნარკვევების კრებული | მაისი 2022

, , , , , , , , , , , ,