2021 წლის 7 აპრილს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა ჩაატარა ღია დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ევროპარლამენტის წევრებს შორის მათი ბოლო განცხადების შესახებ. ონლაინ შეხვედრას 60-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილეს ევროკავშირის მედიაციის მცდელობები და მათ განცხადებაში ჩამოთვლილი არგუმენტები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ განცხადების ავტორებისათვის შეკითხვები დაესვათ.
1 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის წინადადებას. ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მოსალოდნელ შედეგებსაც. განცხადებამ აჩვენა ძლიერი პოზიცია და ინტერპარტიული შეთანხმების მაგალითი, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანს.
დისკუსიაზე, სამივე ევროპარლამენტარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიის მიმართ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური მოწიფულობა ევროპელი პარტნიორებისთვის.
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ განცხადება აჩვენებს ევროპარლამენტის ერთიანობასა და სოლიდარობას. ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, ევროპარლამენტარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიეღწიათ შეთანხმებისთვის საქართველოს შესახებ ერთობლივი განხცადების თაობაზე. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ნაცვლად ვერ მიაღწევს შეთანხმებას და რომ გამოსავალი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან კომპრომისზე წასვლა უნდა იყოს.
”აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის დღის წესრიგის სათავეში – ჩვენ გვაქვს მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემა, პანდემია, “მწვანე შეთანხმება“ და სხვ. ევროპა დაიღალა. ევროპა უსასრულოდ ვერ გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებსა და მედიაციას. ამაზე მაღალი დონის ჩართულობა ვეღარ მოხდება, ვიდრე ახლაა – შარლ მიშელის დონეზე.” – თქვა ევროპარლამენტარმა კალიურანდმა. ”ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა იმაზე, რომ თუკი ვერ დავინახავთ ქართული მხრიდან პოლიტიკური ვალდებულებების აღებას, დადგება დრო პირობითობის მექანიზმის ჩართვის.”
ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ვინც ხელი მოაწერა განცხადებას, პასუხისმგებელნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის განვითარებაზე და მათ აზრს პატივს უნდა სცემდნენ. “ეს არის არაფორმალური ჯგუფი არაოფიციალური მანდატით, რათა საქართველოს კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს“, – თქვა კუბილიუსმა. მან ასევე თქვა, რომ შარლ მიშელისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის დანიელსონის მონაწილეობა მედიაციის პროცესში არის უმაღლესი დონე, რომლის შემოთავაზებაც ევროკავშირს შეუძლია და ამავე დროს არის უპრეცედენტო რეაგირება შიდა კრიზისზე. თუმცა, როგორც კუბილიუსმა თქვა, –
”ეს ყველაფერი აღიქმებოდა ისე, თითქოს ევროკავშირისთვის საქართველო განსაკუთრებული შემთხვევაა და რომ ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ეს სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ეს არასწორი აღქმაა და ასე არ უნდა გაგრძელდეს“.
კუბილიუსმა ისიც აღნიშნა, რომ არაფორმალური პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. პირობითობა გულისხმობს შემდეგი პრინციპის შესრულებას – მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის (more-for-more and less-for-less), რაც იმას ნიშნავს რომ, თუკი ქვეყანა რეფორმებს განახორციელებს, მიიღებს სტიმულს, მაგრამ თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ისეთი მნიშვნელოვანი პრიციპების დაცვას, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სასამართლოს დამოუკიდებლობა, – ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
მესამე სპიკერმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა კიდევ ერთხელ გააჟღერა თავისი კოლეგების პოზიცია, რომ ევროკავშირი მზადაა მტკიცე რეაგირება მოახდინოს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისზე. ”ჩვენ იმდენი ხანი ვითმინეთ, რომ ცოტა დავაგვიანეთ კიდეც ჩვენი განცხადების გამოქვეყნება”, – თქვა ევროპარლამენტარმა და აღნიშნა, რომ ”ეს მხოლოდ დასაწყისია”. ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა ასევე ისაუბრა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, არჩევნების შემდეგ პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით. ”იმედგაცრუებული ვიყავი ბოიკოტის გამო, რადგანაც ოპოზიცია არც კი დაელოდა ODIHR-ის რეკომენდაციებს და არჩევნების ღამესვე გადაწყვიტეს, პარლამენტში არ შესულიყვნენ”. ჟან მონეს დიალოგის ინსტრუმენტს, რომელიც ევროპარლამენტარების განცხადებაშია მოხსენიებული, სჭირდება პარტნიორები პარლამენტში. ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ის არ იმუშავებს, რადგანაც ევროპარლამენტი ვერ შეძლებს ორივე მხარისთვის მისაღები ინსტრუმენტების განხორციელებას.
”ჩვენ გვჭირდება პარტნიორები პარლამენტსა და მთავრობაში, რათა შევძლოთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს განვითარებას.”
დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი, დოქტორი კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი (GIP).