08/07/2020 GIP

კორონავირუსის ეპიდემია საარჩევნო წელს: რისკები სამართლიანი არჩევნებისთვის

Author

ჯანო ჭკადუა

ჯანო ჭკადუა – მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2019/2020-ის ბლოგების კონკურსის გამარჯვებული

2020 წლის შემოდგომაზე ქართულ მყიფე დემოკრატიას კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარება, ამჯერად, კორონავირუსის ეპიდემიასთან ერთად მოუწევს. ეპიდემიის გავრცელების შედეგად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მთავრობა სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ამომრჩეველთა ნების თავისუფლებაზე.

წინამდებარე ბლოგში განვითარებულია მოსაზრება, რომ პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი სამთავრობო ღონისძიებებმა შესაძლოა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე არაპირდაპირი გავლენა იქონიოს.

რას გვასწავლის წინა წლების გამოცდილება?

სანამ უშუალოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესაძლო ზეგავლენაზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა წინა წლების გამოცდილების მიმოხილვა და იმ შეფასებების ანალიზი, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ კეთდებოდა არჩვენების დროს, როდესაც მთავრობამ წინასაარჩევნოდ ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტები განახორციელა.

2018 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე,  საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრი იუწყებოდა, რომ „საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდებოდა“.  მთავრობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსებული ე.წ „სესხების განულების პროგრამა“ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასეს. კერძოდ, აღნიშნული ქმედება ეუთოს სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში შეფასდა, როგორც „ხმების ყიდვის ნაირსახეობა“. ხოლო, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით  ადგილი ჰქონდა „ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვას“.

მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სოციალური პროექტები ყოველთვის აჩენს ამომრჩევლის ნებაზე და, შესაბამისად, საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების რისკებს. განსაკუთრებით  იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს. სოციალურად დაუცველთა სტატისტიკის მიხედვით,  სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების  რაოდენობა წინასაარჩევნოდ იზრდება, ხოლო არჩევნების დასრულების შემდეგ კლებულობს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვთქვათ, რომ წარსულში, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე და საარჩევნო პროცესზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენას.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ და სხვადასხვა მთავრობის მიერ გადადგმულმა შემზღუდავმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და ბიზნეს სექტორს ძლიერი დარტყმა მიაყენა, სახელმწიფოები იძულებული გახდნენ, რომ არამხოლოდ ეპიდემიოლოგიური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც აემოქმედებინათ დამხმარე ბერკეტები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც ფულად დახმარებას გასცემს მოქალაქეებზე. ასევე, მთავრობა მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენს სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ.

თუ სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას დავეყრდნობით, მთავრობას სოციალური პაკეტების გაცემა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში  მოუწევს, რამაც შესაძლოა, ამომრჩევლის ნების თავისუფლებაზე მოახდინოს გავლენა. 

რატომ არის სარისკო მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდში?

2020 წლის 16 იანვარს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI Georgia) მიერ გამოქვეყნებული  კვლევის მთავარი მიგნებების თანახმად, საქართველოში კვლავ რჩება ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა. ამავე კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს უჭირს რომელიმე ისეთი პარტიის დასახელება, რომელიც ახლოს იქნებოდა თავის შეხედულებებთან. საქართველოში არსებული არც ერთი პარტია არ არის ისეთი, რომელიც მოსახლეობის 20%-ზე მეტმა დაასახელა, როგორც თავის შეხედულებებთან ახლოს მდგომი (იხ. გრაფიკი 1). მეტიც, იმავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65% მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში მეორე დღეს, თუმცა 56%-მა არ იცის ვის მისცემდა ხმას.

გრაფიკი 1. რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?

მთავრობის მიერ განხორციელებული მასშტაბური სოციალური დახმარების პროექტებმა შესაძლებელია ხელი შეუშალოს არჩევნების სამართლიან/თანასწორ პირობებში ჩატარებას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკური პარტიების, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების მიმართ, რასაც მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც ემატება, რომელიც კორონა ვირუსის ეპიდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.

მთავრობის მიერ დაგეგმილი სოციალური პაკეტებით საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ისარგებლებს, მათ შორის ბიზნეს სექტორიც. თუმცა, სავარაუდოა, რომ ამგვარმა ქმედებებმა ყველაზე მეტად იმ ამომრჩევლებზე იმოქმედოს, რომლებიც საარსებო შემწეობის, პენსიის, სხვა სოციალური პაკეტების მიმღები არიან. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის 56% მოსახლეობისა, რომელთაც არა აქვთ  გადაწყვეტილება მიღებული თუ ვის დაუჭერენ მხარს საპარლამენტო არჩევნების დროს.   

აღსანიშნავია, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია ზღვარის გავლება – სად მთავრდება ობიექტური კრიზისული სიტუაციიდან ნაკარნახები სოციალური დახმარება და სად იწყება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვა. ამგვარი სიტუაცია კიდევ უფრო ართულებს სადამკვირვებლო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს, რადგან, მმართველ პარტიას შეეძლება წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ღონისძიებების გამართლება ეპიდემიოლოგიური საჭიროებებით.

წინა არჩევნების გამოცდილება, ამომრჩეველთა ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და პარტიების მიმართ და ეპიდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გვაფიქრებინებს, რომ 2020 წლის არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გარანტირებისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარების კუთხით. ოპოზიციურ პარტიებს და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მართებთ, რათა არ დაუშვან ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლითაა გარანტირებული.

, ,