Author

30/06/2022 ნინო სამხარაძე

მადრიდის სამიტი და გლობალური უსაფრთხოების ტრანსფორმაცია: საქართველო ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ძირეული ცვლილებების ფონზე ნატოს ისტორიულ მადრიდის სამიტზე ახალი სტრატეგიული დოკუმენტი დამტკიცდა. სტრატეგია განსაზღვრავს შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის მიხედვით ალიანსის სრულიად ახალ პრიორიტეტებს, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური თავდაცვის ხედვამ ორგანიზაციაში ცივი ომის შემდეგ ყველაზე რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა.

საქართველოსთვის მადრიდის სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს სტრატეგიის ცვლილებას, დიდწილად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეული გეოპოლიტიკური ძვრები განსაზღვრავს. ეს კი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთან უშუალოდაა დაკავშირებული. შესაბამისად, საჭიროა ალიანსის ახალ დღის წესრიგში არსებულ იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომლებმაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიონ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე.

უკრაინა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ნატოს ახალ სტრატეგიაში

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია ფართო, გრძელვადიან და ზოგად სტრატეგიულ პრიორიტეტებს აყალიბებს, უკრაინა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ალიანსის ხედვას განსაზღვრავს. ომის დაწყებიდან რამდენიმე ხანში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღარ შეეცდება, ნატოს წევრი გახდეს, თუმცა ცხადია, რომ ნატოსთან თანამშრომლობა და წევრი სახელმწიფოებისგან სამხედრო მხარდაჭერის მიღება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მუდმივად დღის წესრიგში იქნება მოკლევადიან პერიოდში როგორც ალიანსისთვის, ისე კიევისთვის.

მეორე მხრივ, უკრაინა უფრო გრძელვადიანად იქცა ნატოსთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ფორპოსტად რუსეთის შეკავებაში. ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიხედვით, ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინას „სასიცოცხლო მნიშვნელობა“ ენიჭება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. იმის დემონსტრირება, რომ კიევს რუსული აგრესიის შეკავება ევროპის აღმოსავლეთში რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლია, ძლიერი ინდიკატორი აღმოჩნდა ალიანსისთვის, რომ უკრაინა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი აქტორია, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა.

ახალი გეოპოლიტიკური დატვირთვა, რომელსაც ნატო უკრაინას სამიტის შემდგომ შესთავაზებს, შესაძლოა, იქცეს ერთგვარ მოდელად საქართველოსთვისაც, რომელსაც უკრაინის მსგავსად, რუსეთის შეჭრის გამოცდილება, უსაფრთხოების მსგავსი გამოწვევები და მისწრაფებები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უკრაინას შეინარჩუნებს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება ქვეყნისთვის უკრაინასთან ერთად ერთობლივ გრძელვადიან პროექტებში ჩასართავად, რაც, დიდი ალბათობით, რეგულარული პრიორიტეტი იქნება ნატოს არაწევრ პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით. ამ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან ინერტულობა უკრაინასთან ურთიერთობებში ნაკლებად იძლევა იმედს, რომ თბილისი დაუყოვნებლივ მოახერხებს უკრაინასთან დაკავშირებულ სტრატეგიის ნაწილად ქცევას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც, უკრაინასთან, რომლის მნიშვნელობაც ნატოსთვის თანდათან იზრდება, სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდეს და, შედეგად, გაჩნდეს ალიანსთან კიდევ უფრო მჭიდრო დამატებითი თანამშრომლობის პერსპექტივა საქართველოსთვის.

გადაფასებული აღქმა ნატოში: რუსეთი, როგორც გლობალური საფრთხე და საქართველო

ნატოს 2010 წლის სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი მიიჩნეოდა „სტრატეგიულ პარტნიორად“ რომელთან პრაგმატული თანამშრომლობა შესაძლებელია. თუმცა 2022 წელს რუსეთის როლი რადიკალურადაა შეცვლილი: კრემლი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედაა“  აღქმული. ზოგიერთი მიმომხილველის თქმით, შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისთვის ნატო დაუბრუნდა დაარსების მისიას – შექმნას და გააძლიეროს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმები რუსეთის წინააღმდეგ. ამასთან, აშშ, როგორც ალიანსის წამყვანი სახელმწიფო, მზადაა კონკრეტულად რუსეთის შეკავების მიზნით ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაში კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს, ვიდრე აქამდე.

რუსეთის, როგორც გლობალური საფრთხის, ასეთი ფუნდამენტური გადაფასების პირობებში, ცხადია, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, შეიძლება, გაიზარდოს დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც უკრაინასთან ერთად ათწლეულების განმავლობაში თავს იცავს რუსული აგრესიისგან, მათ შორის, სამხედრო და ოკუპაციასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან. ალიანსში აცნობიერებენ რუსეთის უშუალო სამეზობლოს მნიშვნელობას. შესაბამისად, კრემლის მიმართ დამოკიდებულების ამგვარი რადიკალური გადაფასება თბილისისთვის შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ ალიანსის მზაობა არაწევრ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. ამ პროცესში, ალიანსისგან საქართველომ შეიძლება მიიღოს გაძლიერებული სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორიცაა მეტად ინტენსიური წვრთნები და აღჭურვა, ინფრასტრუქტურული მზაობის და თავსებადობის მიმართულებით თანამშრომლობა და საქართველოში ნატოს პირდაპირი ყოფნის პერსპექტივებზე საუბრის დაწყება.

ევროპის აღმოსავლეთის გამაგრება – ნატოს ახალი ფოკუსი აღმოსავლეთით

მართალია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრების გამაგრება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა ახლა ეს პროცესი ნატოსთვის უპრეცედენტოდ პრიორიტეტულია. ბალტიასა და პოლონეთში გაიზრდება სწრაფი რეაგირების ძალები 300 000-მდე (40 000-იდან). ფაქტია, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ერთხმად შეთანხმდნენ თავდაცვითი პოტენციალის უზრუნველსაყოფად ალიანსის მეტი რესურსის მობილიზებაზე აღმოსავლეთით. ბაიდენის თქმით, ნატო გააძლიერებს აღმოსავლეთის ფლანგს ხმელეთზეც, ჰაერშიც და ზღვაზეც.

აღმოსავლეთ ევროპის და შავი ზღვის რეგიონში, რომლის გეოპოლიტიკურ ნაწილადაც თბილისი თავს მოიაზრებს, თავდაცვითი სტრატეგიის ფოკუსის ასეთი ზრდა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვისაც. საჭიროა აქტიური მუშაობა იმ წვრთნებში თუ სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც, სავარაუდოდ, გააქტიურდება ჩვენთვის ტრადიციულად მეგობარ ქვეყნებში, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ურთიერთობების გააქტიურება უშუალოდ რეგიონის ქვეყნებთან, რომელთა ტერიტორიაზეც ნატოს თავდაცვითი პოტენციალის ზრდაა დაგეგმილი.

ნორდიკული გაფართოების რეალურობა და შემდგარი მოლაპარაკებები თურქეთთან

მადრიდის სამიტზე შედგა ისტორიული მოლაპარაკება ნატოს სკანდინავიური გაფართოების შესახებ. თუმცა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ დასავლელმა ლიდერებმა შეძლეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებების წარმატებით განხორციელება და უახლოეს მომავალში ნატოს გაძლიერება შვედეთის და ფინეთის წევრობით ევროპული უსაფრთხოების ახალი რეალობა იქნება.

ის, რომ ანკარა ალიანსში ზედმეტ დაბრკოლებებს ქმნიდა, თბილისში, შეიძლება, განგაშის სიგნალად აღქმულიყო, რადგან თურქეთი საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელი სახელმწიფოა და უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია როგორც სამხედრო თავსებადობის ზრდის, ისე, ზოგადად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის კონკრეტულად ნორდიკული გაფართოება, შესაძლოა, არ იყოს პირდაპირი სარგებელი, თუმცა ის, რომ ამ საკითხის გარშემო თურქეთი ნატოს თავის ტკივილი აღარ არის, ეს თბილისისთვის გარკვეულ რისკებს ამცირებს: თურქეთი კვლავ ალიანსის ერთ-ერთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. საქართველოსთვის კი სტრატეგიული პარტნიორის ამგვარი სტატუსის შენარჩუნება ალიანსის შიგნით მნიშვნელოვანი ბერკეტია ნატოში ინტეგრაციის გასაღრმავებლად.

მადრიდის სამიტი, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და საქართველო

ნატოს ისტორიული მადრიდის სამიტი მნიშვნელოვანწილად შეეხებოდა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას, რომელიც გლობალურ რუკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ჩამოყალიბდა. რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესებისთვის უმთავრესი საფრთხეა, უკრაინა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ახალ რეალობაში საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ჩრდილოატლანტიკური ასპირაციისთვის იქმნება ახალი გარემოებები, სადაც, თბილისმა აქტიურად უნდა ეძებოს ახალი შესაძლებლობებიც.

ალიანსის მხრიდან რუსეთის მთავარ და პირდაპირ საფრთხედ აღქმა ახალი სტრატეგიული კონცეფციის მთავარი ცვლილებაა, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ალიანსის სამოქმედო გეგმას კრემლის შეკავების მექანიზმებზე მუშაობის მიმართულებით. ამასთან ერთად, უკრაინის გაზრდილი გეოპოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობა, ნატოს გაძლიერებული სამხედრო ძალების მობილიზება ევროპის აღმოსავლეთით და თურქეთთან წარმოქმნილი უთანხმოების წარმატებით დასრულება ის ახალი ფაქტორებია, რომლებზეც თბილისმა სამომავლოდ განსაკუთრებით აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა გლობალური უსაფრთხოების ახალ გარემოში საკუთარი ეროვნული ინტერესები სრულფასოვნად დაიცვას.

 

ბლოგი მომზადდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) თანადაფინანსებით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

 

 

Photo Credit: Twitter

, , , , , , , , , ,