Author

30/03/2020 სალომე კანდელაკი

მართლმადიდებლური დრამა: Covid-19 დოგმის წინააღმდეგ

სალომე კანდელაკი[1]

2020 წლის 21 მარტს, 15:00 საათზე, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც რიგ შეზღუდვებთან ერთად ათ ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს. საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის თანახმად, შეზღუდვები დაწესდა ყველასა და ყველაფერზე, რაშიც მოიაზრება რელიგიური შეკრებებიც. მთავრობის განკარგულების მიუხედავად, 22 მარტს მართლმადიდებლურ ტაძრებში საეკლესიო მსახურება მაინც ხალხმრავლობის ფონზე წარიმართა. მომხდარმა აჩვენა,  რომ სამოქალაქო თვითშეგნების ნაკლებობას რელიგიური ინსტიტუტის სუსტი სოციალური პასუხისმგებლობაც დაერთო, რაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკის საგნად იქცა. ხელახლა წამოიჭრა კითხვები სეკულარული პრინციპის შესახებ, რომელიც საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს  ისედაც ბუნდოვან ურთიერთობებს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის. ამ ბლოგში გაანალიზებულია, თუ რა აჩვენა მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური დენომინაციების საქმიანობამ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ასევე მიმოხილულია, თუ როგორ უპასუხეს ევროპის სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

როგორ შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?

მართალია, მიმდინარე კრიზისი საქართველოში არსებულ ყველა დენომინაციას შეეხო, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს საზოგადოების განსაკუთრებული აქცენტი მართლმადიდებელი ეკლესიის საპასუხო ნაბიჯს დაეთმო. მისგან განსხვავებით, საქართველოს სხვა რელიგიურმა კონფესიებმა, კერძოდ მუსლიმურმა, იუდეურმა, რომაულ-კათოლიკურმა და სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულმა ეკლესიებმა  მრევლს შეუზღუდეს  ტაძარში მსახურებაზე სიარული და სასულიერო რიტუალს ცარიელ ეკლესიაში ატარებენ. ზოგიერთმა მათგანმა დროებით ზიარების წესიც შეცვალა. საპატრიარქოში კი, ზიარების წესის შეცვლას რწმენის შეურაცხყოფისა და რელიგიური დოგმებისგან გადახვევის საშიშროებას უკავშირებენ.  მართლმადიდებელი ეკლესიის ქმედებისადმი საზოგადოების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ის განაპირობებს, რომ  საქართველოს მოსახლეობის 89% მართლმადიდებელ რელიგიასთან აიგივებს თავს.  გარდა ამისა, ის გახლავთ ერთადერთი რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც კონკორდატი“ კონსტიტუციის დონის შეთანხმება აქვს დადებული სახელმწიფოსთან. დოკუმენტის მიხედვით ეკლესიას არა მხოლოდ საზოგადოების სულიერ განვითარებაზე უწევს ზრუნვა, არამედ მეოთხე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად მას სოციალური როლიც გააჩნია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაემთხვა რელიგიური რიტუალებით გადატვირთულ აღდგომის წინა პერიოდს, რამაც ეკლესიის საგანგებო რეჟიმზე გადაწყობა უფრო გაართულა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ  პრეზიდენტის დეკრეტი პარლამენტს საკვირაო წირვის წინა დღეს წარედგინა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. შედეგად, კვირების მანძილზე ეკლესიებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა წირვა-ლოცვა. მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთ ქმედებასა და საზოგადოების დაბნეულობას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 22 მარტს გაკეთებულმა განცხადებამაც შეუწყო ხელი, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობას არ ზღუდავდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ეპიდემოლოგები და საქართველოს პრემიერი საზოგადოებას ინტენსიურად მოუწოდებდნენ სახლში დარჩენისა და ყოველგვარი შეკრებისგან თავის შეკავებისკენ. საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა პროტესტი რელიგიური კონფესიის მხრიდან კანონზე დაუმორჩილებლობის გამო, ნაწილი უფრო შორსაც კი წავიდა და ეკლესია ,,ტერორისტებს“ შეადარა. თავის მხრივ, მრევლიც ანტაგონისტურად განეწყო კრიტიკისადმი, ზოგმა კი დაიწყო მოწოდების გავრცელება „მე არ ვრჩები სახლში, მე მივდივარ ქრისტეს ეკლესიაში“.

ყურადსაღებია, რომ 22 მარტს ქადაგებისას პატრიარქმა მრევლს მიმართა დაეცვათ დისტანცია, თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ სხვადასხვა ეკლესიებში ეს საკითხიც კი ერთეული მღვდლების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, უმეტესგან კი არაფერი შეცვლილა. ამიტომ 2020 წლის 25 მარტს სინოდს მოუხდა განცხადების გავრცელება,  რომლის თანახმადაც ყველა ეკლესიასა და მათ ეზოებში დაცული უნდა იყოს დისტანცია. ხოლო მათ, ვინც ვირუსის გავრცელების საფრთხეს ეკლესიაში ხედავს, სურვილის შემთხვევაში, მოძღვარი სახლში მიაკითხავს. განცხადებაში არაფერია  ნახსენები ზიარების წესის შეცვლაზე. არც იმაზე, რომ ათ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, რაც რბილად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის განმარტებულ წესებთან მოდის წინააღმდეგობაში. მეტიც, საპატრიარქო გაუმართლებლად და ღვთის წინაშე დანაშაულად მიიჩნევს იმ ადამიანებისთვის ტაძარში მსახურებაზე დასწრებაზე უარის თქმას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ განცხადების საპასუხოდ მღვდლებისა და თეოლოგების ნაწილმა გაავრცელა მიმართვა,  სადაც გაკრიტიკებულია სინოდის ზემოთ ხსენებული სიტყვები, რითიც ის მათი აზრით მწვავე ბრალდებას უყენებს მწვავე ბრალდებას უყენებს სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობას. ამის გარდა, განცხადებაში შეიძლება ამოვიკითხოთ რელიგიური დოგმების კანონთან დაპირისპირება, რაც სახელმწიფო ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

მძიმე ემოციურ ფონზე, როდესაც მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული, მიუღებელია საზოგადოების წევრთა შორის დაპირისპირების გამოწვევა და სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვა, რისი განმუხტვაც მხოლოდ სახელმწიფოსა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედებითა და სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილებით იქნება შესაძლებელი. ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები მოქალაქეების დაბნეულობასა და აზრის ორად გაყოფას უწყობს ხელს. ამ ყველაფერს ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებაც ემატება. საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ნაწილი დღეს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, დაიხურა კათარზისი და უამრავი ხანშიშესული ადამიანი შემწეობის მოლოდინშია, რაშიც ეკლესიას თავისი ადამიანური რესურსით უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლია. ამ სიტუაციაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისზე სწრაფი და ეფექტიანი ქმედება, შესაბამისად საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც მორალურ თანადგომას, ისე ფიზიკურ ქმედებას. 

რა ზომებს იღებენ ევროპის სხვა მართლმადიდებელი  ეკლესიები კორონავირუსის პრევენციისთვის?

ამ კონტექსტში, საინტერესოა, თუ როგორ უპასუხა აღნიშნულ გამომწვევას მართლმადებლურმა სამყარომ. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე, 22 მარტიდან წირვას დაცლილ ტაძარში აღავლენს. მან სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს მოუწოდა სახლში დარჩენისკენ და გამკაცრებული ზომების დაცვისკენ.  კონსტანტინოპოლის პატრიარქი შეეხო იმ გავრცელებულ მოსაზრებასაც, თითქოს მკვეთრად გამკაცრებული ზომები რწმენას ზიანს აყენებს და ამაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ „საშიშროების წინაშე დგას არა რწმენა, არამედ მორწმუნე,  არა ქრისტე, არამედ ჩვენი ქრისტიანები, არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანი“. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქი „თანასწორთა შორის პირველად“ მოიხსენიება, მის ამ მოწოდებას არა სავალდებულო, არამედ რეკომენდაციული ხასიათი აქვს, შესაბამისად, თითოეული ქვეყანა თავისი სინოდის და პატრიარქის გადაწყვეტილებას ემორჩილება. კორონავირუსის შემთხვევების მომატების გამო, 17 მარტს რუსეთის საპატრიარქომ ეკლესიაში უპრეცედენტო სანიტარული ზომები მიიღო, მათ შორის, მრევლის ზიარება ინდივიდუალური კოვზებით, ხოლო ზიარების შემდეგ „სიტკბოების“ მიღება ერთჯერადი ჭურჭლით დაუშვა. 29 მარტს კი მან ეპიდემიის დიდი საფრთხის გამო მრევლს ეკლესიაში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ეკლესიების არათანმიმდევრულ დამოკიდებულებას საერთაშორისო პრესაში მოჰყვა სტატიები სათაურით „კორონავირუსი VS ეკლესია“, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ზიარების წესის შეცვლის პრობლემურობასა და ვირუსის გავრცელების რისკებზეა ყურადღება გამახვილებული. მიუხედავად დიდი ორჭოფობისა,  ბოლო დღეებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, სადაც მართლმადიდებლური რელიგია დომინანტია, ეკლესიებმა მრევლს ოფიციალურად მოუწოდეს სახლში დარჩენისკენ. კერძოდ, ასე მოიქცნენ, ბულგარეთის, საბერძნეთის, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის ეკლესიები. მათივე გადაწყვეტილებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით აღევლინება.  

ნიშანდობლივია რუმინეთის მაგალითი, სადაც 27 თებერვალს საპატრიარქოს განცხადებით ეკლესიაში განსაკუთრებული ზომები უნდა მიეღოთ და სურვილის შემთხვევაში მრევლს საზიარებლად კოვზები სახლიდან მიეტანათ. თუმცა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა კადრები, რომელშიც მორწმუნეები ზიარებას კვლავ ერთი კოვზით იღებდნენ და არანაირ დისტანციას არ იცავდნენ. ამის გამო პრეზიდენტ იოჰანესს ზომების გამკაცრება მოუწია და 65 წელს გადაცილებულებს სახლიდან გამოსვლა აეკრძალათ.  ბელარუსის ეკლესიის სასულიერო პირების განცხადებით, ისინი სააღდგომო მსახურების გაუქმებას არ აპირებენ. მათი თქმით, ეკლესიებში ტარდება დეზიინფექცია, თუმცა სხვა რა დამატებით ზომებს მიმართავენ, ცნობილი არ არის. მათი საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საკითხთან დაკავშირებით არცერთი განცხადება არ იძებნება. მეტიც, 23 მარტს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ტრაბახით დასძინა, რომ ქვეყანაში კორონავირისის ცოტა შემთხვევაა (იხ. დიაგრამა 1) და მოსახლეობას პრევენციის მიზნით მხოლოდ არყის დალევისა და საუნაში ხშირად სიარულისკენ მოუწოდა. 15 მარტს, სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას პატრიარქმა ირინეიმ მზაობა გამოთქვა სახელმწიფოსთან ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და საჭირო პრევენციული ზომების მისაღებად. თუმცა, ეკლესიაში მრევლის სიარული არ აკრძალულა. ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ მედიაში ვიდეოს ავრცელებს, საიდანაც ჩანს, რომ ზიარება კვლავ საერთო კოვზიდან ხდება, მაგრამ სერბეთის ეკლესია ამ ფაქტს უარყოფს. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, სადაც მართლმადიდებელი რელიგია დომინანტია, საქართველოში ბელარუსის შემდეგ ჯერჯერობით ყველაზე ნაკლები შემთხვევაა, ხოლო ყველაზე მეტი ინფიცირებული ამ დროისთვის რუმინეთს ჰყავს. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მალაიზიაში, ირანში, კორეაში  კორონავირუსის სწრაფი გავრცელება სწორედ რელიგიურ რიტუალს უკავშირდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, წირვა-ლოცვისას მრევლი საქართველოშიც დაინფიცირდეს, რაც გარკვეულ რისკებს წარმოშობს როგორც ეკლესიის, ისე საზოგადოების ინტერესებისთვის. ზემოთ ნახსენები სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული ზომები ორ კატეგორიად იყოფა, ნაწილი განაგრძობს მსახურებას მრევლის თანდასწრებით, ნაწილი კი მრევლის გარეშე. თუ რატომ არის მათი ქმედება არაერთგვაროვანი, უცნობია. საქართველოსა და ბელარუსიის შემთხევაში, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულების მცირე  რაოდენობიდან გამომდინარე (იხ. დიაგრამა 1) არ მიმართავენ უფრო რადიკალურ ზომებს. მაგრამ ამავე მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ რუმინეთისა და სერბეთის მაჩვენებლები საკმაოდ შემაშფოთებელია, რაც იმავე ლოგიკაში ვერ ჯდება. მეორე მხრივ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტები არ დგანან იმ სიმაღლეზე, რომ ეკლესია და საზოგადოება კანონმორჩილად მოიქცეს. მნიშვნელოვანია, რომ ეკლესია და სახელმწიფო კრიზისის პირობებში ერთმანეთთან შეჯიბრში არ იყოს და ამით არ დაზიანდეს არც ხალხის რწმენა და არც სახელმწიფოს იდეა დაკნინდეს.

დიაგრამა 1 – Worldometer, 2020 წლის 30 მარტის 12:40  საათის მონაცემები

ვირუსის გავრცელების შემდგომი შეკავება ვერ მოხერხდება, თუ თითოეული მოქალაქე და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი არ დაექვემდებარება საგანგებო მდგომარეობის წესებს. ამიტომ, ეკლესია გამაერთიანებლის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და სახელმწიფის გვერდში ედგეს საგანგებო მდგომარეობის აღსრულებაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მაღალი ნდობის გათვალისწინებით, მას უდიდესი მორალური პასუხისმგებლობა აკისრია საზოგადოების წინაშე და შეცდომის დაშვება, შესაძლოა, რეპუტაციის დაკარგვადაც დაუჯდეს. იმ შემთხვევაში, თუ რელიგიური რიტუალი გახდება ადამიანთა დაინფიცირების საფუძველი,  ვერავინ გაარჩევს, ეს სოციალური დისტანციის დაუცველობის მიზეზით მოხდა, თუ ზიარების  წესის შეუცვლელობის გამო. ზემოთ ჩამოთვლილ მართლმადიდებელ ეკლესიათაგან, არც ერთს დაუშვია ზიარების გზით ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. თუმცა, მათმა ნაწილმა რწმენისთვის ზიანის მიყენების გარეშეც მოახერხა დროებით წესების შეცვლა, რაც ზოგ შემთხვევაში ერთჯერადი კოვზების და ჭურჭლის გამოყენებაში გამოიხატა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხალხისთვის სახლში დარჩენისკენ მოწოდებაში. ამგვარი ქმედება რეალურად სახეს უნარჩუნებს ეკლესიას და საზოგადოების თვალში ამაღლებს მის სოციალურ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც სხვა რელიგიური დენომინაციები, თანასწორი არიან კანონის წინაშე.

მიმდინარე კრიზისმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ ერთხელ დააყენა დილემის წინაშე, ხოლო საზოგადოება დააფიქრა, როგორც ეკლესიის დოგმატურ და ინსტიტუციურ ხასიათზე, აგრეთვე საქართველოს ხელისუფლების უნარზე, უზრუნველყოს განსაკუთრებული კონსტიტუციური მდგომარეობის აღსრულება. შესაძლოა, უმთავრესი კითხვა, რომელიც ამ დღეებმა დაბადა, იყოს ის, თუ რამდენად გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიას სამოქალაქო პრინციპების ირგვლივ ორგანიზების, ეროვნული სოლიდარობის ფლაგმანობისა და სოციალური პასუხისმგებლობის აღების შინაგანი რესურსი. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ შეძლო ვერც კანონის უზენაესობისა და ვერც საგანგებო მდგომარეობის ყველა პარამეტრის აღსრულება, რამდენადაც მთავრობა ამ ეტაპზე აშკარად ერიდება  ეკლესიის ძლიერი ავტორიტეტის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას.  ხოლო ამ სიტუაციაში ცხადად ჩანს, რომ ეკლესია კანონზე მაღლა დგას.   


[1] სალომე კანდელაკი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსია. 

, , , , , ,