Author

17/02/2022 სალომე კანდელაკი

პოლიტიკური პოლარიზაცია და თვითმმართველობა: ბრძოლა ძალაუფლებისთვის

სალომე კანდელაკი

საქართველოში ღრმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ ნეგატიური გავლენა იქონია თვითმმართველობის სისტემის ფუნქციონირებაზე და უფრო ნათლად გამოკვეთა ის პრობლემები, რაც მუნიციპალურ დონეზე აქამდეც არსებობდა. ამის ნათელი მაგალითია 2021 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები სრულად იგნორირებული იყო როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მიუხედავად მოლოდინისა, რომ მრავალპარტიული წარმომდგენლობითი ორგანოს არჩევა  ხელს შეუწყობდა პოლიტიკური  პროცესების სტაბილიზაციას, არჩევნების დასრულების შემდეგაც კი შეუძლებელი გახდა მუნიციპალიტეტების სრულფასოვნად მუშაობის დაწყება.

ამასთან, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ კიდევ უფრო გაამწვავა საქართველოში მანამდე არსებული ინსტიტუციური და დემოკრატიული პრობლემები, როგორიცაა ცენტრალიზებული თვითმმართველობა, ადგილობრივი პრიორიტეტების ერთპარტიულად განსაზღვრის მცდელობა, უფლებამოსილებების გადანაწილებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემა. ამ ფონზე მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რა არის ამ პრობლემების არსი და რამდენად სერიოზულად აზიანებს  თვითმმართველობებს პოლიტიკური პოლარიზაცია და ადგილობრივი პრობლემების უგულვებელყოფა პოლიტიკური აქტორების მხრიდან.

 

მმართველი პარტია ახალი საკრებულოების პირისპირ: რეალობის შეფასება

თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველობების კონტროლის ამბიცია, რაც პრობლემაა სახელმწიფოს სრულფასოვანი განვითარების გზაზე. მმართველი პარტია კიდევ მეტ ბერკეტს იძენს ადმინისტრაციული რესურსების საკონტროლებლად ქვეყნის მასშტაბით და იმ ფონზე, როდესაც ცენტრზე დამოკიდებულება დიდია, მმართველი პარტიის ეს ამბიციები კიდევ უფრო ამცირებს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობებს.  ეს კი ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის დიდი გამოწვევაა.  თვითმმართველობების ცენტრზე დამოკიდებულების ერთ-ერთი საილუსტრაციო მაგალითია პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის განცხადება იმაზე,  რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს რომც გაემარჯვა, ისინი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებდნენ. მისმა ასეთმა რიტორიკამ ნათელი გახადა თვითმმართველობისადმი და  დეცენტრალიზაციის პრინციპისადმი მისი და ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება. საგულისხმოა, რომ განსაკუთრებით ბიუჯეტირების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებების როლი მწირია, ისინი მეტწილად დამოკიდებულები არიან ცენტრალურ მთავრობაზე და  შედეგად შეზღუდულია მათი დამოუკიდებელი მუშაობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, პრემიერის განცხადება ოპოზიციის რეგიონულ მუნიციპალიტეტებში გამარჯვების შემთხვევაში, მათი დამოუკიდებლად მუშაობის შეუძლებლობის შესახებ აზრს მოკლებული არ ყოფილა. თუმცა, საკრებულოებს ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებიდან დაგეგმვის და განკარგვის საშუალებაც აქვთ, ამიტომ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთ ქალაქში გამარჯვება ბიუჯეტირებაზე ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას  უქმნიდა საფრთხეს. მუნიციპალური ბიუჯეტისა და პროექტების ცენტრალიზებულად განაწილება-მართვის გამოწვევას, არჩევნების შემდეგ მისი სხვა თანმდევი პრობლემებიც მოჰყვა. მაგალითად ის რომ რიგ საკრებულოებში ძველი შემადგენლობებით ეცადნენ 2021 წლის ნოემბერში 2022 წლის საკრებულოების ბიუჯეტების დამტკიცებას, რაც ზოგიერთი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში მოახერხეს კიდეც.  ამგვარი პროცესები იწვევს მწვავე დაპირისპირებებს და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც თბილისში, ისე რეგიონული მასშტაბითაც, რაც უფრო ძნელს ხდის პოლარიზაციასთან ბრძოლას, რაც უპირველეს დაბრკოლებად მიიჩნევა დღეს საქართველოს დემოკრატიზაციის და შიდა კრიზისების მოგვარების მიმართულებით.

რეგიონულ დონეზე, პოლარიზაციამ განსაკუთრებით ორ ქალაქში, ბათუმისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჰპოვა ნეგატიური გამოვლინება.  ეს სწორედ  ის მუნიციპალიტეტებია, სადაც მეორე ტურების გამართვის შემდეგაც კი საკამათო გახდა მმართველი პარტიის გამარჯვების ლეგიტიმაციის საკითხი. თუმცა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების მიხედვით საკრებულოს არჩევნებში ბათუმში „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“  1.41%-ით, ხოლო მერის არჩევნებში 2.04%-ით მეტი ხმა აიღო ვიდრე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.“ რაც შეეხება, ზუგდიდის შემთხვევას, მერის არჩევნებში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატების მხარდაჭერას შორის ძალიან მცირე სხვაობა იყო, რის გამოც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები. კერძოდ, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ 3.26%-ით მეტი ხმა მიიღო ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ანზორ მელიამ. ხოლო საკრებულოს არჩევნებში უპირატესობა 3.08%-ით ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა.

დიაგრამა 1-2

წყარო: ცესკოს ოფიციალური მონაცემები. ბოლო განახლება: 2021-11-13 11:32:5. ხელმისაწვდომია აქ: https://elections.1tv.ge/

 

ამ შედეგების ფონზე, მმართველმა პარტიამ განსაკუთრებული ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ ბიუჯეტირების პროცესში ახლადარჩეული საკრებულოები არ ჩაერთო და წინასწარ გაწერილი 2022 წლის ფინანსური გეგმა ძველი საკრებულოების შემადგენლობით ნოემბრის ბოლოს დაემტკიცებინა, რისი აუცილებლობაც რეალურად არ იდგა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს იყო ჩანიშნული და  რეალურად მათაც შეეძლოთ წლის ბოლომდე ახალი ბიუჯეტის დამტკიცების მოსწრება.  ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები წარმოადგენდა ახალი მოწვევის საკრებულოების უპატივცემულობას და მათი დელეგიტიმაციის მცდელობას. გარდა ამისა, ხდება საკრებულოს როგორც სახლმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანო ადგილობრივ დონეზე შედეგიანად ვეღარ ფუნქციონირებს და ეს შედეგი სავალალოა ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ადეკვატურად და მოსახლეობის სასარგებლოდ წარმართვისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმსა და ზუგდიდში მერები მმართველი პარტიის კანდიდატები გახდნენ, ოპოზიციამ საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობის მოპოვება მოახერხა საკრებულოებში. ამგვარად, მათ ამ მანდატებით ადგილობრივ დონეზე ფორმალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტები ჩაიგდეს ხელში. თუმცა ოპოზიცია, ისევე, როგორც მმართველი პარტია, თავიანთი ამომრჩევლის პატივისცემის ნიშნად კონსტრუქციულ გარემოში მუშაობის დაწყების ნაცვლად, ორპარტიული შუღლისა და დაპირისპირების გაღრმავებას უწყობს ხელს.. ასევე აშკარაა, რომ საკრებულოებში არჩეულ დეპუტატებს თავიანთი მანდატების სრულფასოვნად გამოყენების საშუალება არ ეძლევათ. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ დაპირისპირებული დომინანტი პარტიები არ იღებენ საკმარის ძალისხმევას კონსენსუსის მისაღწევად, რათა დროულად მოხდეს თანამდებობების გადანაწილება და საკრებულოების სტრუქტურის ნორმატიულ დონეზე გამართვა დეპუტატების უფლებამოსილებების ფორმალურად გამოსაყენებლად. ამის გამო საკრებულოების მუშაობა, უმეტესწილად, შეფერხებებით მიმდინარეობს, ხოლო, ზოგ შემთხვევაში, თვითმმართველობების მუშაობა სრულად პარალიზებულია.

 

შეუმდგარი საკრებულოები როგორც პრობლემა

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შეუთანხმებლობის გამო საკრებულოები სრულად ჯერაც არ არის დაკომპლექტებული. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. გადამწყვეტი ხმა თითქმის ყველა საკრებულოში გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს აქვთ, რადგან 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა ამ პარტიამ მიიღო. აქედან გამომდინარე, მათთან მოლაპარაკება, ან მათი გადაბირება ოპოზიციისთვისაც და მმართველი პარტიისთვისაც ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცა. ამ მდგომარეობას პარტია „საქართველოსთვის“ თავის სასარგებლოდაც იყენებს და არაერთ ქალაქში (მაგ. ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, რუსთავში, ზუგდიდი და ა.შ.) სწორედ მათი კანდიდატები აირჩიეს საკრებულოს თავჯდომარეებად ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად. ეს ერთი მხრივ შესაძლოა პოზიტიურ ნაბიჯადაც იქნეს მიჩვეული ორპარტიული პარადიგმის გარღვევის ჭრილში.

თვითმმართველობის გაუმართაობისა და უკიდურესი პოლარიზების ერთ-ერთი მთავარი საილუსტრაციო მაგალითია ბათუმის საკრებულო. პრობლემა იქ რამდენიმე შრეზეა გამოკვეთილი, ერთი მხრივ ოპოზიცია ვერ ახერხებს თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სხდომის მოწვევას, რადგან კვორუმი არ დგება. მეორე მხრივ გახარიას პარტიის 3 არჩეული წევრიდან, ერთ-ერთმა პარტია დატოვა, მეორემ საკრებულო, რომელიც მალევე ჩაანაცვლეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც ოპოზიციის მტკიცებით მმართველი პარტია გადაბირებას უპირებდა გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან ამ პირზე ზეწოლას და მისი გადაბირების მცდელობას უკავშირებს, რაც გამოძიების საგანია. სანამ გარდაცვლილი დეპუტატის ადგილის შესავსებად 2 აპრილს ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, საკრებულოს თავჯდომარეს ვერ აირჩევენ და ფაქტობრივად საკრებულო თვეების მანძილზე უფუნქციოდაა დარჩენილი. სხვა მრავალ შემთხვევას შორის, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, თუ რამდენად აღემატება ვიწრო პარტიული ინტერესები საზოგადოებრივ ინტერესებს. დასაფიქრებელია, რომ იმ  მუნიციპალიტეტებში, სადაც მმართველი პარტია და წამყვანი ოპოზიციური ძალა თითქმის თანაბრად ინაწილებენ მანდატებს, ვერ ხერხდება თანამდებობის გადანაწილება და საკრებულოების სამუშაო ფაზაში გადაყვანა. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ სადაც უმრავლესობაში მმართველი პარტიაა, საკრებულოს მუშაობა ზედმიწევნით გამართულად მიმდინარეობს. პირველ შემთხვევაში პრობლემა კონსენსუსის მიღწევაა, ხოლო მეორე შემთხვევა პრობლემას იმიტომ წარმოადგენს, რომ გადაწყვეტილებები არადემოკრატიულად, ყოველგვარი საზოგადოებრივი განხილვების გარეშე მიიღება.

 

ჩაკეტილი თვითმმართველობა

ასეთი დაძაბული სიტუაციის ფონზე, მაშინ როდესაც არჩეული დეპუტატებიც კი ვერ ახერხებენ თვითმმართველობებში მუშაობას, ზედმეტია საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობაში ხალხის ჩართულობის შესაძლებლობებზე. საუკეთესო შემთხვევაში, საკრებულოებისა და შემდგომ სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების მუშაობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული, რადგანაც სამართლებრივად სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობები აძლევენ მოქალაქეებს ადგილობრივი პოლიტიკის შექმნისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის ბერკეტებს. ამის ნაცვლად, თვითმმართველობები ადმინისტრაციულ რესურსად და პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა.

კანონმდებლობის მიხედვით, მოსახლეობას თვითმმართველობაში მონაწილეობის რამდენიმე ბერკეტი გააჩნია, მათ შორისაა საკრებულოს სხდომებზე დასწრება და ანგარიშების მოსმენა, პეტიციების შედგენა, ადგილობრივ მრჩეველთა საბჭოებში ჩართვა და ასე შემდეგ, რაც ახლად არჩეულ მუნიციპალიტეტების შეჩერებული, ან ქაოსური მუშაობის ფონზე შეუძლებელია. ამის პარალელურად, გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოსახლეობაში ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ ნდობა ჩანს, რომ დაბალია. გარდა ამისა, მოსახლეობის დაახლოებით 50% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტსა და თვითმმართველობაში არჩეული მმართველი და ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ასეთი შედეგი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ საზოგადოებაში გაღრმავდა ნიჰილიზმი და უიმედობა, რაც პოლიტიკური ელიტის მოუმწიფებლობის შედეგია. განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ელიტა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებაზე არ არის ორიენტირებული.როგორც ამ ეტაპზე ჩანს, პოლიტიკურმა პოლარიზაციამ კიდევ უფრო უკან დახია თვითმმართველობის სისტემა, რაც აკნინებს თვითმმართველობის იდეას. ნაცვლად ადგილობრივების ჩართულობის ხელშესაწყობად ახალი მექანიზმების დანერგვაზე ზრუნვისა, დღეს მთავარ ამოსავალ წერტილს საკრებულოებშითანამდებობების გადანაწილება და დამტკიცება წარმოადგენს. თვითმმართველობის პრინციპებისადმი ასეთმა უპატივცემულობამ და ადგილობრივების საჭიროებების იგნორირებამ, შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობების დიდი და შეუქცევადი პროტესტები გამოიწვიოს.

 

დასკვნა

პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობს თემატურ და საგნობრივ განხილვას. 2021 წლის საარჩევნო კამპანიის დროს და არც მას შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი შინაარსობრივი კავშირი არ ჰქონიათ ადგილობრივი მნიშვნელობის თემატიკასთან, რაც თვითმმართველობის იდეას და ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას აკნინებს. იმ საკრებულოებში სადაც მანდატები მმართველ და ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა, მეტი პლურალიზმის ხელშეწყობის ნაცვლად, უფრო გაღრმავდა დაპირისპირება და თვითმმართველობების მუშაობა ფაქტობრივად შეფერხებებით მიმდინარეობს. ხოლო იქ სადაც უმრავლესობაში მმართველი პარტიაა, საკრებულოები მუშაობას ერთპარტიული გადაწყვეტილებების ხარჯზე და ოპოზიციური აზრის სრული იგნორირებით ახერხებენ. დაპირისპირების ფონზე დაკარგულია ხალხის ხმა, რაც იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს თვითმმართველობების მამოძრავებელი ძალა. ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის ეფექტიანობა ადგილობრივების ბიუჯეტირების პროცესში, მუნიციპალიტეტებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივების ჩართულობის ხარისხით ფასდება. ეს ყველაფერი კი დღევანდელი თვითმმართველობის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაკლს წარმოადგენს. პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგად, თვითმმართველობაში არათუ მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, არამედ მანდატის მქონდე საკრებულოს წევრების სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფაც კი პრობლემური გახდა. შედეგად იკლებს პოლიტიკური ელიტისადმი ხალხის ნდობა, რაც სამომავლოდ დაბალ ელექტორალურ მხარდაჭერაში შეიძლება გადაიზარდოს. ამის გამო პარტიები იძულებულები გახდებიან პოლიტიკურ დათმობებზე წავიდნენ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ეროვნული, თუ ადგილობრივი ინსტიტუტების როლის დაკნინების ხარჯზე. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულეობში ინტერპარტიული თანამშრომლობა მოხერხდა, ეს კარგი პრეცენდენტი და ტრამპლინი იქნება უფრო ფართო პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის.

, ,