Authors

  • ბიძინა ლებანიძე
  • კორნელი კაკაჩია

    პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

25/06/2019 ბიძინა ლებანიძე

საგარეო პოლიტიკა და საზოგადოებრივი კონტროლი: რა შეუძლიათ და რა არ შეუძლიათ პოლიტიკურ რეჟიმებს საქართველოში

კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე

რუსეთის დუმის წევრის საქართველოს პარლამენტში ხილვით აგორებულმა ანტისამთავრობო პროტესტმა, შეარყია მმართველი “ქართული ოცნების” პარტია და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციუმა გამოყენებამ, კიდევ უფრო მეტად შელახა “ქართული ოცნების” ისედაც შელახული იმიჯი. მიმდინარე მოვლენებმა ასევე ნათლად წარმოაჩინა მთავარი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რადიკალური სახე, რომელმაც პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.

თუმცა, განვითარებული მოვლენების მნიშვნელობა სცდება მხოლოდ ქუჩის პროტესტის ან პარტიული პოლიტიკის საზღვრებს. საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რომ საქართველოში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული და კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა, ქვეყნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის შეუქცევადობა. როგორც ხელისუფლებაში ამჟამად მყოფი, ისე მომავალი მთავრობისთვის, გაკვეთილად იქცა ის, რომ ქართულ საზოგადოებას ვეტოს უფლება აქვს რუსეთთან ნებისმიერი სახის დათმობის საგარეო პოლიტიკაზე. პოლიტიკისა და სერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებისთვის ეს შეიძლება იყოს კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ახერხებენ ნახევრად-დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებები მმართველი რეჟიმების საგარეო პოლიტიკური კურსისთვის გარკვეული საზღვრების დაწესებას და შესაძლო და დაუშვებელი პოლიტიკის განსაზღვრას.

“ქართული ოცნების” წარუმატებელი ექსპერიმენტი

საქართველოს რუსეთთან დაახლოება 2012 წელს სამთავრობო ცვლილებების შემდეგ დაიწყო, როდესაც ქართულმა ოცნებამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენა სცადა. დათბობის პოლიტიკა პრაგმატული და ინტერესებზე მორგებული საგარეო პოლიტიკის სახელით განხორციელდა. პოლიტიკის ცვლილება არ იყო იდეოლოგიური ინტერესებით ნაკარნახევი, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას ძირითადად სოციალ-კონსერვატიული ამომრჩეველი უჭერს მხარს, რომელთა შორის პრორუსული სენტიმენტების მქონე ელექტორატიცაა. პარტია ასევე ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებს პარლამენტში მყოფ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” ზოგიერთი გავლენიანი ჯგუფი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა საქართველოში საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენა მართებული იქნებოდა ეკონომიკური და სოციალური მოტივით. თუმცა, ნებსით თუ უნებლიედ, ქართულმა ოცნებამ საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ დაუახლოვა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას. 

თუმცა, ბოლო დროს მიმდინარე პროტესტმა წერტილი დაუსვა ამ პროცესს. საზოგადოებამ პოლიტიკური პროცესები საკუთარ ხელში აიღო და მთავრობას გაფრთხილება მისცა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დაახლოება მკაცრად ეკონომიკურ და კულტურულ ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს, და რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარების გარეშე  პოლიტიკური დაახლოება, სიმბოლურიც კი, წითელ ხაზს კვეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადრეა ამაზე საუბარი, სახალხო გამოსვლებმა შესაძლოა წერტილი დაუსვას მთავრობის რუსეთთან დაახლოების შვიდწლიან პროექტს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში საზოგადოებას არაფერი აქვს რიგითი რუსების საწინააღმდეგო  და რომ ერთადერთი პრობლემა პოლიტიკური მოსკოვია.

პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა

რუსეთის პერპექტივიდან, ეკონომიკური სტიმულის, როგორც რბილი ძალის ინსტრუმენტის გამოყენებამ კრახი განიცადა საქართველოს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე შეტყუების თვალსაზრისით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კრემლის რიტორიკა ყურადღებას ძირითადად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების აღდგენაზე ამახვილებდა, რაც პოლიტიკურ დონეზე შემდგომი გარღვევის წინაპირობად განიხილებოდა. დაახლოების პოლიტიკის შედეგად, რუსეთი საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქციის, განსაკუთრებით ღვინისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ძირითად ბაზრად იქცა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსი ტურისტების რაოდენობაც. 2018 წელს საქართველოს 1.4 მილიონი რუსი ტურისტი ესტუმრა. ტურიზმი, ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორი, საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს (2018 წელს მშპ-ს 7.6%). ამასთან, საქართველო ჯერ კიდევ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ ფულად გზავნილებზე, რომელიც ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ევროკავშირის შემდეგ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უახლესი ისტორიის, მათ შორის რუსეთის მხრიდან საქართველოზე დაწესებული სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ემბარგოს გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან რუსეთის მხრიდან შესაძლო საპასუხო ნაბიჯების მაღალი ეკონომიკური და სოციალური ფასი. თუმცა, ამან ანტირუსული პროტესტის ტალღა ვერ შეაჩერა. მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რიგითი ქართველისთვის, მიუხედავად იმისა რომ იგი რუსი ტურისტების გაზრდილი რაოდენობითა და ჩრდილოელ მეზობელთან სავაჭრო ურთიერთობებით ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს, პოლიტიკური კავშირების აღდგენა კვლავინდებურად მიუღებელია. ეს იქნება მანამ, სანამ მოსკოვი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს და აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი.

როცა რბილი ძალა არასაკმარისია

უდავოა, რომ რუსეთის რბილი ძალის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთო მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიაა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია – ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია ქვეყანაში – ფორმალურად მხარს უჭერს საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, თუმცა, კვლავ ინარჩუნებს რუსეთთან მჭიდრო კავშირებს. ამასთან, საქართველოს საზოგადოებაში გაბატონებული სოციალ-კონსერვატიული ღირებულებები არ არის თანხვედრაში დასავლურ პროგრესულ ნორმებთან. ეს ფაქტი ზოგიერთი ქართველისთვის რუსეთს უფრო მეტად მიმზიდველს ხდის. საქართველოს ევროსკეპტიკურად განწყობილი პარტიები (რომელთაგან რამდენიმე “ქართული ოცნების” სატელიტ პარტიად მოიაზრება) და სოციალური ჯგუფები ხშირად ამ კულტურული განმახვავებელი ფაქტორებით აპელირებენ. “ქართული ოცნების” ირიბი თანხმობით, ანტიევროპულმა ჯგუფებმა წარმატებით მოაწყვეს ფართომასშტაბიანი გამოსვლა სექსუალური უმცირესობებისა და იმიგრანტების წინააღმდეგ. თუმცა, როდესაც საქმე რუსეთთან პოლიტიკურ დაახლოებას ეხება, ვერც საერთო რელიგია და ვერც პროგრესული ღირებულებების მიმართ წინააღდმეგობა ვერ ფარავს რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნეგატიურ აღქმას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის წევრი, რომლის საქართველოს პარლამენტში ხილვამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია, სწორედ რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი იყო. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საერთო რელიგიურ იდენტობასაც აქვს საზღვრები. მოსკოვის მხრიდან მზარდი გავლენის საფრთხის მიუხედავად, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა შეძლეს განსხვავებების გვერდზე გადადება და საერთო ენაზე საუბარი. ეს ძლიერი გზავნილია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებისთვისაც, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას არ ელოდა.

რუსეთი როგორც ზეპარტიული საკითხი

რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განეკუთვნება იმ მცირე რაოდენობის საკითხთა ჯგუფს, რაც საზოგადოების კონსოლიდაციას ახდენს სხვა მხრივ უაღრესად ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და სოციალური სტრატიფიკაციის ფონზე. ორმა ყველაზე ძლიერმა პარტიამ საქართველოში, მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიამ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, 2012 წლის შემდეგ წარმატებით მოახდინეს საკუთარი მხარდამჭერთა ბირთვის რადიკალიზაცია. ამასთან, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ მძაფრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ – ძირითადი ფაქტორი, რაც “ქართული ოცნების” გამარჯვებას განაპირობებს. თუმცა ბოლო დროინდელმა პროტესტმა აჩვენა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის შელახულმა იმიჯმაც კი ვერ შეაჩერა პროტესტი მთავრობის მიმართ, მას შემდეგ, რაც იგი რუსეთის ინტერესების გამტარებლად იქნა აღქმული. თავის მხრივ,  კიდევ ერთი ანტისამთავრობო პროტესტის ტალღის გავრცელება  არც “ქართული ოცნების” ინტერესებში იყო, რომელიც ბოლო დროს „ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში“ იმყოფება. შესაბამისად, ანტირუსული გამოსვლების შედეგად მთავრობამ თითქოს აღიარა არსებული რეალობა და ყოყმანით დამორჩილდა საზოგადოებრივ წნეხს რუსეთთან მიმართებაში.

კრემლის ძველი სახელმძღვანელო

ბოლო დროს მიმდინარე ანტირუსულმა პროტესტმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაახლოების პოლიტიკას საზღვრები დაუწესა. თუმცა, ამასთან ერთად გაიზარდა უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რისკები საქართველოსთვის, რაც ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ უნდა მართოს. რუსეთის ფრუსტრირებული რეაქცია მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლმა გააცნობიერა საკუთარი რბილი ძალის წარუმატებლობა, რომელმაც საქართველოში რუსეთის ნეგატიური იმიჯის შეცვლა ვერ შეძლო. შესაბამისად, თუკი ისტორიამ რამე გვასწავლა, უნდა ველოდოთ, რომ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შესაძლოა, კრემლის მხრიდან ძალადობრივი მეთოდების დაბრუნება და ეკონომიკური და სოციალური კავშირების გაწყვეტა მოყვეს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ რუსული ავიახაზებისთვის რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა შესაძლოა ამის პირველი ინდიკატორი იყოს. საქართველოს მთავრობამ შესაძლოა მალე აღმოაჩინოს, რომ ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდა წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რაც როგორც მოსკოვთან, ისე საკუთარ ხალხთან დამოკიდებულებაში სიფთხილის არარსებობაზე მიანიშნებს.

კორნელი კაკაჩია –საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი
ბიძინა ლებანიძე –საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

, , , , , , , , , , , , ,