14/10/2021 keta

პროფესიული განათლების უპირატესობები – დასაქმების რესურსები პროფესიულ სასწავლებლებში

ეკა მგელაძე
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება”  წევრის, ეკა მგელაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პროფესიული განათლება საქართველოში პოპულარული არ არის. მოსწავლეების უმეტესობა უპირატესობას უმაღლეს განათლებას ანიჭებს. მაშინ, როცა შრომის ბაზარზე სახელობო პროფესიებით დასაქმების შესაძლებლობა უფრო მაღალია, ვიდრე უმაღლესის დიპლომით. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისათვის შემდგომი სწავლის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს ქმნის, არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოკლევადიანი, უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველებთან შედარებით პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი გაცილებით დაბალია. პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებთან შედარებით პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებს დასაქმების უფრო ნაკლები შანსი აქვთ.

ბლოგში განხილულია პროფესიული განათლების პოლიტიკა საქართველოში, მიღწევები და გამოწვევები, გაანალიზებულია, თუ რა უნდა გაკეთდეს  სტუდენტების ან სწავლის მსურველთათვის, რომ პროფესიული განათლება ისეთივე საინტერესო გახდეს, როგორიც  უმაღლეს განათლება.

 

რა არის პროფესიული განათლება?

პროფესიული განათლება არის სახელობო განათლება, რომელიც ადამიანს ვაჭრობის, ხელოსნობისა, თუ ტექნიკური ტიპის, ასევე სხვადასხვა სფეროში დამხმარე სამუშაოების შესასრულებლად ამზადებს.

პროფესიული განათლება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მიღება შესაძლებელია საშუალო, საშუალოს შემდგომ და უმაღლეს სასწავლებლებში. იგი ამზადებს განათლებულ და მოქნილ მუშახელს, რომელსაც უმაღლეს განათლებასთან შედარებით, უფრო კარგად შეუძლია შრომითი ბაზრის არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავება. პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სერიოზული კონკურენცია გაუწიონ შრომით ბაზარზე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რაც ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის  აუცილებელი პირობაა.

სტუდენტებისა და მშობლებისთვის უმაღლესი განათლება უფრო მიმზიდველი არჩევანია, ვიდრე პროფესიული, რადგან საზოგადოების ერთ ნაწილს  პროფესიული კოლეჯები წარუმატებელი მოსწავლეების თავშესაფრად წარმოუდგენია, რაც ბავშვების თვალსაწიერში პროფესიული განათლების მნიშვნელობას აკნინებს. როდესაც კოლეჯი ახერხებს იმას, რომ თანამედროვე ლაბორატორიები დაამონტაჟოს, ფაბლაბები შექმნას, ის ვერ იქნება “ცუდი” მოსწავლეების ადგილი.  პროფსასწავლებლები პრაგმატული ადამიანებისთვის არსებობს, რომელთაც სურთ სწავლა მოკლე დროში დაასრულონ და დასაქმდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლება უმაღლეს განათლებას უნდა დაუპირისპირდეს. პროფესიულ განათლებას თავისი ადგილი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ უმაღლეს განათლებაში ადამიანი პროფესიული განათლების გავლით მივიდეს, ჯერ პრაქტიკულ პროფესიას დაეუფლოს და შემდგომ, სურვილის მიხედვით, აკადემიური მიმართულებით, უმაღლესში ჩააბაროს, ან პირიქით ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დაეუფლოს ახალ პროფესიას. 

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, პროფესიულ სასწავლებლებში მიღებულ სტუდენტთა რაოდენობა 18.5 პროცენტით შემცირდა და სულ 9 399 შეადგინა. პროგრამების მიხედვით კი, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – 12.4 %;
    ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა – 20,8 %;ინჟინერია, წარმოება, მშენებლობა – 20,4 %;
    ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი – 14,8 %;
    მომსახურებები – 18,1%;
  • სხვა- 13,5 %;.

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთაგან  50% კაცი და 50% ქალია.

დიაგრამა 1: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობა 2020 წელს, %.

კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ჯანდაცვის (23.3%), ინჟინერიის (14.0%) და ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (13.5%)  

დიაგრამა 2: ჩარიცხული სტუდენტების განაწილება პროგრამების მიხედვით 2020 წელს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (10,2020), ჩამოტვირთულია ლინკიდან (ჩამოტვირთვის თარიღი: 13 ოქტომბერი 2020).

საქსტატის მონაცემებითვე, 2020 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 92 საგანმანათლებლო დაწესებულება (აქედან 40 საჯარო, ხოლო 52 კერძო) ფუნქციონირებდა, რომლებიც ახორციელებდნენ სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ბოლო წლებში, გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა,  სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. დაარსდა ახალი კოლეჯები, განახლდა კოლეჯების სასწავლო კორპუსები და ინფრასტრუქტურა ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ადაპტირდა შშმ პირებისათვის. ეროვნულ უმცირესობებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიული ტესტირება მშობლიურ ენაზე ჩააბარონ. დაიწყო მოკლევადიანი პროფესიული კურსების განხორციელება სამუშაოს მაძიებელთათვის, მსჯავრდებულთა და ყოფილი პატიმრებისთვის.

პროფესიულ კოლეჯებს გაფორმებული აქვთ მემორანდუმები პოტენციურ დამსაქმებლებთან. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები სწავლის გარკვეულ ნაწილს გადიან უშუალოდ სამუშაო ადგილზე. მაგალითად, გიდი-ტურისტულ კომპანიაში, მზარეული – რესტორანში, სტილისტი – სილამაზის სალონში და ა.შ. შესაბამისად, სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტს აქვს პროფესიული დიპლომიც და პრაქტიკული გამოცდილებაც, რასაც ასე ხშირად ითხოვენ დამსაქმებლები. სამუშაო ადგილზე სწავლება და ბიზნესის პროცესში ჩართულობა  ნამდვილად ზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია, კოლეჯებში კონტიგენტის სიმცირეს უჩივიან, ან რომელიმე ერთ კონკრეტულ კურსზეა დიდი მოთხოვნა, მაგალითად, კულინარიის კურსებზე, რაც ალბათ ქვეყანაში კულინარიული შოუების პოპულარობამ განაპირობა. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პროფესიული განათლების, სხვადასხვა პროფესიების პოპულარიზაცია სატელევიზიო შოუებისა და სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენითაცაა შესაძლებელი.

პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში

საქართველოში ბოლო მონაცემებით სულ 66 ავტორიზებული, სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლებელია, 69 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 27-ში არის პროფესიული კოლეჯი. სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას ყველა სდუტენტისთვის. 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს, ასაკის შეუზღუდავად შესაძლებლობა აქვს უფასოდ დაეუფლოს ახალ პროფესიას ან არსებული ცოდნა გაიღრმავოს.

პროფესიულ სასწავლებლებში აპლიკანტებს პროფესიული კონსულტანტი ეხმარება სასურველი პროფესიის არჩევაში, აცნობს დეტალურ ინფორმაციას პროგრამების, მათი ხანგრძლივობის, სახელმწიფო დაფინანსებისა და ჩარიცხვის პირობების შესახებ.

პროფესიული გადამზადების კურსები დაფუძნებულია მოდულურ სწავლებაზე. მოდული კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საჭირო ცოდნასა და უნარებს აერთიანებს. ის კონკრეტული კომპეტენციების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. მოდულური სწავლების 40%-ზე მეტი პრაქტიკაზე მოდის. მისი უპირატესობაა სხვადასხვა ობიექტზე პრაქტიკული საქმიანობის შესაძლებლობა.

ამ ეტაპზე, საქართველოში მიმდინარეობს პროფესიული განათლების განახლების პროცესი, რომლის მიზანია პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესება, პუბლიკის ინფორმირება და პროფესიული განათლების კვალიფიკაციების პოპულარიზება.

სტრატეგია არის მრავალკომპონენტიანი და რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს სასწავლებლების ინვენტარიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განვითარება. გაუმჯობესდა საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი და გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსხვილ დამსაქმებლებთან. მედიაში გავრცელებულ სიუჟეტებში გაჟღერდა, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა. ამ პრიორიტეტის მიხედვით, ყველა რეგიონში მინუმუმ ერთი პროფესიული სასწავლებლის ფუნქციონირებაა აუცილებელი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პროფესულ სასწავლებლებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. სამწუხაროდ, კოლეჯებს  არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი პიარ კამპანიისთვის, უფრო მეტი საიმიჯო ფილმების გასაკეთებლად, სარეკლამო ბუკლეტებისთვის, ფლაერებისთვის. ამასთან, საბჭოეთიდან ტრადიციად მოგვდევს  დამაკნინებელი მოსაზრება, რომ პროფსასწავლებლებში  მხოლოდ „ცუდი“ მოსწავლეები სწავლობენ, ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს სისტემის იმიჯზე. ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს. სკოლის პედაგოგები უნდა ჩაერთონ პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლებაში, მათ უნდა ჰქონდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია. 

პროფესიული სასწავლებლების უპირატესობები და გამოწვევები

ჩვენს საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული  პროფესიული განათლების უპირატესობები.  აბიტურიენტების  უმრავლესობა პროფესიის არჩევის დროს არაინფორმირებულ გადაწყვეტილებას იღებს, რაზეც გავლენას ახდენენ სხვა პირები, განსაკუთრებით კი მშობლები. უმაღლესი განათლება, უმეტესობას სჭირდება სოციალური სტატუსის ასამაღლებლად, საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. პროფესიული განათლება კი ზოგად და უმაღლეს განათლებასთან შედარებით მეორეხარისხოვან ალტერნატივად განიხილება.

დღევანდელი ქართული პროფესიული განათლების სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, – უზრუნველყოს მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომობა, მოიზიდოს და დააინტერესოს პროფესიული გადამზადების მსურველები, მოამზადოს კვალიფიციური კადრები. პროფესიული განათლების სისტემამ სტუდენტებს აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ყველა ეტაპზე: სწავლის დაწყებამდე, სწავლის პროცესში და სწავლის დასრულების შემდეგაც.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, პროფესიული განათლების სისტემის შესახებ მწირი ინფორმაცია მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან, ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება,  პროფესიული განათლების სისტემის გაფართოების თვალსაზრისით. ვერ ხდება აპლიკანტების მოზიდვა სკოლების საბაზო საფეხურებიდან. ამიტომ მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სტატუსისა და იმიჯის გაუმჯობესება. პროფესიული განათლება უნდა გახდეს პირის კარიერული განვითარების რეალური, პრესტიჟული და ღირებული გზა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის სრულყოფის, მოქნილობისა და მიმზიდველობის გაზრდის თვალსაზრისით საჭიროა პროფესიული განათლება განიხილებოდეს, როგორც განათლების ერთიანი სისტემის ნაწილი და არა როგორც განათლების სისტემიდან მოწყვეტილი, განცალკევებული სფერო.  

პროფესიული განათლების მიმზიდველობის გასაზრდელად მუშაობა რამდენიმე მიმართულებით უნდა წარიმართოს როგორიცაა: პროფესიული სტუდენტების წარმატებით დასაქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლების კამპანიების მოწყობა პროფესიული განათლების პერსპექტივებისა და უპირატესობის შესახებ. ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მიზანი უნდა იყოს როგორც სამიზნე ჯგუფების ინფორმირება, ასევე პროფესიული განათლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა. იმ სარგებლიანობის შესახებ ინფორმირება, რომელიც პროფესიულ განათლებას შეუძლია მოუტანოს საზოგადოების ნებისმიერ წევრს, განურჩევლად მისი სტატუსის თუ შესაძლებლობისა.

პროფესიულ განათლებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება და მათი დაინტერესება უფრო მიმზიდველს გახდის პროფესიულ განათლებას, რეკლამას გაუკეთებს მის სარგებელს, რაც გულისხმობს გაზრდილ დასაქმებას, სარგებელს ზოგადად დამსაქმებლებისთვის და პოტენციური სტუდენტებისთვის.

, ,