20/01/2022 keta

რატომ ვერ იყენებენ ქართული უნივერსიტეტები კურსდამთავრებულთა ქსელის რესურსს?

მარიამ ლაზარაშვილი

კურსდამთავრებულთა ქსელი არის საუკეთესო საშუალება უნივერსიტეტსა და ყოფილ სტუდენტებს შორის მყარი და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. მისი ძირითადი მისიაა კურსდამთავრებულთა ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და ამ მიზნით ეფექტური საქმიანობის წარმართვა. საქართველოში აღნიშნული სისტემა ნაკლებად არის პოპულარული, თუმცა ის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მრავალი სასარგებლო საქმის განხორციელების საშუალებას იძლევა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანაში უნივერსიტეტებსა და ყოფილ სტუდენტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, გონივრული იქნება, უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა ეფექტიანად გამოიყენონ ის რესურსი, რასაც  მძლავრი ქსელები ქმნის და მათი მეშვეობით მოახდინონ კურსდამთავრებულების საუნივერსიტეტო საქმიანობაში თანამონაწილეობა. ამ გზით ისინი იზრუნებენ, როგორც ყოფილი და მოქმედი სტუდენტების განვითარებაზე, ასევე კურსდამთავრებულთა მხრიდან უნივერსიტეტის, როგორც მოწინავე და წარმატებული ინსტიტუციის გაძლიერებაზე.

  1. კურსდამთავრებულთა ქსელების მნიშვნელობა კურსდამთავრებულებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სტუდენტებისთვის

საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კურსდამთავრებულებისთვის ქსელები ქმნის ინფორმაციის მიწოდების არაჩვეულებრივ სისტემას, აცნობს მათ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს, დაგეგმილ ღონისძიებებს და სიახლეებს. საუნივერესიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით ისინი კავშირს ინარჩუნებენ იმ სოციუმთან, რომელთანაც სტუდენტობისას ჰქონდათ ურთიერთობა და ამყარებენ ახალ კონტაქტებს საერთო ინტერესების მქონე პირებთან. მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე 500-ზე მეტი ჯგუფი, კლუბი და გაერთიანება არის შექმნილი, რაც საშუალებას აძლევს  კურსდამთავრებულს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიოს და შეუერთდეს მისთვის სასურველ გაერთიანებას. მსგავსი ჯგუფები მნიშვნელოვანია კარიერული მხარდაჭერის თვალსაზრისითაც. პროფესიული გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებით ჩნდება ბევრი ახალი კარიერული პერსპექტივა და შესაძლებლობა, იზრდება განვითარების და დასაქმების შანსები. ჯგუფები ხშირად ურთიერთობენ ბიზნეს სექტორთან, იღებენ მათგან რეალური დასაქმების შეთავაზებებს, ასევე სარგებლობენ შეღავათებით და ფასდაკლებებით მათ მიერ მიწოდებულ სერვისებზე. მაგალითად, არიზონას და ვაშინგტონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებით ავტო დაზღვევაზე, ჯანმრთელობის დაზღვევაზე, სატელეფონო სერვისსა და კომპიუტერებზე, მუზეუმის ბილეთებზე, საკვებსა და ტანსაცმელზე, რაც წახალისების არაჩვეულებრივ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ.  გარდა ამერიკული უნივერიტეტებისა, მსგავსი სახის შეთავაზებებით სარგებლობენ ევროპის ბევრი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. მაგალითად,  ბრისტოლის უნივერსიტეტი თავის კურსდამთავრებულებს სთავაზობს ფინანსურ შეღავათს შემდგომ საგანმანათლებლო საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად, ასევე, მუდმივ უფასო წვდომას ბიბლიოთეკასა და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებზე.

მძლავრი ქსელების არსებობა მნიშვნელოვანია თავად უნივერსიტეტისთვისაც. უნივერსიტეტისთვის ეს ერთ-ერთი გზაა, კონკურენცია გაუწიოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სახელის პოპულარიზაციას. ამ მხრივ, კურსდამთავრებულებს, როგორც უნივერსიტეტის ერთგულ მხარდამჭერებს და ელჩებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ ფასდაუდებელი მარკეტინგი და აწარმოონ დაწესებულების პოპულარიზაციისკენ მიმართული საქმიანობა, როგორც პირად, ასევე, პროფესიულ ქსელებში. წარმატებული კურსდამთავრებულების უნარები, გამოცდილება, კონტაქტები ხშირად დადებითად აისახება უნივერსიტეტის განვითარებასა და სტუდენტების მოტივაციაზეც. რაც მეტ წარმატებულ პროფესიონალ კადრს მოამზადებს დაწესებულება, იზრდება მისი იმიჯიც. ზოგიერთი ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია გაწევრიანებულ პირებს  პროფესიული განვითარების პროგრამებსაც სთავაზობს.  ასევე, არსებობს პრაქტიკა, როდესაც ისინი ერთვებიან თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში და თავისი წვლილი შეაქვთ მათი განვითარების საქმეში, ამავდროულად ხელს უწყობენ ურთიერთობის  გაძლიერებას საგანმანათლებლო პროგრამასა და დამსაქმებლებს შორის. საერთშორისო გამოცდილებით კურსდამთავრებულები ასევე გვევლინებიან დონორებად, რომლებიც მზად არიან ფინანსურად, ან საჭირო რესურსებით დაეხმარონ დაწესებულებას.

კურსდამთავრებულები ხშირად მენტორების სტატუსით ერთვებიან სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამებში და პროაქტიულად უწევენ დახმარებას აკადემიური მიმართულებით. ამასთან, წარმოადგენენ შთაგონების წყაროს, აძლევენ ღირებულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კარიერის დაგეგმვაში, აკადემიური ცოდნის, უნარებისა და დასაქმებასთან დაკავშირებული მიზნების ერთმანეთთან დაკავშირებაში, აწვდიან ინფორმაციას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ, რთავენ სტუდენტებს პროექტებში, ადვოკატირებას უწევენ დასაქმების სექტორში პოზიტიურ ცვლილებებსა და კურსდამთავრებულთა პრაქტიკის გაუმჯობესებას. რეალურად, მათ ხელეწიფებათ პროდუქტიული გარემოს შექმნა, ახალი თაობის მოტივირება, ახალი, საინტერესო პროექტების ორგანიზატორობა და ახალი თაობის პროგრესზე ორიენტირებული ქმედებების განხორციელება.

  1. საქართველოს გამოცდილება

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არ არსებობს კანონით რეგულირებული ცალკე სტრუქტურა, რომლიც კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებს განსაზღვრავს, ამიტომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ საქმიანობას ძირითადად დაწესებულებების სხვა სტრუქტურული ერთეულები ახორციელებენ. ერთ-ერთი უნივერისტეტის წარმომადგენელმა საუბრისას აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი, ღონისძიება და აქტივობა, რომელიც სტუდენტებისთვის იგეგმება, ასევე  ითვალისწინებს კურსდამთავრებულების მონაწილეობასაც, ხოლო მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გამოკითხვებისა და პროექტების დროს, ასევე, მონაცემთა ბაზების განახლების მიზნით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უკავშირდება კურსდამთავრებულებს და ამ გზით ამყარებენ მათთან კავშირს. თუმცა, აშკარაა, რომ კომუნიკაციის ეს სახე ფორმალური ხასიათისაა და  ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ნაკლებად ეფექტიანია.

ზოგიერთი უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია კურსდამთავრებულთა კლუბების და ასოციაციების არსებობის შესახებ – გაწერილი მიზნებით და ამოცანებით, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას ხელი შუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას საუნივერსიტეტო პროცესებში, თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ეს გაერთიანებები დაბალი ქმედითობით ხასიათდება, რადგან სირთულეს წარმოადგენს მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ეს კი ცალსახად მიუთითებს ქსელების მუშაობის დაბალ ხარისხსა და გაუმართაობაზე. ასევე, თითქმის არც ერთი უნივერსიტეტის ბაზაზე არ მოიძებნება ონლაინ სივრცე, სადაც ისინი კურსდამთავრებულების მობილიზებას შეძლებენ. სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა უნივერსიტეტები არ ინტერესდებიან საკუთარი კურსდამთავრებულების ბედით, ან თავად კურსდამთავრებულები აღარ იჩენენ ინიციატივას ჩაერთონ მათ მიერ შეთავაზებულ აქტივობებში. ასეთ პირობებში კავშირის წყვეტა ცალსახად უარყოფითად აისახება ორივე მხარეზე და ის დაფარული რესურსი, რომლის გამოყენებაც კურსდამთავრებულებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასარგებლოდ შეუძლიათ, ფაქტობრივად აუთვისებელი რჩება. ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა უნივერისტეტის 50-მდე სტუდენტის მონაწილეობით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მათ  უმეტესობას (დაახლოებით 80%) აღარ აქვს ურთიერთობა უნივერსიტეტთან, მაგრამ ამავდროულად მათ ნაწილს სურვილი აქვთ კვლავაც ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ დაწესებულების მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში. ამგვარი მოცემულობა ცხადყოფს, რომ საჭიროა სწორი ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულების თანაშრომლობას სამომავლო ურთიერთობის ჭრილში.

  1. რა შეიძლება გაკეთდეს მძლავრი ქსელების შესაქმნელად?

იმისათვის, რომ კურსდამთავრებულებს, სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული კავშირები ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანია, ქართულმა უნივერსიტეტებმა ხელი შეუწყონ კურსდამთავრებულთა მძლავრი ქსელების შექმნას. სასურველია, რომ ეს განახორციელონ ოფიციალური ორგანიზაციული სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით, ან გამოიყენონ არაფორმალური, მაგრამ ქმედითი გზები. ამ მხრივ, საინტერესოა საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და გაზიარება, რასაც მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

მძლავრი ქსელების არსებობისთვის აუცილებელია ორმხრივი თანამშრომლობა, ამიტომ სტუდენტებს, როგორც მომავალ კურსდამთავრებულებს, ადრეულ პერიოდშივე უნდა მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია იმ რესურსის და მოსალოდნელი სარგებელის შესახებ, რასაც ქსელები იძლევა. ამ გზით მათ აუმაღლდებათ სურვილი და მოტივაცია – მომავალში ჩამოყალიბდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოების აქტიურ წევრებად. მეტი დაინტერესებისთვის შედეგიანი იქნება  წახალისების პრაქტიკის დანერგვა, კერძოდ, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბენეფიტების შეთავაზება, რაც შეიძლება მოიცავდეს ფინანსურ შეღავათს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისთვის, ან კერძო სექტორთან თანამშროლობით მიღებულ დამატებით სარგებელს. კურსდამთავრებულთა სოციალური და პროფესიონალური წრის გაფართოების მიზნით დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ონლაინ პლატფორმების შექმნა, რაც სწრაფ და იოლ საშუალებას წარმოადგენს საურთიერთობოდ და განსაკუთრებით მოსახრხებელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ქსელების წევრებისთვის. ფუნქციურად გამართულ ონლაინ პლატფორმებზე შესაძლებელია განთავსდეს, როგორც ქსელის წევრთა პირადი ინფორმაცია, ასევე, სხვადასხვა სახის სიახლეები, მათ შორის – ვაკანსიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.  მათ აქ საშუალება მიეცემათ ერთმანეთს საკუთარი წარმატების ისტორიები გაუზიარონ და გამოაქვეყნონ ბლოგები. ონლაინ პლატფორმებთან ერთად აუცილებელია ფიზიკური სივრცეების მოწყობა, სადაც მოხდება კურსდამთავრებულების შეკრება და მათ ინტერესებზე მორგებული ღონისძიებების განხორციელება. დაგეგმილი ღონისძიებების და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად გავრცელებით, უნივერსიტეტებმა უნდა შეძლონ  კურსდამთავრებულების დაინტერესება და მათი ჩართულობით ახალი იდეების პოპულარიზაცია.

საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს კურსდამთავრებულთა მხარდაჭერა მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის განმტკიცებისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში წარმატების მიღწევის მიზნით. ასევე, მათთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს კავშირების დამყარება და განმტკიცება იმ ორგანიზაციებთან და წარმოება-დაწესებულებთან, სადაც  კურსდამთავრებულები საქმიანობენ. განვითარებადი ინოვაციები სწორედ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მსგავსი კავშირების მობილიზებისთვის.  სწორი მოდელების გამოყენებით უმაღლეს დაწესებულებებს შეუძლიათ კურსდამთავრებულთა განათლების ქსელურ მოდელში ჩართვის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ მათი კარიერული უნარებისა და პროფესიული კავშირების განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას და კურსდამთავრებულთა ქსელური მოდელის საზოგადოებრივი აღიარების პერსპექტივას ქმნის.

, ,