06/08/2021 keta

რა უშლის ხელს ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობას საქართველოში?

ნინო ქავთარაძე
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა” წევრის, ნინო ქავთარაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

ხშირადაა საუბარი იმაზე, რომ ქართული პოლიტიკა დაბერდა და მას ახალი სისხლი, ახალი სახეები ჭირდება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი, მეტ-ნაკლები წარმატებით ამ საკითხის წინ წამოწევას ცდილობს, 2020 წლის არჩევნებიც ამის ნათელი მაგალითია. რამდენიმე პოლიტიკური პარტია მრავალფეროვანი გამოცდილებისა და პროფესიის მქონე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდა. თუმცა, ლიდერთა რიგებში უმეტესწილად ისევ ძველი, კარგად ნაცნობი სახეები რჩებიან და ახალგაზრდები ძირითადად ე.წ. ახალგაზრდულ ფრთაში, ან მრჩეველთა საბჭოებში ერთიანდებიან. ცხადია, პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა, თავისთავად პოზიტიურ მოვლენად უნდა შეფასდეს, მიუხედავად ამისა ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელი დაბალია.

რა უშლის ხელს ახალგაზრდების პოლიტიკურ ჩართულობას საქართველოში? დასაწყისშივე უნდა განიმარტოს, რომ კონკრეტული პარტიის დაკომპლექტება ახალგაზრდებით, სულაც არ ნიშნავს, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის მაჩვენებელს ზრდას. ეს კომპლექსური და სენსიტიური საკითხია, რაც ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველოში ახალგაზრდების დაბალი პოლიტიკური ჩართულობა-პასუხები არაერთგვაროვანია.

ვინ არიან ქართველი ახალგაზრდები?

ახალგაზრდები 14-29 წლამდე ასაკის სუბიექტები არიან, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებსა თუ ქალაქში ცხოვრობენ. დემოკრატიული სახელმწიფოს სწორი განვითარებისთვის სამოქალაქო აქტივიზმში, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ახალგაზრდობა ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უალტერნატივო პირობას წარმოადგენს. ახალგაზრდობა სწორედ ის ძალაა, რომელიც ხშირად რევოლუციური იდეების, ცვლილებების, თამამი ნაბიჯების მთავარი ინიციატორი და ლოკომოტივია. ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი მუშაობს, ნაწილი სწავლობს, ცხადია არიან ისეთებიც ვინც არც მუშაობს, არც სწავლობს და არ არიან ჩართულნი რაიმე სახის ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო საქმიანობაში და ე.წ. “NEET” კატეგორიას განეკუთვნებიან. 2018 წლის მონაცემებით უმუშევარი, სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური პროცესების მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი ახალგაზრდების რიცხვი 27% შეადგენდა და 15-24 წლამდე სუბიექტებს აერთიანებდა. ეს მაჩვენებელი წლებთან ერთად იზრდება და თითქმის 30 % აღწევს 15-29 წლამდე ახალგაზრდებში. (2019)

დღესდღეობით ხშირად ვსაუბრობთ, რომ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში ერთი და იგივე ახალგაზრდული ჯგუფები აქტიურობენ, ახალგაზრდულ თემებთან დაკავშირებულ პროექტებს ხშირად რამდენიმე კონკრეტული ჯგუფი ახორციელებს, სამოქალაქო აქტივიზმის თუ პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით ხშირ შემთხვევაში იდენტურ სახეებს ვხედავთ. ამ მოცემულობის, როგორც შედეგის შეფასებამდე, ცხადია მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ე.წ. ერთი “ბაბლში” გაერთიანებული ახალგაზრდები ჯერ არასამთავრობო სექტორში იჩენენ თავს,  შემდეგ ასეთივე წარმატებით გადადიან სამთავრობო სექტორში საკუთარი, ან პარტიის პოზიციის გამოსახატად. ეს ქვეყნის ახალგაზრდობის საერთო მოცემულობის იმდენად მცირე ჯგუფია, რომ მათი პოლიტიკური ჩართულობა, მხოლოდ ლოკალურ სახეს იძენს და გლობალური პროცესის – ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის პროგრესირება არ ხდება.  

ადგილობრივი კვლევების ანალიზი პოლიტიკური ჩართულობის კუთხით

საყურადღებო და ნიშანდობლივია საქართველოს მასშტაბით 2016 და 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა 2016 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მნიშვნელოვანი კვლევა „თაობა გარდამავალ პერიოდში“. შედეგების თანახმად ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის დონე მინიმალურია და ის მხოლოდ 6% შეადგენს, პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის მაჩვენებელი 1%-4% შორის მერყეობს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ზოგადად პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ისინი პოლიტიკურ პროცესებში ფაქტობრივად არ ერთვებიან და ცდილობენ მაქსიმალურ დისტანცირებას.

ხუთწლიანი ინტერვალით, 2020 წელს ახალგაზრდობის სააგენტომ ახალგაზრდების საჭიროებები, გამოწვევები, ინტერესები და რესურსები გამოიკვლია. საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში გამოკითხული ახალგაზრდების 34% თქმით სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით ისინი ყოველთვის მზაობას გამოხატავენ და ერთვებიან სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში. 25% პროცენტი თვლის, რომ არ არის აქტიური და ახალგაზრდების 41 % პროცენტი საკუთარ სამოქალაქო აქტივობას მეტ-ნაკლები სიხშირით აფასებს. კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დიდ მუნიციპალიტეტები ახალგაზრდები თავად იღებენ მონაწილეობას ბიუჯეტის დაგეგმვაში, რაც ნაკლებად სარწმუნოა და შესაძლოა, არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ამ დასკვნის გასამყარებელ არგუმენტად საქართველოს რეგიონებში ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელებული ახალგაზრდული პოლიტიკა იძლევა.

დიაგრამა N 1. საქართველის 11 რეგიონში ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით.

წყარო: ახალგაზრდობის სააგენტო. ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესების და რესურსების კვლევა. გაერთიანებული კვლევის შედეგები. 2020.

ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა რეგიონებში

რთული სათქმელია როდის და რა დოზით ახსენდებათ ახალგაზრდები საქართველოში, როდის და რა მიზნით იწერება მუნიციპალიტეტის, ქალაქის სტრატეგიული ხედვა ახალგაზრდებზე ფოკუსირებით, ზოგადად რამდენად არის ამა თუ იმ რეგიონის სტრატეგიული განვითარებისთვის პრიორიტეტი კონკრეტული ახალგაზრდა მისი ინტერესების წინ წამოწევა და გაძლიერება.

ესეც, რომ არა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობას, ციფრული კომპეტენციების ქონის მიუხედავად ინფორმაციის დეფიციტი აქვს, რაც ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდებისათვის საჭირო და სასარგებლო შესაძლებლობებზე წვდომას გულისხმობს. იქნება ეს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა, თუ საინიციატივო ჯგუფების ფორმირება კონკრეტული აქტივობების განსახორციელებლად. ცხადია, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პოზიტიური პრეცედენტების უგულებელყოფაც დაუშვებელია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში მყოფი ახალგაზრდებისათვის ხშირად ყოფითი პრობლემები იმდენად მწვავე და სენსიტიურია, რომ პროტესტის ნაცვლად-შეცვალონ არსებული რეალობა და ადგილობრივი მმართველი ძალა, უკურეაქციას იწვევს: ისინი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობაზე შეგნებულად უარს ამბობენ. ზემოთ აღნიშნული მოსაზრების მყარ არგუმენტად კვლევის შედეგებს ვერ მოვიხმობთ, რადგან საკუთრივ ამ მიმართულებით კვლევა ქვეყნის მასშტაბით, ჯერ არ განხორციელებულა.

ნიჰილიზმი და ქართველი ახალგაზრდობა

საქართველოში ახალგაზრდების ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური ჩართულობის კუთხით ცალსახაა. ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა და შრომით ბაზარზე არსებული გამოწვევები, ნეპოტიზმი და წინასწარგანსაზღვრული შედეგ(ებ)ი, ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდების „გამქრალი ხმები“, და ის რომ ხშირად მათ არავინ უსმენს, პოლიტიკური პარტიების ე.წ. ეიჯისტური მესიჯბოქსი რომელიც უფროსი თაობის ადამიანებისკენაა მიმართული, რამდენიმე წარმატებული ან წარუმატებელი მცდელობა რეალური პროცესის დაწყებისა და ცვლილებების გამოწვევის-ყველა ეს ფაქტორი ერთად და ცალ-ცალკე ახალგაზრდაში, ნიჰილისტური დამოკიდებულების მთელ ჯაჭვს ქმნის.

ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილის პესიმისტური განწყობები და მოლოდინები, უმოქმედობის ტოლფასი ხდება. თუ ნიჰილისტური დამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძებნას დავიწყებთ, კომპლექსურ და სენსიტიურ პრობლემათა ჯაჭვს მივადგებით. სადაც, ერთმანეთს ანაცვლებს ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა, უმუშევრობა, მშობლების აზრის დომინირება, საერთო არასტაბილური ეკონომიკურ-სოციალური ფონი, სივრცის არ არსებობა რეალიზებისთვის, რეგიონისა და დედაქალაქის კონტექსტი-არათანაბარი შესაძლებლობები და სხვ… გამოსავლის ძიება, მხოლოდ ახალგაზრდების პრეროგატივა არაა, ყველა რგოლი, სამთავრობო თუ არასამთავრობო და კერძო სექტორიც , მათ შორის, თანაბარზომიერად უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული.

დასკვნა

ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების არცთუ მცირე რაოდენობა მიეკუთვნება ე.წ. NEET კატეგორიას. მაგრამ, ბოლო რამდენიმე წელია ეს ტენდენცია პოზიტიურად შეიცვალა: ახალგაზრდების უმეტესობა სწავლის პარალელურად დასაქმებას და საკუთარი შემოსავლის მიღებას ცდილობს, ეს ბუნებრივია. მაგრამ, ახალგაზრდების რომელიმე კონკრეტულ პარტიაში მუშაობა, მათთვის უშემოსავლო საქმიანობაა. საწყის ეტაპზე  მათ პარტია არათანაბარუფლებიან წევრებად თვლის, ნაკლებად მნიშვნელოვან, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ საკითხებს სწორედ ახალგაზრდული ფრთის წევრებს „მიანდობენ“ ხოლმე და დაბალი, პოლიტიკური ჩართულობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ აღნიშნული საკითხია.  ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობის წასახალისებლად მნიშვნელოვანია თავად პოლიტიკურ პარტიებში შექიმნას ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები პარტიების ლიდერებისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, რათა მათი ჩართულობის ფორმების შესახებ აპრიორში მოხდეს შეთანხმება.

დღეს, ქვეყანაში  ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობის აუცილებლობაა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს, სწორი ღირებულებების დანერგვის გარანტია. სწორედ ამ საზოგადოებაში რეალიზებული ახალგაზრდები უნდა ქმნიდნენ ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ დღის წესრიგს. კონსტრუქციული და სწორად განსაზღვრული ახალგაზრდული სტრატეგის, ეფექტური იმპლემენტირებით  ახალგაზრდების პოლიტიკური ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიური პროცესების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

 

, , ,