01/06/2020 GIP

როგორ დაამტკიცოს ნატომ საკუთარი სანდოობა და მოაგვაროს “ქართული გამოწვევა”

Author

შალვა ძებისაშვილი

შალვა ძებისაშვილ[1]

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების დისკუსიამ გარკვეულწილად დაკარგა აქტუალობა და აღარ ხვდება ბევრი წამყვანი სახელმწიფოს დღის წესრიგში, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმ პრაქტიკული გზის გაანალიზება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ერთის მხრივ, ალიანსის სანდოობასთან (შეასრულოს დანაპირები) დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და მეორეს მხრივ, საქართველოს მეტი წახალისება საჭირო რეფორმების უკეთ განსახორციელებლად. გაწევრიანების პროცესს, როგორც ცნობილია, ორი მკაფიო მახასიათებელი (პოლიტიკური და სამხედრო) გააჩნია და შესაბამისად, აუცილებლობას არ წარმოადგენს დამატებით ყურადღების გამახვილება ნატოში გაწევრიანების იმ ზოგად მოთხოვნებზე, როგორებიცაა კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა და ბრძოლისუნარიანი თავსებადი შეიარაღებული ძალები. ეს ისედაც ყველასათვის კარგად ცნობილია. თუმცა არსებობს ორი საკმაოდ მივიწყებული თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც დღევანდელ რეალობაში ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან კრიტერიუმებს გამოხატავენ გაწევრიანების ალბათობის გასაზრდელად და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღებით და ცივი გონებით უნდა იქნან განხილული.

პირველი ეხება გაწევრიანების ე.წ. “შესაძლებლობების ფანჯარას”, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების საფუძველზე წარმოიშვა და გააგრძელებს არსებობას მომავალში ამ ურთიერთობების ლოგიკისა კიდევ უფრო გამძაფრების გამო კრემლის მიერ აშკარა მტრული დამოკიდებულების დემონტრირების შენარჩუნების ფონზე ნატოსა და აშშ-ის მიმართ. ხოლო მეორე, გულისხმობს ქართული მხარის უნარს, დაარწმუნოს ალიანსი, როგორც დამოუკიდებელი ბიუროკრატიული ერთეული და ალიანსის წევრები ცალ-ცალკე, საკუთარ მყარ შესაძლებლობაში, რომ (სწორ გზაზე იმყოფება) გახდეს სტაბილური დემოკრატია. აღნიშნული, ცხადია გულისხმობს ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლებას საქართველოს შესაძლებლობებთან დაკავშირებით, დაიცვას საკუთარი თავი, გადარჩეს, როგორც სახელმწიფო, და გააგრძელოს ფუნქციონირება როგორც პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეული მათ შორის, სამხედრო აგრესიის წნეხის ქვეშაც კი. უდავოა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, სტრატეგიულ გათვლებსა და წამყვან დედაქალაქებში გაბატონებულ პოლიტიკურ ატმოსფეროზე. ხსენებული “შესაძლებლობების ფანჯარა” არც საქართველოსთვის არ არის გამონაკლისი და დამოკიდებული იქნება ამ ფაქტორების იღბლიან კომბინაციაზე. თუმცაღა, აუცლებლად უნდა ითქვას, რომ მტრის შეკავებისა და ქვეყნის თავდაცვის დამაჯერებელი შესაძლებლობა, მოსახლეობის დაცვისა და ომისა და კრიზისების პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით უზრუნველყოფის უნარი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აღნიშნული “ფანჯრის” წარმოქმნას. ყოველივე ეს კი საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივას გაცილებით უფრო ნაკლებად დამოკიდებულს ხდის საგარეო ფაქტორების კომბინაციის იღბლიანობაზე.

იქამდე, სანამ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების პრობლემებს შევეხებოდით, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნატოსაც აქვს თავის მხრივ “საშინაო დავალების” შესრულების მკაფიო ვალდებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, შეთავაზება იმდენად მომხიბვლელი უნდა აღმოჩნდეს, რომ:

  • წაახალისოს ქართული მხარე, განაგრძოს პოლიტიკური და თავდაცვის/სამხედრო
    რეფორმები და
  • შექმნას ნატოს პირობითობის (conditionality) ბევრად უკეთესი მექანიზმები საქართველოს მხრიდან აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.

უპირველეს ყოვლისა, ალიანსმა უნდა გადადგას მეტად პრაქტიკული, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯი, რათა უზრუნველყოს საქართველო უსაფრთხოების უკეთესი გარანტიებით და გაცილებით ძლიერი სოლიდარობის განცდა გაუჩინოს. ბუნებრივია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება მიმდინარე წლის ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებზე. ხოლო პრაქტიკულად რომ მივუდგეთ საკითხს, ორ ძირითად კითხვაზეა პასუხი გასაცემი: ერთის მხრივ, როგორ შეუძლია ნატოს ხელი შუწყოს საქართველოს მხრიდან თავდაცვის რეფორმის მეტი პროგრესის მიღწევას; ხოლო მეორეს მხრივ, როგორ აიძულოს საქართველო უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას საიმედო თავდაცვის სისტემის და შესაძლებლობების შესაქმნელად და ამის სანაცვლოდ, შესთავაზოს ისეთი რეალურად წონიანი ჯილდო, რომელიც არ მოახდენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების რადიკალურ გაუარესებას, არ შეცვლის რადიკალურად საქართველოსთან ურთიერთობის ფორმატს, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას ადგილზე. სწორედ გაზრდილი უსაფრთხოება წარმოადგენს ქვეყნის სასიცოხლო ამოცანას რომლის მიღწევასაც ცდილობს საქართველო პრაღის 2002 წლის სამიტზე გაკეთებული ამბიციური განცხადებიდან მოყოლებული.

“მათრახისა და თაფლაკვერის” მეთოდის გამოყენება ნატოს მხრიდან კარგად უნდა იყოს დაბალანსებული და ალიანსი ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული უნდა იყოს თავისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში, ანუ ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველომ შეასრულოს მის მიერვე აღებული მრავალი (მათ შორის სისტემური) ვალდებულება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ალიანსი გამოიყენებს იმაზე გაცილებით უფრო ძლიერ ზეწოლას, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ლოგიკა მარტივია – იმისათვის რომ მეტი შესთავაზო საჭიროა მეტი ზეწოლა მოთხოვნების შესასრულებლად. ძლიერი და საიმედო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სწორი მიმართულების უზრუნველსაყოფად ალიანსმა უნდა განახორციელოს უკეთესი მონიტორინგი და უკუკავშირი ქართული მხარის მიერ მიღწეულ თითოეულ წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. მექანიკური შემოწმების მაგივრად, ნატომ ხაზი უნდა გაუსვას და მოითხოვოს გრძელვადიანი გეგმების სრულყოფილი შესრულება ყველა დონეზე, იქნება ეს სტრატეგიული პოლიტიკა, ძალებისა და შესაძლებლობების დაგეგმვა, პერსონალი, წვრთნა და განათლება, რესურსების დაგეგმვა, თუ ბიუჯეტის შედგენა და შესყიდვები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროს სჭირდება კომპლექსური, სწრაფი და ზუსტი იმპლემენტაცია სისტემური და ხანგრძლივი შედეგების მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტისა და ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი დინამიკის მაგალითი შემაშფოთებელ სურათს იძლევა და ნამდვილად არ მიუთითებს საიმედო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესზე. მეორეს მხრივ, ნატომ უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის “მოტყუება” და ნაჩქარევად მომზადებული, ხანმოკლე ან ხშირად გადახედილი დოკუმენტების მოწონება განხორციელების პროცესისა და ხელშესახები შედეგების გარეშე. ამის სანაცვლოდ, როგორც ზემოთაა ნახსენები, ალიანსმა საქართველოს უნდა გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ მისი მხრიდან მხოლოდ სისტემური და გრძელვადიანი რეფორმები იქნება აღიარებული და, შესაბამისად, წახალისებული უფრო დიდი ჯილდოთი.

ალიანსი ასე უნდა მოიქცეს, რომ კარგად გააგებინოს ქართულ მხარეს რომ აღებული ვალდებულებების დაცვა და მათი შესრულება (სისტემური, კომლექსური და სიღრმისეული თავდაცვის რეფორმები) სინამდვილეში პარტნიორობის საიმედოობისა და მყარი ნდობის გაჩენის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს წამოადგენს, რისი მიღწევაც საქართველომ ვერასდროს მოახერხა სრულად თავის მეგობარ წევრ-ქვეყნებს შორის. საქართვლოსთან მიმართებაში ამ ერთიანი საიმედოობისა და ნდობის აღქმის დამყარების გარეშე ნაკლებად სავარაუდოა მოკავშირე სახელმწიფოებს შორის ძლიერი კონსენსუსის მიღწევა საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ნატოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდება “უფრო დიდი ჯილდოს” იდეისთვის მხარდაჭერის მოპოვება. ამ შემთხვევაში, “თაფლაკვერის” როლს პირდაპირ ასრულებს ის შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვნად დააკმაყოფილებს საქართველოს ძირითად ინტერესს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზირისით, ამ ეტაპზე ალიანსში სრულად გაწევრების გარეშე. ნატოს წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ ორმხრივ (მაგ. აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა) ან მრავალმხრივ ფორმატაში (ნატო) განიხილონ კარგად აღჭურვილი მუდმივი ლოგისტიკური და საწვრთნელი ბაზების განთავსების შესაძლებლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ამგვარ ბაზებს შეუძლიათ ბატალიონის ზომის პერსონალის მიღება როტაციის პრინციპის გათვალისწინებით. ანალოგიურად, შესაძლებელია ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატში ერთობლივი საველე წვრთნების სიხშირისა და მასშტაბის მნიშვნელოვნად გაზრდა. ორივე ეს ღონისძიება საბოლოოდ გადაჭრიდა ალიანსის საიმედოობის პრობლემას და გაგზავნიდა ძლიერ სიგნალს თბილისსა და მოსკოვში ალიანსის მზადყოფნასთან დაკავშირებით, აიღოს მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავისი სტრატეგიული პარტნიორისა და წევრობის კანდიდატის მიმართ. ეს იქნებოდა სოლიდარობის ხარისხობრივად უკეთესი სიგნალი და, ასევე, ბევრად უკეთესი პრაქტიკული ნაბიჯი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. შესაბამისად, ჯილდოს (თაფლაკვერის) წონადობა საშუალებას აძლევს ნატოს, გამოიყენოს ბევრად უკეთესი კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმები საქართველოში რეფორმების წარმატებული განხორციელების კონტროლის უზრუნველსაყოფად და, ამავდროულად, ხელი შეუშალოს რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, ხაზი გაუსვას საქართველოს ტრანსფორმირებისკენ მიმართული ნატოს ძალისხმევის უსარგებლობას. ყოველივე ეს კი, საბოლოო ჯამში, ემსახურება სწორედ იმას, რომ საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მომენტში “შესაძლებლობების ფანჯარა” არ დაიხუროს და ღია აღმოჩნდეს.


[1] ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტი. 

, , , , , ,