03/11/2016 GIP

როცა არჩევანი გამარცხებს…

Author

ელენე მელიქიშვილი

ელენე მელიქიშვილი
დოქტორანტი, ომის კვლევების დეპარტამენტი, კინგს კოლეჯი, ლონდონი

ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე ალბათ ყველაზე საინტერესო არჩევნებია.  ყველაზე აქტუალური კითხვა კი არჩევნებში გამარჯვებული ძალის გამოვლენაა.  ვინ გაიმარჯვა?  ქართულმა ოცნებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, თუ პატრიოტთა ალიანსმა? საარჩევნო სტატისტიკის მიხედვით ქართული ოცნება გახლავთ არჩევნებში ყველაზე წარმატებული პარტია, რომელმაც ამომრჩევლის მხოლოდ 48% პროცენტის ნდობის მოპოვებით საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა პარლამენტში.  შედეგებით კმაყოფილი პარტიული ელიტა უკვე სამომავლო გეგმებს გვიზიარებს და საკონსტიტუციო ცვლილებებს პირდება ქვეყანას.  წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალური მოძრაობის 27 პროცენტიც, რადგან მათ ოთხი წლის განმავლობაში დაიბრუნეს საზოგადოების ნაწილის ნდობა.  პარტია რომლის მმართველი ელიტა ავტორიტარიზმში და ბევრ სხვა დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, პარლამენტში თითქმის ნახევარი მილიონი ამომრჩევლის ნდობით შედის.  წარმატება ქვია ალბათ პატრიოტთა ალიანსის შედეგს.  აბსოლუტურად ახალმა პარტიამ, რომლის კამპანიას რატომღაც გულუხვად აფინანსებდა გაურკვეველი კაპიტალი, სიძულვილზე და შუღლზე დაფუძნებული წინასაარჩევნო პროგრამის შემდეგ პარლამენტში 6 მანდატი მიიღო.

წარმატება გამარჯვება არ არის.  ხოლო დამარცხებული კი საქართველოს საზოგადოებაა. იგი ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.  არც თუ ისე მაღალი აქტივობის არჩევნების შემდეგ მხოლოდ სამი პარტია გავიდა წარმომადგენლობით ორგანოში, რომელთაგან ერთს კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს.

არის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ციფრები რომელიმე მათგანის გამარჯვება? რეალური ვითარება ცოტა განსხვავდება პოლიტიკოსების მიერ დანახული სინამდვილისგან.  ნაციონალური მოძრაობის 27 პროცენტი გულისხმობს რომ ოცნებამ ვერ შეძლო საკუთარი დაპირებების ბოლომდე შესრულება.  ის ფაქტი რომ ქართულ ოცნებას დასჭირდა წინასაარჩევნო კამპანიის უკიდურესი რადიკალიზაცია და ამომრჩევლის დაშინება მოსალოდნელი დესტაბილიზაციით უკვე სისუტეებზე მიანიშნებს.  კამპანიის დროს ძალიან მარტივია მტრის ხატის შექმნა და მასზე აპელირება.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ალტერნატიული რეალობის შექმნა სადაც გებრძვიან და გემუქრებიან.  ამომრჩეველს კრიზისის ეშინია, ბუნებრივია 1990-ები ყველას ახსოვს, და ურჩევნია დაპირებულ სტაბილურობას დაუჭიროს მხარი.  მხოლოდ ეს ყველაფერი პარალელურ რეალობაში ხდება.  სინამდვილეში არც მტრები არიან სადმე და არც დესტაბილიზაცია, უბრალოდ კრიზისი იმ პარტიის წინასაარჩევნო პროდუქციაა, რომელსაც სხვა შესაძლებლობები არ აქვს.  მეორეს მხრივ, პარტიას რომელიც სულ რაღაც ოთხი წლის წინ მკვლელობებში მონაწილეობა, ქონების მასიური ჩამორთმევა და დამნაშავეთა მფარველობა ედებოდა ბრალად, კომფორტულად მოეწყო ‘მტრის’ როლში და შეძლო საკუთარი რეიტინგის ამაღლება.  მოკლედ ურთიერთგაგება დამყარდა – ყოფილი მტარვალი გახდა ტანჯული, ხოლო არსებულ ხელისუფლებას საშიში მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.  კრიზისი შედგა.

საინტერესოა პატრიოტთა ალიანსი.  როგორ შეძლო ამ პარტიამ თითქმის 90 ათასი ხმის მოგროვება?  ვფიქრობ, ესეც იმ პარალელური ‘კრიზისული’ რეალობის დამსახურებაა.  მათაც, ქართველობას მტრები მოუძებნეს და დააშინეს ამომრჩეველი.  ყურადსაღებია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ პარტიების დაფინანსების დოკუმენტები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს პარტია ოცნების და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მესამე ადგილზეა დაფინანსებით.  ვინ და რატომ შესწირა ფული ამ ადამანებს, მაშინ როდესაც მათი მთავარი მოწოდებები სიძულვილს და ძალადობას ქადაგებდა.  მათი ტელეპროექტი ‘ობიექტივი’ გახლავთ ტოლერანტობის და შემწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტი, რომელსაც რატომღაც კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია მშვიდად უყურებს.  დემაგოგებს თუ მიეცათ ასპარეზი ისინი ადვილად ატყუებენ ამომრჩეველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამაში მათ ვიღაცეები ფულს ‘ჩუქნიან’, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალები (ამ შემთხვევაში ლიბერალები) მხოლოდ იმით შემოიფარგლებიან, რომ მათ დემაგოგეგბს უწოდებენ.  თითქოს ეს საკმარისი იყოს მათი არგუმენტების გასაბათილებლად.

ამ ყველა ცვლადმა ერთად გამოიწვია ის შედეგი რაც მივიღეთ.  არჩევნები არავის მოუგია – აქ გამარჯვებული არავინ არის.  ამ არჩევნებში დამარცხდა პლურალიზმი, აზრთა მრავალფეროვნება, განსხვავებული მოსაზრების პატივისცემა და მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა.  ეს არის ამ არჩევნების ყველაზე სამწუხარო შედეგი.  ნაკლები აზრები პარლამენტში ნიშნავს ნაკლებ სიახლეს და ნაკლებ ცვლილებებს.  დემოკრატია ხომ აზრთა ურთიერთგაცვლის და კომპრომისების მიღწევის შედეგია, რომელიც შემდგომ მეტ ადამიანს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების შანსს.

ეს შედეგი ნიშნავს რომ შემდეგი ოთხი წელი ისევ რადიკალურ დისკურსში ჩაკეტილი, საკუთარ თავთან მებრძოლი ქართული ოცნება, რამდენიმე ადამიანის ხედვაზე დაფუძნებულ კანონპროექტებს წამოაყენებს.  ამიტომ არის აბსოლუტური ძალაუფლება დასაგმობი და საშიში. საკონსტიტუციო უმრავლესობა ყოველთვის უარყოფითი მოვლენაა, ყველაზე დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემებშიც კი.  ოცნების სტრატეგოსებმა ეტყობა არ გაითვალისწინეს რომ უკეთესი შედეგის მისაღწევად სწორედ მრავალფეროვნება და პლურალიზმია საჭირო თანამედროვე მსოფლიოში, ამიტომ აირჩეის რადიკალური კამპანია.

და ბოლოს, არჩევნებში პარტიები არ უნდა იმარჯვებდნენ.  ხელისუფლება ოლიმპიური მედალი არ არის, ეს პირველ ყოვლისა პასუხისმგებლობაა ჩვენზე, ჩვენ შვილებზე, ჩვენ მომავალზე.  პარტიების წარმატებები უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რადგან ისინიც ამ საზოგადოების ნაწილია (საქართველოში თეორიულად, ვინაიდან ბევრ პოლიტიკოსს თავი განყენებული და პრივილეგირებული გონია, თუმცა ავიწყდებათ რომ მათ რეგულირებულ გარემოში სუნთქავენ თავადაც და მათი ახლობლებიც).  საქართველოში კი ამ არჩევნებში საზოგადოებამ ვერ გაიმარჯვა და საჭიროა ამ საკითხზე დაფიქრება, საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვა და დაშვებული შეცდომების სასწრაფოდ გამოსწორება.

, , , ,