Author
სანდრო ტაბატაძე
სანდრო ტაბატაძე*
2018 წლის 4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც გადაწყვეტს თუ როგორ ფორმირდება ახალი მთავრობა და როგორ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ კურსს აირჩევს ის. გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ანტი-სისტემური და პოპულისტური ძალები პოლიტიკის დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. თუმცა, მთავრობის ფორმირება ვერცერთმა ევროსკეპტიკურმა ძალამ დამოუკიდებლად ვერ შეძლო. იმიგრანტთა მზარდი ტალღისა და სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის გათვალისწინებით, ანტი-ელიტური ნარატივის მქონე პოლიტიკური პარტიებისთვის არჩევნები იტალიაში ერთგვარი შესაძლებლობათა ფანჯარაა. ამგვარად, ევროპის კავშირი აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს,რადგან, სავარაუდოდ, აცნობიერებს შესაძლო საფრთხეებს, რაც ახალი ევროსკეპტიკური მთავრობის ჩამოყალიბის შემდეგ გაჩნდება. შესაბამისად, 4 მარტის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა ევროპული პოლიტიკის ფოკუსი იტალიაზე გადაიტანოს და ევროპის კავშირის მომავალზეც ჰქონდეს გავლენა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული, იტალიაში 60-ზე მეტი სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის პოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად იქცა. დღესდღეობით, საპარლამენტო მანდატებისთვის სამი მთავარი პოლიტიკური ჯგუფი იბრძვის, მათგან ორი წინასაარჩევნოდ შექმნილი კოალიციაა:
- მემარჯვენე-ცენტრისტული (ძირითადი პარტიები არიან სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალია – ForzaItallia” და მატეო სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა – Lega Nord”)
- მემარცხენე-ცენტრისტული (მოქმედი სახელისუფლებო ექს-პრემიერის მატეო რენცის „დემოკრატიული პარტია – PartitoDemocratico“)
- ლუიჯი დი მაიოს „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ – Movimento Cinque Stelle
წინასაარჩევნო კამპანიის უმთავრესი თემები იმიგრაცია და ეკონომიკური პრობლემებია. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა იტალიის ექს-პრემიერი „წინ იტალიის“ დამაარსებელი სილვიო ბერლუსკონი. მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში განხილვის პროცესშია, ის მზადაა ხელახლა გახდეს მთავრობის მეთაური. ბერლუსკონის ძირითადი დაპირება პარალელური საშინაო ვალუტის მიღებაა, ხოლო ევრო საერთაშორისო ვაჭრობისთვის უნდა იყოს შენარჩუნებული. „წინ იტალიის“ გეგმები მინიმალური პენსიის გაორმაგებას, მემკვიდრეობითი გადასახადების გაუქმებასა და მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას ეყრდნობა. ამავე კოალიციის წევრია უფრო რადიკალური „ჩრდილოეთის ლიგა“, რომელიც ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის მომხრეა. მათი ლიდერი მატეო სალვინის საარჩევნო დაპირება ყოველწლიურად 100 000 არალეგალური იმიგრანტის დეპორტაციას ითვალისწინებს, ასევე კრიმინალის წინააღმდეგ უმკაცრესი კანონების მიღებას და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. როგორც ჩანს, მოცემული კოალიციის მთავარი პრიორიტეტი ევროს თანდათანობითი ჩანაცვლება და ქვეყანაში ემიგრანტთა რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა.
მოქმედი მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ ძირითადი დაპირება რეფორმების გაგრძელებაა: მინიმალური ხელფასის გაზრდა, უმუშევრობის დაძლევა, საგარეო ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიღწევა. რაც შეეხება, ანტი-ისტებლიშმენტურ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“, ის საკუთარ თავს პოლიტიკაზე მაღლა მდგომად მიიჩნევს და ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებების იდეას უჭერს მხარს. ლუიჯი დი მაიოს პოლიტიკური ძალა ანტი-ელიტურ ნარატივს ეყრდნობა და ენერგეტიკული კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდის მომხრეა. ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
2018 წლის 4 მარტის არჩევნებში მნიშვნელოვანი სიახლე „როსატელუმის“ სახელით ცნობილი ახალი საარჩევნო კანონია, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო მანდატების ერთი მესამედი მაჟორიტარული (გამარჯვებულს რჩება ყველაფერი-ს პრინციპით), ხოლო ორი მესამედი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით შეივსება. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ საპროტესტო აქციებით გამოეხმაურა საკანონმდებლო ცვლილებებს და ტრადიციული კოალიციები მათთვის სასარგებლო კანონის მიღებაში დაადანაშაულა. შეიძლება ითქვას, რომ „როსატელიუმის“ სისტემით, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მთავრობის დამოუკიდებლად შექმნის ალბათობა მინიმალურია. იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელამ მოიწიონა ახალი საარჩვენო კანონი, თუმცა პარტიებს უფრო რეალისტური, პრაქტიკული და საპასუხისმგებლო დაპირებების გაცემისკენ მოუწოდა.
საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით, ცალკეული პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ევროსკეპტიკური და ანტი-ელიტური ნარატივის მქონე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ ლიდერობს 26-28%-იანი მხარდაჭერით. მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ 22-23%, ხოლო რიგით მესამეა ბერლუსკონის „წინ იტალია“ 15-17%-ით. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იტალიური არჩევნების მთავარი მახასიათებელი წინასაარჩევნო კოალიციებია, სადაც მემარჯვენე-ცენტრისტები ლიდერობენ 40%-მდე მხარდაჭერით, ხოლო შემდეგ თანაბარი შედეგებით მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამომრჩეველთა პოლიტიკური სიმპათიები მკვეთრად პოლარიზებულია. მართალია, ლუიჯი დი მაიოს ანტი-სისტემური პარტია დამოუკიდებლად ლიდერობს, თუმცა კოალიციებზე უარის თქმის გამო, ბერლუსკონისა და სალვინის ერთობა ჯამში ყველაზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი გადაუწყვეტელია, რაც საბოლოო სურათის წარმოდგენას ართულებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის აგრეგირებული მონაცემების მიხედვით, 630 წევრისგან შემდგარ წარმომადგენლობით პალატაში, პოლიტიკური კოალიციები და პარტიები შემდეგნაირად იქნებიან წარმოდგენილნი. (უმრავლესობისთვის საჭიროა სულ მცირე 316 დეპუტატი)
2018 წლის 4 მარტის არჩევნებში ამომრჩევლები თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით პასუხობენ კითხვას: ვის შეუძლია ყველაზე კარგად გაუმკლავდეს ფინანსურ და საიმიგრაციო კრიზისებს იტალიაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოცემული არჩევნები ერთგვარად პოპულიზმის ტესტია. ის ასევე გვიჩვენებს, თუ როგორაა იტალიური საზოგადოება განწყობილი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რა შესაძლო მოლოდინებიარსებობს ევროს იტალიური ლირით ჩანაცვლებაზე და როგორაა შესაძლებელი მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა, კრიმინალის დონის შემცირება და არალეგალური იმიგრაციის პრობლემის გადაჭრა.
შესაძლებელია, გამოვყოთ მოვლენათა განვითარების ოთხი მთავარი შესაძლო პერსპექტივა:
- ყველაზე მეტად მოსალოდნელია, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა კოალიციამ, თუ პარტიამ მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებისთვის საჭირო მანდატების რაოდენობის მოპოვება ვერ მოახერხოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ შორის პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, მოლაპარაკებები შესაძლოა რამდენიმე თვე გაჭიანურდეს და, საბოლოოდ, კონსენსუსი მაინც არ იყოს მიღწეული. ეს დიდი ალბათობით პოლიტიკურ კრიზისს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს გარდაუვალს გახდის;
- შესაძლებელია, რომ არაეფექტური მოლაპარაკებების შემდეგ, უმცირესობის მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა ჩამოყალიბდეს, სადაც მთავარი პოლიტიკური აქტორები ბერლუსკონის „წინ იტალია“ და სალვინის „ჩრდილოეთის ლიგა“ იქნებიან. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი რეფორმების გახორციელება გართულდება;
- შემდეგი სცენარი ნაკლებად რეალისტური, თუმცა თეორიულად დასაშვებია. მემარცხენე და მემარჯვენე კოალიციებმა შესაძლოა ფართო ერთობა შექმნან და ამით მყარი მთავრობა ჩამოაყალიბონ. მიუხედავად ამისა, მათი პოლიტიკური პოზიციები, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მნიშვნელოვნად განსხვავებულია, ამიტომ, სავარაუდოდ ნაკლებად ეფექტური იქნება;
- ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ვერსია მემარჯვენე-ცენტრისტული ჯგუფის „ჩრდილოეთის ლიგისა“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ კოალიციაა. ორივე პოლიტიკური ძალა ევროსკეპტიკური, ანტი-იმიგრაციული და ანტი-ელიტისტურია. ასეთი სცენარის შემთხვევაში, „იტალექსიტი“ – იტალიის ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერემდუმი – სრულიად მოსალოდნელია.
ფაქტია, რომ იტალიაში 4 მარტის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა ევროპულ დონეზე ახალ პოლიტიკურ პროცესებს დაუდოს სათავე . თუ არსებულმა მემარცხენე-ცენტრისტულმა პოლიტიკურმა კოალიციამ მნიშვნელოვანი სამთავრობო პორტფელების მოპოვება ვერ შეძლო (ამის ალბათობა, გამოკითხვებით საკმაოდ მაღალია), იტალია-ევროკავშირის ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში გადაიხედება – ეს შესაძლოა იყოს პარალელური ვალუტის შექმნა ან რეფერენდუმი იტალიის ევროკავშირის დატოვების შესახებ.
რაც შეეხება არჩევნების შედეგების გავლენას საქართველოზე, უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსი ბერლუსკონის „წინ იტალია“ და სალვანის „ჩრდილოეთის ლიგა“, ისევე როგორც „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა. ისინი სანქციების გაუქმებასა და პუტინის რუსეთთან უფრო მჭიდრო ბიზნეს და სავაჭრო ურთიერთობებს უჭერენ მხარს. გარდა ამისა, მათი გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირში შესაძლოა საკმაოდ რთული პროცესები დაიწყოს, რადგან მთავარი აქცენტები ევროს შენარჩუნებაზე გაკეთდეს. ამგვარი სცენარის მიხედვით, ანტი-საიმიგრაციო და ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვებამ იტალიაში შესაძლოა ირიბი უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ აკრიტიკებენ აღმოსავლეთით გაფართოების შესაძლებლობებს, არამედ თავად ევროკავშირის ძირეულ რეფორმირებას მოითხოვენ – ინტეგრაციის მაქსიმალური შემცირების ლოგიკით.
სანდრო ტაბატაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის სტაჟიორი