05/09/2023 GIP

ასოცირებული ტრიოს ფორმატი და საქართველოს გამოწვევები

ავტორი: ქეთევან როყვა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების საკითხის გააქტიურება, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება, საქართველოსთვის, შესაძლებლობის ფანჯრის გაჩენასთან ერთად, არაერთი  გამოწვევის მომტანი აღმოჩნდა.  მას შემდეგ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა, გამოიკვეთა ასოცირებული ტრიოს ფორმატის სისუსტე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან უკრაინას არათუ მკაფიოდ დადასტურებული მხარდაჭერა აქვს, არამედ ხშირია  ორაზროვანი განცხადებები და მეორე ფრონტის გახსნის სურვილში დადანაშაულების მცდელობა. საქართველოს მხრიდან არც მოლდოვასთან ურთიერთობების პრიორიტეტიზირება ხდება მაშინ, როცა მოლდოვას ჰყავს ძლიერი პროდასავლური ხელისუფლება და ახერხებს გიგანტური ნაბიჯებით ევროინტეგრაციაში წინ გაჭრას. ბლოგის მიზანია გამოკვეთოს ასოცირებული ტრიოს ფორმატიდან საქართველოს ჩამოშორების ტენდენცია, რომელმაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შესაძლოა უარყოფით გავლენას იქონიოს.

რა საფრთხეებს შეიცავს ასოცირებული ტრიოსგან საქართველოს დისტანცირება?

ოფიციალური თბილისის მიმართ კითხვები ომის პირველივე დღეებიდან გაჩნდა, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები ორაზროვანი და ბუნდოვანი იყო, ხოლო 2022 წელს უკრაინაში დიპლომატიური ვიზიტით ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთა შორის „ქართული ოცნების“ წევრები არ იყვნენ. მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის მხრიდანაც მოხდა საქართველოს მთავრობის დადანაშაულება სანქციების გვერდის ავლაში. ამ ეჭვს აჩენს სანქციების უმაღლესი კოორდინატორების ვიზიტიც თბილისში. ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან 31%-მდე დაეცა. ეს კი მიანიშნებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფაზე, რაც მყარი საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს დასავლელი პარტნიორებისათვის საქართველოსადმი მიდგომების შესაცვლელად.

საშუალოვადიან პერსპექტივაში, უკრაინასთან გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობები და მოლდოვასთან თანამშრომლობის მნიშვნელობის უგულებელყოფა ქვეყნის ევროპულ ინტერესებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივაში საქართველო მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება. ამას განაპირობებს ევროკავშირის გაფართოებების პროცესში რეგიონული მიდგომის ტენდენცია,  თუ არ ჩავთვლით საბერძნეთისა და ხორვატიის შემთხვევებს, რომლებიც კავშირში ინდივიდუალურად გაწევრიანდნენ, ევროკავშირი რეგიონული გაფართოების ფორმატს ანიჭებს უპირატესობას. ამდენად, საქართველოს გაუჭირდება ორმხრივი ურთიერთობების პირობებში, დასავლელი პარტნიორების დაინტერესება ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მიუხედავად. შესაბამისად, ალიანსის წესით საქართველოს ევროკავშირში შესვლა უფრო მეტად რეალისტური ჩანს.

ასოცირებული ტრიოს მნიშვნელობა საქართველოსთვის ერთიორად იზრდება იმ ფონზე, როცა  სამხრეთ კავკასიის რეგიონი ფუნქციურ დონეზე არ არსებობს. მიუხედავად საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ეკონომიკური თუ სტრატეგიული ურთიერთობებისა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კვლავ მოუგვარებელი რჩება ყარაბაღის კონფლიქტი. გარდა ამისა, მუდმივად იზრდება სომხეთის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და შესაბამისად, რუსეთის ზეწოლაც მის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე.   ხოლო ევროინტეგრაციის მიმართ არსებული ნაკლები მხარდაჭერის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოსგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ინტერესები აქვთ. შესაბამისად, უკრაინისა და მოლდოვის გარეშე ქვეყანას არ გააჩნია ალტერნატიული ფუნქციური რეგიონული კონფიგურაცია ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ამდენად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, უკრაინისათვის რეალური მხარდაჭერის დადასტურება კიევში ოფიციალური წარმომადგენლობის დონეზე ვიზიტით. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონული გაფართოება მოიაზრებს ტრიოს ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას, საჭიროა, არამხოლოდ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტიზირება, არამედ მოლდოვასთან დიპლომატიური თანამშრომლობის მექანიზმების გაზრდაც.

ოფიციალური თბილისის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების დიამეტრული ცვლილება კიდევ ერთი საფრთხეა, რომელიც თან ახლავს ასოცირებული ტრიოდან საქართველოს ჩამოშორებას. დასავლეთთან
„კონფრონტაციულ“ ურთიერთობებს არა მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობები განაპირობებს, არამედ შიდადემოკრატიული უკუსვლა. საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს 2023 წლის დეკემბერში განსაზღვრავს 12 რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ ამ მხრივ რეალური პროგრესი ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, რასაც მოწმობს 22 ივლისს ევროკომისიის მიერ წარდგენილი ზეპირი მოხსენება.

ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეესაბამებოდეს ევროპული სახელმწიფოს სტანდარტებს, საქართველოს ხელისუფლებისთვის არ აღიქმება გონივრულ რეკომენდაციად. ამის საპირისპიროდ, სახელისუფლებო რიტორიკა მიმართულია, რომ პარტნიორები დაადანაშაულოს  საშინაო საქმეებში ჩარევასა და კანდიდატის სტატუსით მანიპულირებაში. ამ ფონზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველა მცდელობა, რომელიც მიზნად საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ისახავდა, დავიწყებას მიეცემა. 27 წევრი სახელმწიფოსთვის საქართველოს დარჩენა მხოლოდ ევროკავშირის მეზობელ ქვეყნად ნიშნავს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები შესაძლოა დაუბრუნდეს  სამეზობლო პოლიტიკით განსაზღვრულ თანამშრომლობას. ENP-ის ამოსავალი პრინციპი კი სამეზობლოს სტაბილურობისა და ეკონომიკურ წინსვლის ხელშეწყობით შემოიფარგლება და არ გულისხმობს წევრობის შეთავაზებას.

საქართველო, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კარგავს კოლექტიური დასავლეთისგან კეთილგანწყობას.  ამის საპირისპიროდ, ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს თავის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ცხადია ნათელი ხდება, რომ ასოცირებული ტრიო პირვანდელი სახით ვერ აგრძელებს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს მოწინავე რეფორმატორის სტატუსი დავიწყებას მიეცა და შესაძლოა დამაბრკოლებელ ფაქტორად გადაიქცეს ასოცირებული ტრიოს დანარჩენი წევრებისათვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.  შესაბამისად, ევროკავშირის დაინტერესება უკრაინა-მოლდოვის ტანდემისკენ იხრება, ხოლო საქართველოს წევრობა შეუსაბამო გადაწყვეტილებად მოჩანს. ეს დამოკიდებულება უფრო მეტად რეალური ხდება უნგრეთის მაგალითზე. ევროკავშირი დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს მომავალი გაფართოებების თვალსაზრისით და არ დაუშვებს საქართველოს სახით კიდევ ერთი უნგრეთის მსგავს არადემოკრატიულ რეჟიმს მის ფარგლებში.

არსებული გამოწვევების ფონზე, უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეულის სისუსტე ყველაზე მეტად სარისკო საქართველოსთვის ჩანს. ამ ფონზე კიდევ ერთი საფრთხე ევროკავშირისგან დისტანცირებულ საქართველოზე რუსეთის მხრიდან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეა. სამომავლო პერსპექტივაში კანდიდატის სტატუსის მიღმა დარჩენილი ქვეყნისადმი რუსულ ორბიტაზე დაბრუნების მცდელობები ჯეროვნად გაიზრდება. ეს ტენდენცია უკვე გამოიკვეთა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენით, ომის პირობებში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის წილის ზრდითა და დასავლეთში საფუძვლიანი ეჭვის არსებობით, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

თუკი საქართველო ასოცირებული ტრიოს ფორმატს ჩამოშორდა და შესაბამისად, დაკარგა ძლიერი ბმა ევროკავშირთან, პუტინის რუსეთის გავლენა მოსახლეობაში ერთიორად გაიზრდება. შედეგად, დღეისთვის არსებული მოსახლეობის ევროკავშირში გაწევრების 89%-იანი მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, რაც დიდი ალბათობით  ისეთსავე სურათს მოგვცემს, როგორიც თურქეთშია ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.  ეს ნიშნავს ურთიერთობების ფორმალურ დონეზე გაყინვას რეალური დაინტერესების გარეშე. რამდენადაც თურქეთმა ევროკავშირში გაწევრების სურვილისა და გარკვეული მცდელობების მიუხედავად განვითარების ანტიდემოკრატიული გეზი აირჩია, 2019 წელს  ევროპარლამენტმა თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავში­რებული მოლაპარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი. ფორმალურად თურქეთი კვლავ მოლაპარაკების საფეხურზეა, თუმცა რეალური წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უფრო, იმ ფონზე, როცა მოსახლეობა დიდ ინტერეს არ ავლენს ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

დასკვნა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ცხადი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ტრიოს ერთიანობის შენარჩუნებისკენ ისწრაფვის და არც ევროპულ სტრუქტურებთან მჭიდრო  თანამშრომლობის სურვილს ავლენს. ანტიდასავლური სახელისუფლებო რიტორიკა კი სულ უფრო მეტად ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ გამოწვევების ფონზე ასოცირებული ტრიოს ფორმატიდან საქართველოს დისტანცირებამ შესაძლოა წარმოშვას ევროკავშირის მხრიდან დაინტერესების შემცირება და გრძელვადიან პერსპექტივაში ანტიდასავლური განწყობების გაზრდა საკუთრივ საქართველოში. ეს პროცესი კი  ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტებისგან იზოლაციის საფრთხეს წარმოშობს. ტრიოს ფორმალური წევრობა საქართველოსთვის სავარაუდოა იქცეს ჯერ მხოლოდ  ხელისშემშლელ ფაქტორად ევროპულ სტრუქტურებთან სინქრონიზაციის პროცესში, თუმცა მომავალში ამას მეტად მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ევროკავშირთან სრული გაუცხოებისა და რუსულ ორბიტაზე გადანაცვლების სახით.

 

ბლოგი მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.
Photo credit: Interfax Ukraine
, , , , , ,