ბრიფინგი ქართული მედიისთვის: ევროპარლამენტარი აუშტრევიჩიუსი და ექსპერტები საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან

21 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსთან” (OSGF) თანამშრომლობით, ვირტუალურ რეჟიმში გამართა ბრიფინგი სახელწოდებით “როგორ გავაძლიეროთ საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან?” 

ბრიფინგს ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ბრიფინგი ეხებოდა საქართველოს შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და მის მნიშვნელოვან ასპექტებს. შეხვედრაზე დაისვა ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა: 

  • რა არის ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) და რა როლი აქვს პოლიტიკას ევროკავშირის გაფართოების პროცესში?
  • როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ევროკავშირის CFSP-თან შესაბამისობის კლებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე?
  • როგორ შეუძლია საქართველოს დარჩეს CFSP-თან შესაბამისობაში?

აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს და ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა შეკითხვებს უპასუხეს ბრიფინგზე მოწვეულმა კომპეტენტურმა მომხსენებლებმა. 

ევროპარლამენტარმა პეტრას აუშტრევიჩიუსმა (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი) ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა საქართველოსთვის გადამწყვეტია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირს ორმაგი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური იდენტობა გააჩნია. აუშტრევიჩიუსმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სრულად განხორციელების აუცილებლობას. Რაც შეეხება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ეს არაერთგვაროვან მოსაზრებებს იწვევს, რადგან ევროკავშირის პოზიცია ჩინეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

“ევროკავშირი ეძებს პარტნიორებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაში არიან, არასრულყოფილ და ცალმხრივად მომგებიან პოზიციას წევრობის მსურველისგან ვერ მივიღებთ”

დოქტ. ბიძინა ლებანიძე (უფროსი მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი) დაეთანხმა ევროპარლამენტარ აუშტრევიჩიუსს და  მიმდინარე კრიზისზე შიდა პერსპექტივა წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მოკლევადიანი მიზნები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე შორს მიმავალი, რაც, თავისთავად, აფერხებს პროგრესს. როგორც ლებანიძე ამბობს, მოქმედ მთავრობას აქვს შიში, რომ ევროკავშირშის პირობების მკაცრმა დაცვამ შეიძლება შეასუსტოს მისი ძალაუფლება ქვეყნის შიგნით.

მაიკლ ემერსონმა (ასოცირებული უფროსი მკვლევარი, ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრი, CEPS) რომელიც წლებია საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ქვეყნის მუდმივ გამოწვევად საშინაო პოლიტიკა დაასახელა. მან ხაზი გაუსვა, საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის დისონანსი საქართველოს, როგორც მომავალი წევრის მიმართ კითხვებს აჩენს. მაგალითად, ხომ არ შეაფერხებს ის უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე ევროკავშირის მუშაობას. მაიკლ ემერსონმა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე, რადგან, მისი თქმით, ჩინეთი შავი ზღვის რეგიონში თავისი გავლენის გაზრდას ცდილობს. 

მკვლევარმა რეკომენდაციით მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეშფოთებულნი არიან საქართველოს ახლანდელი საგარეო პოლიტიკით. მაიკლ ემერსონმა მათ ურჩია, რომ თავიანთი პოზიცია და ძალისხმევა არჩევნების დროს გააერთიანონ. მან ეჭვი გამოთქვა, რომ საქართველოს ბუნდოვან და ორაზროვან პოზიციაში ყოფნა დიდხანს ვერ გასტანს და საზიანო აღმოჩნდება.

„საქართველოს შესანიშნავი მიზეზი აქვს, რომ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს ერთდროულად რუსეთთან და ევროკავშირთან.  თეორიულად ეს არის ე.წ. “ღობეზე ჯდომის” მოდელი, რომელიც არასასიამოვნოცაა და ვერც გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობს“, – მაიკლ ემერსონი, CEPS

ბრიფინგს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა, მათ შორის ჟურნალისტებმა, თავიანთ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

, , , , , , , ,