20/01/2022 keta

ქართველი ახალგაზრდა ელჩების როლი საგარეო პოლიტიკის გატარების პროცესში

სოფიო გაბელაია

საქართველოს საგარეო პოლიტიკის 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის შემდეგ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მისწრაფებაა ევრო- და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. აღნიშნული პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის კი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მომავალი საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების, დიპლომატების ცნობიერების ამაღლება და მომზადება მოსალოდნელი გლობალური გამოწვევებისთვის, რათა  მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ქვეყნის პოზიციისა და ინტერესების ეფექტიანად გატარება საერთაშორისო არენაზე.

უცხოელ ახალგაზრდებში საქართველოს სახელმწიფოს პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018 წლიდან მოქმედებს და საგარეო პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართვას ემსახურება. პროგრამის მიზანია  ქართველ ახალგაზრდებში საგარეო პოლიტიკის მიმართ ინტერესების გაღვივება და კომპეტენციის განვითარება, ცხოელ ახალგაზრდებში კი საქართველოს სახელმწიფოს კულტურის, ისტორიის, ხელოვნების და პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული ფორმატი უზრუნველყოფს საქართველოს პოპულარიზაციას სხვა ქვეყნებში, თუმცა საინტერესოა გავაანალიზოთ პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პოტენციალი  საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის და წარმართვის პროცესში ახალგაზრდების  როლის გაძლიერების კუთხით.

მიუხედავად იმისა რომ, დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 35 ახალგაზრდა ელჩი მსოფლიოს 35 ქვეყანაში ატარებს მანდატს, აუცილებელია პროგრამა გახდეს მეტად მასშტაბური და დაფაროს სხვა ქვეყნებიც. ამისათვის, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა, საელჩოებმა უნდა  გაუწიონ პროპაგანდა პროექტს სხვა-და-სხვა ქვეყნებში, გამოიყენონ საკუთარი რესურსი უცხოეთში მყოფი ქართველი ახალგაზრდების მეტად დაინტერესების და მათი პოტენციალის სწორად გამოყენებისთვის. რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, ახალგაზრდების მხრიდან, სახელმწიფო ინსტიტუტების (ამ შემთხვევაში დიპლომატიური წარმომადგენლების) მიმართ ნდობის ამაღლებას და მეორე მხრივ, გააღვივებს ინტერესს ადგილსამყოფელ ქვეყნებში, თავიანთ სოციუმებში, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციისთვის, რაც პროექტის ეფექტიანობას გაზრდის.

აღნიშნული პროგრამა ერთგვარი ინსტრუმენტია (რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში) უცხოელ ახალგაზრდებში  საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დიასპორის ახალგაზრდულ ნაწილთან ქვეყნის კავშირის შენარჩუნების მიზნით. თუმცა, თვალშისაცემია ბიუჯეტის სიმწირე.  (ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად 7000 ლარი), რაც პროექტის ფარგლებში, გლობალური ღონისძიებების დაგეგმვა/გატარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ბიუჯეტის გაზრდა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ლიდერებში მოტივაციის ამაღლებას და იმგვარი ღონისძიებების განხორციელებას, რაც ქვეყნის იმიჯს მეტად შინაარსიანს გახდის და წარმოაჩენს. გარდა აღნიშნულისა, ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელს გახდის პროექტში ჩართული ახალგაზრდების პერიოდულ გადამზადებას კიდევ უფრო ეფექტიან ღონისძიებების გატარების მიზნით.  ასევე, ბიუჯეტის გაზრდის გზით შესაძლებელი იქნება მომავალი უცხოელი ლიდერების პერიოდულად ჩამოყვანა საქართველში და ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების საქართველოში ჩატარება, რაც პროექტს მეტად მოთხოვნადს და პოპულარულს გახდის სხვა ქვეყნებშიც.

რა ტიპის აქტივობები ტარდება პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ მიმდინარეობისას?

ახალგაზრდა ელჩებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც აჩვენებს პროექტის სარგებლიანობას და მნიშვნელობას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების პროცესში.

გერმანიის ახალგაზრდა ელჩმა 2021 წელს შექმნა პოდქასტი “საუბრები საქართველოზე” (გერმანულენოვანი). აქტივობის მიზანი იყო ისეთი პლატფორმის ათვისება, რომელიც სისტემატურობით გამოირჩევა და მასზე წვდომა შეუძლია ჰქონდეს ყველა მსურველს. პოდქასტი  უზრუნველყოფს გერმანულენოვანი საზოგადოებისთვის საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას. აღნიშნული ინიციატივის  ფარგლებში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე რესპონდენტებთან ერთად, განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორებიცაა გერმანია-საქართველოს ისტორიული ურთიერთობები, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა და.ა.შ.

ასევე, აღსანიშნავია უნგრეთის ახალგაზრდა ელჩის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა და აგვისტოს ომის 13 წლის-თავს მიეძღვნა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, როგორც უცხოელმა, ისე ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის სანდრო ჭელიძის მოხსენების საშუალებით მეტი ინფორმაცია მიიღეს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, ოკუპაციაზე და საერთაშორისო დამოკიდებულებაზე ამ მოვლენის მიმართ. დამსწრე საზოგადოებაში ცნობიერების და ინფორმირებულობის ამაღლება და საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის წარმოჩენა საქართველოს უახლოესი ისტორიის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ, შესაძლოა, პროექტის ერთ-ერთ სასარგებლო მიღწევად მივიჩნიოთ.

ასევე, ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით, ავსტრიის რესპუბლიკაში ჩატარდა კონფერენცია „ცხოვრება მშვიდობისათვის“, სადაც განხილული იყო ქალების მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის შენების პროცესში. მოწვეულ სტუმრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია ავსტრიელი მწერლის, მშვიდობის დარგში პირველი ქალი ნობელიანტის – ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობამ საქართველოში.

ეს იმ ღონისძიებეთა მცირედი ჩამონათვალია, რომელიც პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში ტარდება სხვა-და-სხვა ევროპულ ქვეყანაში და განაპირობებს- უცხოელ ახალგაზრდა ლიდერებს შორის ცნობიერების ამაღლებას საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების შესახებ, რაც სამომავლოდ ამწიფებს ნიადაგს საერთაშორისო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის.

რა როლს თამაშობს  ინიციატივა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ახალგაზრდების საგარეო პოლიტიკაში ჩართვის პროცესში?

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეფექტიანად გატარების მიზნით ინიცირებული პროექტი, რადგან მის უმთავრეს ამოცანას  წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სპორტული პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სწორედ ახალგაზრდა ელჩების დახმარებით ხდება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ინტერესების მკაფიოდ და ღიად წარმოჩენა და გავრცელება.

პროგრამის მიმდინარეობისას განსაკუთრებულად საყურადღებოა კონტაქტები, რომელსაც ახალგაზრდა ელჩები იძენენ მომავალ, უცხოელ ლიდერებთან; გამოცდილება, რომელსაც გადიან პროგრამის ფარგლებში და ცოდნა, რომელსაც აღრმავებენ, მუშაობის პროცესში. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში თანამშრომლური ურთიერთობის გაღრმავებისა და დიპლომატიური ურთიერთობის ფორმირების თვალსაზრისით.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კომუნიკაცია ახალგაზრდა ელჩებსა და საქართველოს საგარეო  სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.  განსახორციელებელ გეგმებსა და ღონისძიებებზე შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მათ შორის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა უახლოეს წარსულში (2021 წლის ზაფხულში) განხორციელდა მინისტრის მოადგილესთან- ქ-ნ ხათუნა თოთლაძესთან, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო ახალგაზრდა ელჩების სამოქმედო გეგმას, რომელიც უნდა პასუხობდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად ასპექტებს. მონაწილეთა მხრიდან, პროექტის ფარგლებში სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციით სამინისტრო გამოთქვამს მუდმივ მზაობას, გაეცნოს და გაიზიაროს მოქმედი ახალგაზრდა ელჩების გამოცდილება, რომელსაც მომავალ ახალგაზრდა ელჩებთან თანამშრომლობისას იყენებს. თუმცა, ამგვარ შეხვედრებს არ აქვს  სტრუქტურირებული ფორმა, რაც შესაცვლელია იმ მიზნით, რომ პროექტი უფრო ეფექტური იყოს. მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია ყოველ წელს დააორგანიზოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩთა კონფერენცია მათი გამოცდილების და რეკომენდაციების ერთმანეთის შორის გაზიარების მიზნით.

გამომდინარე იქიდან რომ, პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ მხოლოდ სამი წელია არსებობს, ამ ეტაპზე, შედეგების სრულფასოვნად შეფასება ნაადრევია. გამოცდილება და პრაქტიკა, დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიანობის და მასშტაბების გაზრდას. ამ ეტაპზე კი, იმის თქმა შეიძლება, რომ პროექტი მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის კუთხით.

, ,