05/09/2023 GIP

სამი ზღვის ინიციატივა – ახალი პერსპექტივა საქართველოსთვის

ავტორი: თენგიზ ჯანანაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ და უკრაინის მოულოდნელმა მედეგობამ შეცვალა ევროპის მიდგომა გლობალური უსაფრთხოების მიმართ და გახსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ევროინტეგრაციის დაჩქარების თვალსაზრისით. მიუხედავად ამ სტრატეგიული შანსისა, „ასოცირებული ტრიოსთვის“ ევროკავშირში სრული წევრობა გრძელვადიან ბიუროკრატიულ პროცესს წარმოადგენს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელთან დაახლოების პარალელურად, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ გაააქტიურონ აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა, მათ შორის „სამი ზღვის ინიციატივის“ პლატფორმის ფარგლებში, რომლის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება.

2022 წლის ივნისში უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან ერთად, „3SI”-ის მონაწილე-პარტნიორის სტატუსიც მიიღო და ის დე-ფაქტო ინიციატივის წევრი გახდა. ამავე დროს, მიუხედავად რეგიონში მიმდინარე ალტერნატიული პროცესებისა, გასულ წელს, საქართველომ ვერც კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, და ჯერჯერობით ვერც „სამი ზღვის ინიციატივის“ მონაწილე-პარტნიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა არაა მოხსენებული საქართველოს არცერთ სტრატეგიულ დოკუმენტში. 2022 წლის 10 ივნისს, იყო მცდელობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც „3SI”-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. იმავე წლის 11 ოქტომბერს საქართველოსა და 3SI-ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრს, რუმინეთს, შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა, რომელიც ხაზს უსვამს სექტორულ სფეროებში (ტრანსპორტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ენერგო-ინვესტიციები) თანამშრომლობის გაძლიერებას. ამგვარად, ამ ეტაპზე საქართველო ინიციატივის მიმართ გარკვეულ ინტერესს იჩენს და მცირე ნაბიჯებსაც დგამს.

“სამი ზღვის ინიციატივა“ – შექმნის საფუძვლები და მიზნები

„სამი ზღვის ინიციატივის“ შექმნას ისტორიული საფუძველი აქვს. აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის გაერთიანების იდეა – ინტერმარიუმი – პირველად ომთაშორის პერიოდში (1918-1939) იუზეფ პილსუდსკიმ წამოაყენა. ამ იდეის თანახმად, რეგიონის ქვეყნებს უნდა შეექმნათ კონფედერაცია გერმანული და რუსული (შემდეგ საბჭოური) იმპერიალიზმის წინააღმდეგ. გეოპოლიტიკურ გაერთიანებაში შევიდოდნენ აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები (პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსი, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი) და სამხრეთ კავკასია. თითქმის საუკუნის შემდეგ, ისევ ვარშავას ინიციატივით, შექმნილი გაერთიანებები, გარკვეულწილად ინტერმარიუმის საზღვრებს დაემთხვა, თუმცა მისი მიზანი ნაწილობრივ შეიცვალა. დღეს პლატფორმა რეგიონის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ციფრული ინტეგრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, „3SI”-ის ყველა მონაწილე ევროკავშირის წევრიცაა და აქტიურად თანამშრომლობენ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიასთან. მეორე საკითხი, რომელიც აერთიანებთ ამ სახელმწიფოებს არის  უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა და მათ შორის საუკუნოვანი საფრთხე – რუსული რევანშიზმი.

2015 წელს, პოლონეთისა და რუმინეთის თაოსნობით დაფუძნებული „სამი ზღვის ინიციატივა“ (3SI) არის ერთ-ერთი იმ აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპული პლატფორმებიდან („ბუქარესტის ცხრიანი“, „ლიუბლიანის სამკუთხედი“, „ბლოკი ლონდონი-ვარშავა-კიევი“), რომელიც რუსეთის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე გაჩნდა. „3SI”-ის შექმნის მთავარი მიზეზი რუსული იმპერიალიზმისა და რევანშიზმის შეკავება იყო (ყირიმის ანექსია და დონბასის ომი). “3SI”-ის თორმეტივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ცხრა მათგანი ნატოს აღმოსავლეთის ფლანგს წარმოადგენს. ინიციატივის წევრებს ევროკავშირის ტერიტორიის 29% უკავიათ, ისინი 2,3 ტრლნ ევროს აწარმოებენ (ანუ ორგანიზაციის მშპ-ის 1/7-ს). დაარსებისთანავე ქვეყნებმა მიზნად დაისახეს თანამშრომლობა ეკონომიკური უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ციფრულ სფეროებში. ამავე დროს, ექსპერტების აზრით, იგი არ უნდა განვიხილოთ, როგორც ბრიუსელის საპირისპირო და ანტი-ევროპული პროექტი, რომლითაც ვარშავას რეგიონში დომინირება სურს. „ეს არის ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენ“.

აღნიშნულ ინიციატივას დიდი პერსპექტივები აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მისი კარები ღიაა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის, და „3SI” წევრების უმრავლესობა ისტორიულად ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„3SI” და საქართველო – საერთო ინტერესები

„სამი ზღვის ინიციატივის“ წევრები, განსაკუთრებით პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და რუმინეთი, ყოველთვის იყვნენ საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის მხარდაჭერები და უპირობო პარტნიორები. საერთო ეროვნული ინტერესი და საგარეო-პოლიტიკური ვექტორი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც აერთიანებს „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებსა და საქართველოს. გამომდინარე იმ საერთო საფრთხეებიდან, რაც ამ ქვეყნებს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, გააღრმაოს საკუთარი მონაწილეობა ამ ფორმატშიც. შეიძლება ითქვას, რომ პლატფორმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობამდე დროებით ალტერნატივას წარმოადგენს, ამიტომ  მნიშვნელოვანია კიდევ უფრო განმტკიცდეს  მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ამ გაერთიანების წევრ ქვეყნებთან.

პლატფორმა ღიაა „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის, და როგორ უკვე ზემოთ აღინიშნა, ამას ისტორიული საფუძველი აქვს. საქართველოსთვის, რომელიც ბოლო წლებში ცდილობს „გაიქცეს კავკასიიდან“ და უარყოს პოსტ-საბჭოთა იდენტობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტში ჩართვა. ამ პლატფორმაში მონაწილეობა გააძლიერებს ქვეყნის აღმოსავლეთ  ევროპულ იდენტობას, დააახლოებს მას ევროკავშირსა და ნატოსთან.

ეკონომიკური პერსპექტივები საქართველოსთვის

3SI-ის ზოგიერთი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტი „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებსაც მოიცავს, თუმცა საქართველო მხოლოდ ერთშია მოხსენიებული – Viking Train, რომლის მიზანია ბალტიისა და შავ ზღვებს შორის სარკინიგზო კომუნიკაციების დამყარება. გეოგრაფიული ფაქტორის გამო საქართველო ამ ეტაპზე ბევრ პროექტს მოწყვეტილია. თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რითაც თბილისს შეუძლია ყურადღების მიქცევა, კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანზიტის გაზრდა და ამ საქმეში ინიციატივის ქვეყნებისა და დასავლელი პარტნიორების ჩართვა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირმა მიზნად დაისახა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება. აქედან გამომდინარე, ბრიუსელის ყურადღების ცენტრშია ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია. ამ მხრივ საქართველოს, როგორც კასპიის ენერგორესურსების საკვანძო ტრანზიტორ-სახელმწიფოს შეუძლია აჩვენოს თავისი სარგებლიანობა. ბოლო მონაცემებით, ყაზახეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტი 18-ჯერ გაზარდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც გაგრძელდეს. მეტიც, სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ენერგოსადენებიც გაჩნდეს და ქვეყანამ უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს (მათ შორის „3SI”-ის ბანკიდან).  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამერიკამ „სამი ზღვის ინიციატივის“ პროექტებში უკვე გამოყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. ამიტომ, საქართველოსთვის მომგებიანი იქნება ამ ახალი „მარშალის გეგმაში“ მონაწილეობა.

ენერგეტიკული თანამშრომლობის პარალელურად, თბილისმა საკომუნიკაციო გზებზეც უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით რუმინეთსა და ბულგარეთთან. აღნიშნული ქვეყნები საქართველოს ერთადერთი საზღვაო მეზობლები არიან, რომლის მეშვეობით თბილისი „სამი ზღვის ინიციატივასა“ და ევროკავშირს უკავშირდება. საჭიროა რუმინეთისა და ბულგარეთის პორტებთან (კონსტანცა, ვარნა, ბურგასი) საბორნე მიმოსვლის გააქტიურება და ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერება. აღსანიშნავია კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მართალია 3SI-ს არ უკავშირდება, თუმცა მის წევრ ქვეყნებს (რუმინეთსა და უნგრეთს) მოიცავს – შავი ზღვის ელექტროკაბელი.

ცხრილი №1. საქართველოს საგარეო ვაჭრობა „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებთან 2022 წელს (ათასი აშშ დოლარი)

3SI”-ის წევრი ქვეყანაექსპორტი იმპორტი სალდო
1. ბულგარეთი423 665.8202 978.5220 687.3
2. რუმინეთი22 653.8291 594.7-268 941.0
3. პოლონეთი47 128.9210 783.8-163 655.0
4. ჩეხეთი14 595.5161 557.6-146 962.1
5. ლიეტუვა38 286.746 830.1-8 543.4
6. ავსტრია2 601.875 268.3-72 666.5
7. უნგრეთი3 138.257 523.1-54 384.9
8. ლატვია14 374.143 851.6-29 477.5
9. სლოვენია475.626 029.0-25 553.4
10. სლოვაკეთი1 739.822 343.5-20 603.7
11. ესტონეთი4 859.610 867.2-6 007.6
12. ხორვატია229.311 740.9 -11 511.6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 20.01.2023. https://www.geostat.ge/ka/single-news/2739/sakartvelos-sagareo-vachroba-2022-tseli

ცხრილში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, განსაკუთრებით კი ბულგარეთს და რუმინეთს, რომლებიც თბილისის ტოპ-10 სავაჭრო პარტნიორთა შორის არიან. ასევე, აღსანიშნავია პოლონეთი (ლიდერი 3SI-ის ქვეყნებს შორის მშპ-ის მიხედვით), ჩეხეთი და ლიეტუვა.

დასკვნა

„სამი ზღვის ინიციატივა“ არ არის პანაცეა საქართველოსთვის, თუმცა ეს ის ალტერნატივაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ქვეყანამ მოკლევადიან პერსპექტივაში, ევროკავშირში გაწევრებამდე. პირველ რიგში, “3SI” არის საქართველოს ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურული პროექტებში აქტიური ჩართვის შესაძლებლობა, რომლითაც თბილისი დაამტკიცებს თავის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში. ეს გაზრდის ქვეყნის პრესტიჟსა და გეოპოლიტიკურ წონას, რაც უფრო მიმზიდველს გახდის მას ევროკავშირისთვის. ასევე, ამ პლატფორმაში მონაწილეობა დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო ბალანსზე. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაუკავშირდებიან „სამი ზღვის ინიციატივას“, მიიღებენ დაფინანსებას დასავლელი პარტნიორებისა და “3SI”-ის ბანკისგან.

„სამი ზღვის ინიციატივაში“ მონაწილეობა აუცილებელია, რადგან კონტინენტზე მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა საშუალების, ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს თბილისს ევროკავშირსა და ნატოსთან და უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას. მსგავს ინიციატივაში ჩართულობა განამტკიცებს თბილისის საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას, აჩვენებს პარტნიორებს, რომ საქართველო უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე ზოგს ჰგონია. “3SI”-ის ფორმატში ჩართვა იქნება სიგნალი მოსკოვისთვის, რომელიც აჩვენებს, რომ ქვეყანა კვლავ ევროინტეგრაციის გზაზე დგას და აღრმავებს ეკონომიკური ურთიერთობებს აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან, ასევე გააგრძელებს ევროპის სახელმწიფოებში კასპიის ენერგორესურსების ტრანზიტს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრემლის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

, , , , , , ,