შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტში – კონფლიქტები და გეოპოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში – მონაწილეობის მსურველთა აპლიკაციების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი).
თბილისი, თარიღები: 17-19 თებერვალი, 2021
სამუშაო ენა: ინგლისური
სამუშაო ფორმატი: ონლაინ, ZOOM-ის ფორმატი
შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი წარმოადგენს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მომიჯნავე დარგების სტუდენტებისთვის. კურსი განკუთვნილია როგორც ქართველი, ასევე,საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
პროგრამა მოიცავს ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ – კერძოდ, განხილული იქნება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროატლანტიკური პერსპექტივები და ამ პერსპექტივების აღქმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. მონაწილეები, ასევე, გაეცნობიან იმ გამოწვევებს, რომლებსაც ცვალებადი საერთაშორისო კონტექსტი უქმნის რეგიონს. შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ცნობილი ექსპერტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 4.5 ECTS კრედიტი.
პროგრამის ძირითადი თემები:
- ევროკავშირის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოები;
- ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოები;
- შავი ზღვის რეგიონი, როგორც ენერგოტრანსპორტირების პოლიტიკის სფერო;
- ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე მიმართულებები დაგამოწვევები შავი ზღვის რეგიონში;
- რუსული რბილი ძალა, როგორც ბარიერი სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონფლიქტების მოგვარებისთვის;
- ნატო-საქართველოს ურთიერთობები და გრძელვადიანი პარტნიორობის გამოწვევები;
- ახალი გეოპოლიტიკური რეალობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ;
- რუსეთის კიბერშეტევა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე და მონაცემების დაცვის მექანიზმები;
- საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს შორის დეზინფორმაციის გავრცელების გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ან დამთავრებული აქვთ პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობების ან სხვა მომიჯნავე დარგების საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა. აპლიკაციის გამოგზავნა, ასევე, შეუძლიათ საქართველოში გაცვლითი პროგრამით ჩამოსულ საერთაშორისო სტუდენტებს.
აპლიკაციის პროცესი:
ქართველი სტუდენტებისთვის: მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: (1) ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი და (2) CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected] არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა. სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ – შავი ზღვის ზამთრის უნივერსიტეტი 2021
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა!
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: სალომე კანდელაკი, GIP-ის პროექტების კოორდინატორი – [email protected]