05/08/2021 keta

რა როლი აქვს ფსიქოლოგს კარიერული დაგეგმვის პროცესში?

ლიკა მერაბიშვილი
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების პროფესიული ზრდა და დასაქმება” წევრის, ლიკა მერაბიშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამდე, ადრეულ წლებში პროფესიისა და კარიერის შერჩევა შედარებით მარტივად ხდებოდა, რადგანაც შრომითი ბაზარი შედარებით სტაბილური იყო. დღეს, სწრაფად ცვალებად თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალი კონკურენტული გარემოა, მომავალი პროფესიის შერჩევა უფრო რთულია. საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია სკოლის ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც შესაბამისი ცნობიერება და ინფორმაცია არ აქვთ. არასწორად შერჩეული პროფესია დასაქმებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია, უმუშევრობის დონე, რაც ახალგაზრდებში საკმაოდ მაღალია (2020 წლის მონაცემებით, 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებში – 43.9% უმუშევარია, 20-24 წლის – 38.3%, ხოლო 25-29 – 23.2%).

კარიერული დაგეგმვა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აღნიშნულის მთავარი ფუნქციაა კარიერული დახმარება და ხელმძღვანელობა, რაც მოიცავს მოსწავლისთვის ინფორმაციის მიწოდებას, სწავლებას, შეფასებას, დახმარებასა და რჩევის მიცემას. სკოლაში პროფესიული ორიენტაცია და კარიერიული დაგეგმარება აერთიანებს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა ფსიქოლოგია, განათლება, სოციოლოგია და სამუშაო ეკონომიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ სისტემაში ინტეგრირებული იყოს ფსიქოლოგის როლი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს პიროვნების ფსიქოლოგიას, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას, პოზიტიურ ფსიქოლოგიას, ლიდერობის ფსიქოლოგიას და სხვა, რაც თავისმხრივ მოიცავს შრომის ბაზარზე ადამიანის პიროვნული და ორგანიზაციული ქცევის განვითარებას.

რა კავშირშია კარიერული დაგეგმარების სერვისი ზოგადი განათლების სისტემასთან?

კარიერული წინსვლის შესახებ კონსულტაციას აბიტურიენტების უმრავლესობა ახლობლების წრეში იღებს. საქართველოში “კარიერის მრჩევლის” ინსტიტუტი სკოლებში არ არსებობს, არც საკონსულტაციო ცენტრები ფუნქციონირებს. ახალგაზრდების უმრავლესობის პროფესიულ არჩევანზე ზეგავლენას ახდენს პროფესიის პრესტიჟულობა, საზოგადოების დამოკიდებულებები, მომავალში დასაქმების შესაძლებლობა, პროფესიის მიხედვით მისაღები შემოსავლების სავარაუდო დონე, სკოლაში სწავლის პერიოდში აკადემიური მოსწრება, მშობლების მოსაზრებები და პროფესიასთან ოჯახის წევრების უშუალო კავშირი; ახალგაზრდების ინტერესები კი უკანა პლანზე იწევს, რომელიც შესწავლაც ფსიქოლოგის მთავარი ფუნქციაა.

ძალზე მნიშვნელოვანია საშუალო განათლების, როგორც პროცესში, ისე დასასრულს მოსწავლეს გაეწიოს კარიერული დახმარება, სადაც მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ფსიქოლოგის ფუნქციები და ჩართულობა, მაშინ როცა სკოლის მოსწავლეს უწევს შეარჩიოს პროფესია და მომავალი კარიერა.

რა როლი აქვს ფსიქოლოგს ახალგაზრდების პროფესიულ ორიენტაციასა და კარიერულ დაგემარებაში?

სკოლის ფსიქოლოგს მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი აქვს სკოლის მოსწავლეების მიერ პროფესიის დაგეგმარებასა და განსაზღვრის პროცესში, რამაც შეიძლება ხანგრძლივი გავლენა იქონიოს მათ ცხოვრებაზე. ფსიქოლოგი ეხმარება მოსწავლეს აღმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი პოტენციალი და უნარები, რომელიც მისი წარმატების მიღწევის წინაპირობას შეიძლება წარმოადგენდეს. დღეს ახალგაზრდებს მომავალი კარიერის შერჩევის ფართო არჩევანი აქვთ. ეს კი ხშირად იწვევს მათ მიერ ირაციონალური გადაყვეტილების მიღებას. საშუალო განათლების ეტაპიდან – სკოლიდან გადასვლა სამუშაო ადგილზე, კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში მოზარდის ცხოვრებაში კრიტიკული ნაწილია. ხშირიად სკოლის მოსწავლე სწავლას აგრძელებს ან პროფესიას ირჩევს მშობლების, მეგობრების, გარემოს ზემოქმედებით; შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, მოსწავლემ არ იცის რატომ ან რა უნდა ისწავლოს. ფსიქოლოგის როლია მოსწავლეს დაეხმაროს საკუთარი შესაძლებლობების პოვნაში, პროფესიის გაურკვეველი კომპონენტების ანალიზსა და გადაწყვეტაში. იგი ხელს უწყობს პროფესიის შესახებ გადაწყვეტილების მიმღებთა ქცევითი პატერნების ცვლილებას, რაც მოსწავლეებს უფრო პროდუქტიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

მოსწავლებიის კარიერული დაგეგმარების პროცესში, თანაბრად უნდა იყოს ჩართული კარიერის კონსულტანტი და ფსიქოლოგი, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ისე ჯგუფური სამუშაოებით. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმარების პროცესში ფსიქოლოგი მოსწავლეებს ეხმარება ინდივიდუალურად ან/და ჯგუფურად:

საინტერესოა საფრანგეთის მაგალითი, რადგანაც ფრანგული განათლების სისტემა ერთ-ერთია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საორიენტაციოდ იყენებს. ფრანგული სისტემა ხასიათდება ინფორმაციისა და კარიერული სერვისების მრავალფეროვნებით. სერვისები მორგებულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების საჭიროებებს, როგორიცაა მოსწავლეები, მოზრდილები, უმუშევრები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; იგი მოიცავს სხვადასხვა ტიპის  დახმარებას: ინდივიდუალური კონსულტაცია, უნარების შეფასება, ტრენინგი, ინფორმაცია; აერთიანებს სხვადასხვა კვალიფიკაციის კადრებს, ესენია: ფსიქოლოგები, მრჩეველები, მასწავლებლები, სოციალური მუშაკები. ევრუპული წამიყვანი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ა.შ.) სისტემაში, კარიერული სერვისების  უზრუნველყოფის პროცესში ფსიქოლოგს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ზოგადი განათლების დონეზე. 

ახალგაზრდების მიერ კარიერული დაგეგმარების პროცესში სწორი გადაწყვეტილების მიღების ბარიერები

ყოველწლიურად საქართველოში 40 ათასამდე აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და დაახლოებით 27 ათასი მათგანი ხდება სტუდენტი. მათთვის არჩევანი საკმაოდ ფართოა და ძნელია მომავალი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, დღეს საქართველოში 800-მდე სხვადასხვა სასწავლო პროგრამაზე სწავლას სთავაზობენ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომლის მიხედვითაც ხდება სკოლის მოსწავლეებისთვის საშუალო განათლების მიცემა, კარიერული დაგეგმარების პროცესში, არ არის ინტეგრირებული ფსიქოლოგის როლი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეს საკუთარი უნარების აღმოჩენაში. ფსიქოლოგის ფუნქციაა მოსწავლეს დაეხმაროს შესაძლებლობების გაიაზრებასა და პრაქტიკაში გამოვლენის შესაძლებლობები.

კვლევებმა, კერძოდ ექსპერტებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ზოგადი განათლების სისტემაში ვაწყდებით კადრების სიმცირეს, და აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგის ჩართულობაც სკოლის მოსწავლეების მიერ პროფესიის შერჩევის პროცესში მხოლოდ ერთეულ სკოლებში მიეწოდებათ. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლაში კარიერული დაგეგმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. სკოლა თავად წყვეტს გაუწევს თუ არა მოსწავლეს პროფესიულ ხელმძღვანელობასა და კონსულტაციას სკოლის ადამიანური რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ფსიქოლოგის ჩართულობაც აღნიშნულ პროცესში სკოლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. საქართველოში მხოლოდ მცირე რაოდენობის მოსწავლეებს აქვთ საშუალება მიიღონ ფსიქოლოგის შესაბამისი სერვისი, რომელიც მათ დაეხმარებათ მომავალი პროფესიის შერჩევაში. მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგის როლი გაიზარდოს ახალგაზრდების კარიერული დაგეგმარების პროცესში.

პროფესიული მართვისა და კარიერული დაგეგმარების პროცესში უმთავრესი პრობლემა ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის დაბალი დონეა; მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და უნარები მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ. მოსწავლეებისთვის პროფესიული ხელმძღვანელობა გულისხმობს მათთვის კითხვაზე „ვინ უნდათ რომ გახდნენ“ პასუხის გაცემის პროცესში დახმარებას, სადაც ფსიქოლოგს წამყვანი როლი აქვს. კერძოდ, სკოლამ ფსიქოლოგების დახმარებით უნდა გამოიკვლიოს კონკრეტული მოსწავლეების განვითარების დონე, დაეხმაროს მათ საკუთარი უნარების განსაზღვრაში და მიაწოდოს ინფორმაცია მათი შესაძლებლობების, საჭიროებების, ღირებულებების, უნარებისა და ცოდნის შესახებ. რთულია კარიერის მაძიებელთათვის გადაწყვეტილების მიღება პროფესიონალებისა და ექსპერტების რჩევის გარეშე, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უფრო აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი კარიერული საკონსულტაციო სერვისების შექმნას, და მასში ფსიქოლოგების საქმიანობის ინტეგრაციას.

 

, ,