ასოცირებული ტრიოს ქვეყნები, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტზე ელოდებიან. ამ ფონზე, გარკვეულწილად მოულოდნელი იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან 9 მაისს ინიციირებული იდეა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ, რომელშიც ემანუელ მაკრონი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებსაც მოისაზრებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ახალი პოლიტიკური ალიანსი გააერთიანებს ევროკავშირის წევრ და არაწევრ ყველა იმ ევროპულ ქვეყანას, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განხილვა, თუ რას გულისხმობს ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ის უფრო შესაძლებლობას წარმოადგენს თუ რისკს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის?
რას გულისხმობს ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ?
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ 9 მაისს, სტრასბურგში წარმოდგენილი ინიციატივა მნიშვნელოვნად უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შედეგად ევროპის კონტინენტზე შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ ფონზე, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მხრიდან ევროკავშირისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონის იდეა ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მისი პოტენციური წევრებისთვის არ წარმოადგენს ევროკავშირთან გაერთიანების წინაპირობას, არამედ ის ევროპულ ერებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმაა, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურის მიღმა იარსებებს.
ახალი ორგანიზაციის შექმნის არგუმენტად, მაკრონმა ევროპაში შექმნილ უსაფრთხოების გარემო და უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული პროცედურული სირთულის მაგალითი მოიყვანა. მისი განცხადებით, არსებულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ კრიზისს სწრაფად, ძლიერად და ძალიან ნათლად უპასუხოს. თუმცა, მისი შეფასებით, ამ მიზნის მიღწევა შესაძლოა გარკვეულწილად შეფერხდეს იმ ფორმალური რეგულაციების გამო, რაც ევროკავშირში არსებობს. იმის მიუხედავად, რომ მაკრონის აღნიშვნით უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და ის ,,უკვე ევროპის ნაწილია“, მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა უახლოეს მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მას წლები ან ათწლეულები მაინც დასჭირდება ევროკავშირის წევრობამდე. ხოლო, უკრაინისთვის დაჩქარებული წესით წევრობის საკითხის განხილვა კი, ევროკავშირის სტანდარტების დაწევას გამოიწვევს. შესაბამისად, ახალი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და უკრაინასთან ერთად ისეთი ქვეყნების ევროკავშირში ,,ლეგიტიმური მისწრაფების“ გათვალისწინებით, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, მაკრონის აზრით, ევროპას სჭირდება, კონტინენტზე ერთიანობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ახალი გზები უფრო ფართო სპექტრში, ევროკავშირის ფორმალური სტრუქტურის მიღმა დასახოს. ამ შემთხვევაში კი, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, ერთი მხრივ, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს გაწევრებისთვის აუცილებელი მაღალი სტანდარტი და არ დაასუსტებს თავად იმ სტრუქტურას, რომელიც ევროკავშირის შიგნით არსებობს; მეორე მხრივ, კი ხელს შეუწყობს სხვა ევროპული ერების უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპაში და შესაბამისად, საერთო ევროპული სივრცის გაფართოებას.
საფრანგეთის პრეზიდენტის ახალი ინიციატივით, ახალი ევროპულ გაერთიანების წევრობისთვის მთავარი პრინციპი გეოგრაფიული მდებარეობა და დემოკრატიული ფასეულობებისადმი ერთგულება იქნება – ალიანსი გაერთიანებს მხოლოდ იმ ევროპულ ერებს, რომლებიც საერთო დემოკრატიულ ფასეულობებს იზიარებენ და ის ღია იქნება ევროკავშირის წევრი და გაწევრების მსურველი სახელმწიფოებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ კონფერენციაზე გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება წევრი ქვეყნებისთვის ერთგვარად ახალი სივრცე იქნება პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგოპოლიტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობისა და მოქალაქეთა (განსაკუთრებით, ახალგაზრდების) გადაადგილების ხელშეწყობისთვის.
რა შესაძლებლობებს სთავაზობს მაკრონის ახალი ინიციატივა ასოცირებულ ტრიოს?
სტრასბურგის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ახალი ინიციატივა თანხვედრაშია ე.წ. მრავალსიჩქარიანი (multi-speed) ევროპის კონცეფციასთან, რომელიც, მისი თქმით, უკვე იმპლემენტირებულია ევროპაში და ევროპის ერთიანობის შენარჩუნების კარგ მაგალითს წარმოადგენს. მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფცია, რომელზე დაყრდნობითაც მაკრონმა ახალი ევროპული გაერთიანების იდეა წარმოადგინა, ევროპაში ცივი ომის შემდეგ არსებობს და პოლიტიკურ დებატებში განსაკუთრებით 1990-იან წლების შემდეგ, ევროკავშირის გაფართოებების სხვადასხვა ტალღის შესაბამისად, გააქტიურდა. ამ კონცეფციის მიხედვით, გარკვეულ საკითხებზე ევროპის ქვეყნების აზრთა სხვადასხვაობამ არ უნდა დაარღვიოს ევროპის ერთიანობა და ევროკავშირთან ევროპული ქვეყნების ინტეგრაციის დონე შესაძლოა დიფერენცირებული იყოს, ქვეყნების სურვილის თუ ამბიციის შესაბამისად. აღნიშნული კონცეფციით მოქმედებს შენგენის ზონა თუ ევროპის ეკონომიკური სივრცე (EEA), სადაც ევროკავშირის ისეთი არაწევრი ქვეყნები, როგორიცაა ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია ევროკავშირთან თანამშრომლობენ. როგორც მაკრონმა აღნიშნა, მოცემულ მომენტში უკრაინა არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც ევროკავშირში გაწევრებისთვისაა საჭირო და ამ მხრივ, ობიექტურად, არც საქართველო და მოლდოვა შეესაბამებიან კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მყიფე პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების გათვალისწინებით კი, მაკრონის ინიციატივა შესაძლოა, გარკვეულწილად შესაძლებლობად შეფასდეს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის. თუ ამ ეტაპზე, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ინსტიტუციური განვითარების ტემპი ევროკავშირში სრული ინტეგრირებისთვის ჯერ ხელს არ უწყობს, ევროკავშირთან მრავალსიჩქარიანი ევროპის მოდელზე მორგებული თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააძლიერებდა ამ ქვეყნების ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების სისტემების რეფორმირების პროცესს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ ევროკავშირის ,,სიჩქარეზე“ გადასვლაში დაეხმარებოდა.
რატომ შეიძლება იყოს ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება უფრო მეტად რისკი ვიდრე შესაძლებლობა ასოცირებული ტრიოსთვის?
თუმცა, მეორე მხრივ, იმის განსახილველად, საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა რეალურად წარმოადგენს შესაძლებლობას თუ რისკს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის, გასათვალისწინებელია ის, თუ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რა დევს სასწორზე ამ ქვეყნებისთვის და რას სთავაზობს მათ მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციაზე მორგებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება. პირველ რიგში, უსაფრთხოების არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკურ განაცხადად აფასებენ. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ევროპულ ოჯახში გაერთიანების ლეგიტიმურად მოპოვებული უფლების აღიარებაა. საქართველოსა და მოლდოვისთვის კი, კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რუსეთის მიმართ ევროკავშირისგან მიღებულ კიდევ ერთი წითელ ბარათად აღიქმება მომავალი აგრესიული ქმედების შესაკავებლად. ამასთან, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იმედოვნებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათ ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებაში დაეხმარება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს მათ სრულ ინტეგრაციას ევროპის კავშირში. ამ შემთხვევაში კი, მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფციაზე მორგებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების წევრობა ნაკლებად შეესაბამება ასოცირებული ტრიოს სტრატეგიულ მიზნებს. პირველ რიგში, ახალი ევროპული გაერთიანება გულისხმობს ევროპის ბირთვი ქვეყნების (ევროკავშირი) და დანარჩენი წევრების თანამშრომლობას. იქიდან გამომდინარე, რომ ნორვეგიისგან თუ შვეიცარიისგან განსხვავებით ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ამ ეტაპზე საჭირო ინსტიტუციურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, ევროპის განსხვავებული ,,სიჩქარის“ თუ ამბიციის მქონე ქვეყნების ზონებად დაყოფა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მიმართ უფრო მეტად გაამყარებს განცდას, როგორც ევროპის პერიფერიის. შესაბამისად, მაკრონის ინიციატივა ნაკლებად შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთისთვის ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური გზავნილი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების რუსეთის გავლენის სფეროდან უსაფრთხო ზონაში გადანაცვლების შესახებ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, აღნიშნული იდეის იმპლემენტაცია, შეიძლება შემაფერხებელი ფაქტორიც აღმოჩნდეს ასოცირებული ტრიოს დემოკრატიული განვითარებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება წევრი ქვეყნებისთვის არ გამორიცხავს, მაგრამ არც გულისხმობს ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას, ამ გარემოებამ, შესაძლოა, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ინსტიტუციური განვითარების სტიმული მოკლას ან დიდი ხნით გადაავადოს.
აღსანიშნავია, რომ მაკრონს, მიგრანტთა კრიზისის და თანმდევი უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ, ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში 2017 წელსაც აქვს წინ წამოწეული მრავალსიჩქარიანი ევროპის იდეის განვითარების აუცილებლობა. ეს კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ მისი ინიციატივა მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრებისგან ევროპის მთავარი წევრების მაქსიმალური დაცვის მიზანს ემსახურება და ახმოვანებს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან შედარებით სკეპტიკურ პოზიციას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ სხვა ,,მოქნილი გზების“ გამონახვის აუცილებლობაზე უკვე ისაუბრა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ხოლო, გასულ თვეს, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ენრიკო ლეტამ, წამოაყენა იდეა ,,ევროპული კონფედერაციის“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც გაწევრების მსურველი ქვეყნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო ეკონომიკურ სივრცეს შექმნიდნენ. შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინის მხრიდან მაკრონის ინიციატივა შეფასდა, როგორც პოლიტიკური მანევრი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით ,,თუ [უკრაინა] კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს – ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“.
დასკვნა
მრავალსიჩქარიანი ევროპის კონცეფცია, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა – ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება – ეყრდნობა, შესაძლოა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდეს ასოცირებული ტრიოსთვის. პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რუსული გავლენის სფეროდან გასვლის შესახებ მნიშვნელოვანი გზავნილია. უშუალოდ ევროკავშირთან პროცედურული დაახლოების მხრივ კი, ინსტიტუციური განვითარების და ამ ქვეყნებში არსებული სტანდარტის გაუმჯობესების საშუალება. ამ ფონზე კი, მაკრონის ახალი ინიციატივა ევროკავშირში სრული ინტეგრირების პერსპექტივის ნაცვლად ასოცირებულ ტრიოს ევროპის პერიფერიულ ქვეყნების სტატუსს ანიჭებს და ბუნდოვანს ხდის ევროპის კავშირში მათ სამომავლო ინტეგრაციას. მოცემულ მომენტში, რთულია პროგნოზირება, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს საფრანგეთის პრეზიდენტის წარმოდგენილ იდეას ახალი ევროპული გაერთიანების შესახებ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მაკრონის ინიციატივას გერმანია დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია[1] და საფრანგეთი მიმდინარე წლის ივნისში დატოვებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოზიციას, ტოვებს სივრცეს იმ იმედისთვის, რომ ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში ახალი ევროპული გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ წამოწეული იდეა არ შეაფერხებს ასოცირებული ტრიოს მიზანს, მიაღწიონ ევროპის კავშირში სრულ ინტეგრაციას.
[1] გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც აღარ შეიძლება მოხდეს, ესაა უკრაინის ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრირებისთვის რაიმე ცარიელი დაპირების გაცემა და ესაა უკრაინაში ბრუტალური ომისგან ნასწავლი გაკვეთილი.