Author

16/09/2022 თინათინ ახვლედიანი

ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის

ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ყოველწლიური მესიჯი გაავრცელა ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ. კრედიტი… ივ ჰერმანი/როიტერი

 

როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარე წელს ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური გამოსვლა ძირითადად უკრაინის ომს დაეთმო. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვაში, უკრაინასთან ერთად ასევე არაერთხელ იყო ნახსენები საქართველო და მოლდოვა.

ყოველწლიური მიმართვა, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ წარმოითქმება, როგორც წესი, წლის განმავლობაში მნიშვნელოვან განვითარებებს ასახავს და ამავდროულად,  ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ უკრაინის ომი მიმდინარე წლის ევროკავშირის ყოველწლიური მოხსენების ცენტრალური საკითხი იქნებოდა და რომ ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს, უკრაინასა და მოლდოვას, მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი ექნებოდათ. თუმცა, საქართველოს სტატუსი ბევრისთვის ბუნდოვანი იყო არა მარტო ბრიუსელში, არამედ ევროკავშირის დანარჩენი წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებშიც. განსაკუთრებით კი მაკრონის მიერ ივნისში გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომელშიც მან აღნიშნა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ სივრცეშია“. ამ მხრივ, ყოველწლიურმა მოხსენებამ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროპულ ოჯახს ეკუთვნის და რომ ქვეყნის მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული. მართალია, ევროკომისიის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოხატა მაკრონის იდეის მიმართ პოლიტიკური კავშირის შექმნის შესახებ, თუმცა ფონ დერ ლაიენმა ამავდროულად დააზუსტა, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება, არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში და ძირითადად გაწევრების პროცესის მიღმა დარჩენილ სახელმწიფოებისკენ იქნება მიმართული.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთსა და იმავე გეოპოლიტიკურ რუკაზე განთავსება დამაიმედებელი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი საბოლოოდ სწავლობს თავისი შეცდომებისა და არასწორი შეფასებებისგან. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სწორად აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა მოესმინა მათთვის, ვინც პუტინს კარგად იცნობდა: “ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, ბელარუსის ოპოზიციაში; და ევროკავშირის შიგნით, პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებში“, რომლებიც წლების განმავლობაში ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა.

მართლაც, პუტინი არ გაჩერებულა 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ. 2014 წელს ის ასევე შეიჭრა დონბასში და მოახდინა ყირიმის ანექსია, შემდგომში კი უკრაინაში შეჭრის თავზეხელაღებული გეგმის განხორციელება დაიწყო. მართალია, საქართველო ამ ეტაპზე რუსეთთან ომის აქტიურ ფაზაში არ არის, თუმცა რუსეთს ქვეყანაში ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული, რომელიც საერთო ტერიტორიის მეხუთედს მოიცავს. გარდა ამისა, მოლდოვასგან განსხვავებით, საქართველოს საკმაოდ დიდი საზღვარი აქვს რუსეთთან, რაც ქვეყანას რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის. ამ მხრივ, ყოველწლიური მიმართვა იმედისმომცემია, რომ ევროკავშირი კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად, საქართველოს ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და ავტორიტარიზმთან ბრძოლაში მარტო არ დატოვებს.

მიმართვა საქართველოსთვის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავდა. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მუდმივად უნდა იმსახურებდნენ მოქალაქეების ნდობას და ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობას. მართალია, ეს გზავნილი ძირითადად ევროკავშირისკენ არის მიმართული, თუმცა ის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რამდენადაც ქვეყნის დემოკრატია საკმაოდ მყიფეა და ამ მიმართულებით სერიოზულად არის სამუშაო, რაც ასახულია 12 მოთხოვნაში, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს. ამ კონტექსტში, ევროკავშირის ყოველწლიური მიმართვა მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს, რომ ევროკავშირი აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებაში კომპრომისს არ განიხილავს, განსაკუთრებით ეს ეხება სასამართლო და ანტიკორუფციულ რეფორმებს. ეს გზავნილი საქართველოს მთავრობამ სერიოზულად უნდა მიიღოს მხედველობაში და ამ ეტაპზე ივნისში ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე უნდა მუშაობდეს.

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში რეფორმების მიმართულებით მოწინავე ქვეყანა იყო, ამიტომ ამ მხრივ მას ყველაფრის თავიდან დაწყება არ მოუწევს. თუმცა, დღევანდელ კონტექსტში კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნების შესრულება დიდწილად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რომლის სანდოობასაც რეფორმების გატარების მიმართულებით უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიას არაფორმალურად რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქი მართავს, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ აღნიშნული 12 მოთხოვნის შესრულება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ოპოზიციურ პარტიებს  გარკვეული ბერკეტები გააჩნიათ იმისთვის, რომ ამ პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ. თუმცა, წარმატების მისაღწევად მათ ქვეყნის ინტერესები ვიწროპარტიულ ამბიციებზე მაღლა უნდა დააყენონ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების გატარების მოთხოვნის გარშემო გაერთიანდნენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი, რამდენადაც ეგრეთ წოდებული „მესამე სექტორი“ ყოველთვის ეფექტურად ახერხებდა ქართველი ხალხის ნების გამოხატვას, რომელიც მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან  საკმაოდ ხშირად მოდის დაპირისპირებაში.

ამ საკმაოდ რთულ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირსაც. ევროგაერთიანებას ყოველთვის ჰქონდა საჭირო ბერკეტები საქართველოს სწორი მიმართულებით წასაყვანად და ახლა ის დროა, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. სხვა შემთხვევაში, საქართველო მთლიანად რუსული გავლენის სფეროში მოექცევა და ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაიმარჯვებს. ამგვარი სცენარის განვითარება დიდი მარცხი იქნება ევროკავშირისთვის თავისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, დამაიმედებელია პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის მიმართვაში იმაზე ხაზგასმა, რომ დროა ევროკავშირმა დემოკრატიების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადოს და რომ ეს პროცესი იმ ქვეყნებში უნდა დაიწყოს, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან.

მომავალში ვნახავთ, რამდენად შეძლებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნების შესრულებას და რამდენად დაეხმარება ევროკავშირი ქვეყანას დემოკრატიის გამოწვევებთან გამკლავებაში. თუმცა, ერთი რამ უკვე ცხადია, როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თავის მიმართვაში აღნიშნა: ევროკავშირი წარმოუდგენელია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გარეშე.

 

თინათინ ახვლედიანი – ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი.
Photo From: www.nytimes.com
, , , , , , , , ,