საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ქალმა პოლიტიკოსებმა ექვსი პოლიტიკური პარტიიდან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან გასვლით ღონისძიებაში. 14-15 ოქტომბერს გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო ქალი პოლიტიკოსების მიერ ქალი ამომრჩევლის მოლოდინების შესახებ ინტერპარტიული დოკუმენტის შექმნაზე ერთობლივი მუშაობა.
გაზაფხულისა და ზაფხულის განმავლობაში, ქალმა პოლიტიკოსებმა განახორციელეს საველე კვლევები. მოკვლევის თემა შეეხებოდა კითხვას, თუ რას ელის ქალი ამომრჩეველი პარტიებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და როგორი უნდა იყოს პარტიების რეაგირება ამ მოლოდინებზე. ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ჯგუფები მოგზაურობდნენ დიდ ქალაქებსა და მოშორებულ დასახლებებში, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან, საკუთარ მხარდამჭერებთან ჩაეტარებინათ ფოკუს ჯგუფები და/ან ინტერვიუები.
შედეგად, ღონისძიებაზე სამუშაო ჯგუფებმა წარადგინეს ინდივიდუალური კვლევის შედეგები. ხოლო შემდეგ, მთავარი მიგნებების საფუძველზე, მათ შექმნეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა არის ქალი ამომრჩევლის მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ და როგორი უნდა იყოს პარტიების პასუხი. ეს მიგნებები შეჯამდება ერთობლივ მანიფესტში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართა დისკუსია ახალგაზრდა პოლიტიკოსთან ინტერპარტიული საბჭოს გაფართოებისა და პლატფორმის მუშაობაში ქალი პოლიტიკოსების ჩართვის პერსპექტივის შესახებ. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ფასილიტაციის დაფუძნებული ინტერპარტიული პლატფორმის გაძლიერება მოიაზრებს ახალგაზრდა და ქალი პოლიტიკოსების ერთობლივ თემატურ მუშაობას ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საგნობრივ საკითხებზე.
მანიფესტისა და ინტერპარტიული პლატფორმის ახალი ფორმატის წარდგენა მოხდება 15 ნოემბერს ინტერპარტიული საბჭოს გენერალურ ასაბლეაზე, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტის საკვანძო მიგნებების და რეაგირების გზებზე გაიმართება დისკუსია როგორც დაინტერესებულ საზოგადოებასთან, ისე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და წევრებთან.
გასვლითი ღონისძიება ჩატარდა პროექტის „საქართველოში პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ინკლუზიური პარტიული პოლიტიკის გზით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით.