2023-11-14 13:25:17
ლორ დელკური
ახალი სორბონის უნივერსიტეტის (University Sorbonne Nouvelle) (პარიზი) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროკავშირის კვლევების ასოცირებული პროფესორია
შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რადგან ის ევროპას კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთთან აკავშირებს და, შესაბამისად, ერთ-ერთ საკვანძო გეოპოლიტიკურ, სავაჭრო და ენერგოტრანზიტულ გზაჯვარედინს წარმოადგენს. თუმცა, ევროკავშირმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესაბამისი ეფექტიანი პოლიტიკის წარმოება. ამის მიზეზებად შეიძლება შიდა და გარე ფაქტორები განვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, საუბარია ერთი მხრივ, ევროკავშირის მხრიდან რეგიონთან მიმართებით სტრატეგიული ხედვისა და პოლიტიკური ვალდებულების არარსებობაზე და, მეორე მხრივ, შავი ზღვის რეგიონში ვითარების მწვავე გაუარესებაზე, უპირველესად, რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო. ასეთ არასტაბილურ, მილიტარიზებულ და სახიფათო გარემოში ევროკავშირის სამოქმედო სივრცე საკმაოდ შეზღუდული ჩანს. ეს შეზღუდვა, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიმიტირებულ თავდაცვით შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკით არის გამოწვეული, რომელიც დიდი ხანია, სხვადასხვა ინიციატივის სახით ფრაგმენტირებულად არის წარმოდგენილი და ერთიან ყოვლისმომცველ სტრატეგიას საჭიროებს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის ქმედებები დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონში, არსებობს სივრცე, რომ ევროკავშირი, სხვა აქტორებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონში და რეგიონის სტაბილიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ ყველაფრის განხორციელება კი განახლებული სტრატეგიული ხედვის ფარგლებში, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური ინსტრუმენტებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობების გამოყენების გზით არის შესაძლებელი.
საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, შავი ზღვის რეგიონი, უსაფრთხოება, კონფლიქტები, რუსეთი, უკრაინა