“KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრების” სამხრეთ კავკასიის სერია დაიწყო მრგვალი მაგიდის დისკუსიით თემაზე ,,პოლიტიკური პერსპექტივები სომხეთიდან და საქართველოდან: ევროკავშირის როლი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებების ფონზე.“ ღონისძიება 13 მაისს სომხეთში, ქალაქ ერევანში გაიმართა.
“KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრების” ეს სესია მოიცავდა საქართველოსა და სომხეთის ევროპეიზაციის ფაქტორების ანალიზს მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომისა და 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ისტორიულად ეს რეგიონი წარმოადგენს ინტენსიური გეოპოლიტიკური კონკურენციის ადგილს, მაგრამ ბოლო მოვლენებმა განაპირობა ისეთი ცვლილებები, როგორიც ცივი ომის დასრულების შემდეგ არ გვინახავს.
ამავდროულად, ევროკავშირის გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული დომინირების სურვილი გააღვიძა ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი ან ირანი. ბრიუსელმა თავისი ფიზიკური წარმომადგენლობა სომხეთში სადამკვირვებლო მისიის განლაგებით, ხოლო პოლიტიკური ჩართულობა – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გაზარდა. აზერბაიჯანთან კონფლიქტში ჩართულ სომხეთს რუსეთის პოზიციამ იმედები გაუცრუა. შესაბამისად, სომხეთისთვის ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელი აღმოჩნდა, რაც მიანიშნებს ევროკავშირთან და სხვა აქტორებთან კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერების შესაძლებლობაზე.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საკითხავია რამდენად შესაძლებელია რუსულმა ფაქტორებმა აღნიშნული პროცესი შეაფერხოს. რუსეთი სამხეთ კავკასიაში გავლენებს მნიშვნელოვნად ინარჩუნებს, აბალანსებს ურთერთობებს სხვა რეგიონულ ძალებთან, ფლობს ეკონომიკურ და სამხედრო ბერკეტებს საქართველოსა და სომხეთში, ასევე, წარმოქმნის სხვადასხვა ფორმის ჰიბრიდულ საფრეთხეებს და აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი დესტაბილიზაციისთვის.
ევროკავშირი გამოხატავს მზაობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთთან და ასევე, პრიორიტეტებში დაამატოს თავდაცვა და უსაფრთხოებაც. თუმცა, ბრიუსელს მაინც აკრიტიკებენ სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული ხედვის ნაკლებობის გამო, განსაკუთრებით რუსეთთან, აგრეთვე, თურქეთთან და ირანთან მიმართებაში. ამ ცვლილებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, დროა ვიფიქროთ ევროკავშირის როლის პოტენციურ შესაძლებლობებზე სამხრეთ კავკასიაში და საერთო დღის წესრიგზე ინტეგრაციის მსურველ ქვეყნებთან, საქართველოსა და სომხეთთან.
მრგვალი მაგიდის დისკუსიამ შეკრიბა ექსპერტები სომხეთიდან, საქართველოდან და ევროკავშირიდან, საქართველოსა და სომხეთში ევროპეიზაციის ფაქტორების გასაანალიზებლად.
დისკუსიას მოდერირება გაუწია სტეფან მალერიუსმა, კონრად-ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში. შესავალი სიტყვა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ წარმოთქვა. ღონისძიების მთავარი მომხსენებელი იყო სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე იან პლეზინგერი.
დისკუსია ეფუძნებოდა გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის (SWP) აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევის სამმართველოს წევრის, დოქტორი ფრანცის კასმოლნიკის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარ დასკვნებს. მან წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ევროკავშირის როლის პოტენციალი სამხრეთ კავკასიის რეგიონში: სომხეთსა და საქართველოში.“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პარლამენტარი; პროფ. შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი; ანაჰიდე პილიბოსიანი, APRI სომხეთის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე პრეზიდენტი; და ჯონი მელიქიანი, ორბელის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი თანამშრომელი.