Author

02/07/2024 ნინო სამხარაძე

ქართული ოცნების „ორი ევროკავშირი“: არარსებული არჩევანი ქართულ საზოგადოებას?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ბოლო წლებია, ევროინტეგრაციის რელსებიდან მკვეთრად უხვევს. ეს დინამიკა კი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ფაქტობრივ შეფერხებაში აისახება. მაშინ, როდესაც გაფართოების პაკეტის სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ, თბილისმა არათუ ვერ შეძლო მათ კვალდაკვალ ახალ ეტაპზე გადასვლა, არამედ გაფართოების კონტექსტში საქართველოს საკითხი ევროკავშირის ოფიციალურ დღის წესრიგში განხილვაშიც არაა. ევროკავშირთან დაშორების მეორე, არანაკლებ საზიანო განზომილება „პოლიტიკური კონტაქტების შემცირება“ და „პოზიტიური კონტაქტების მწვავე დეფიციტია“, როგორც ამბობს საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი, რომელმაც, გაუარესებული პოლიტიკური ატმოსფეროს გამო, პარიზში დიპლომატიურ სამსახურზე  თქვა უარი.

ამის საპირისპიროდ, თავად მმართველი პარტია ჯიუტად ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დგას. პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენების ფარგლებში, საზოგადოებას არწმუნებს, რომ „ქართული ოცნების“ საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება. ამ დაპირებას იძლევა პარტიის დამფიძნებელი ბიძინა ივანიშვილიც. მაგრამ, ისედაც გამორჩეულად დაჩქარებული გაფართოების პროცესში, როდესაც ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება, წარმოუდგენელია, როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ მთავრობა, ეს დაპირება აასრულოს. ამ მოცემულობაში, პარტია ცდილობს, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით მისი წარუმატებლობა თავად ევროკავშირის ბუნებითაა გამოწვეული. თუმცა ასეთ შემთხვევაში, რა ალტერნატივას სთავაზობს „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს?

რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ „ორი ევროპის“ იდეა?

„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც პირველად ჩატარდება სრულად პროპორციული წესით, ძალაუფლების უპრეცედენტო მეოთხე ვადით შენარჩუნება სურს. იმ ფონზე, რომ სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, პარტიასთან იდენტიფიცირებას უფრო და უფრო ცოტა ადამიანი ახდენს, დემოკრატიზაციის და რეფორმების გზა ძალაუფლების მეოთხედ შენარჩუნებისთვის სერიოზულ რისკებს წარმოშობს. “ქართული ოცნების” ამბიციის საპირისპიროდ, პარტიაში იციან, რომ მათსავე მხარდამჭერებს შორის პროევროპული ნაწილი საკმაოდ დიდია (დიაგრამა 1). ამიტომ, ავტოკრატიისკენ თანდათანობითი გადახრის პროცესში, გარკვეულ ეტაპზე მაინც მნიშვნელოვანია, პროევროპულობის ფასადის შენარჩუნება, რათა მმართველმა პარტიამ თავიდან აიცილოს პროევროპულად განწყობილი ამომრჩევლის სწრაფი დაკარგვა.

 

დიაგრამა 1: კროსტაბულაცია – ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა; რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?

წყარო: Caucasus Barometer

 

შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მთავრობა ცდილობს, შექმნას „ორი ევროპის“ სახე ქართულ საზოგადოებაში – არსებობს „ცუდი ევროპა“, რომელიც უსამართლო და მიუღებელია, და არსებობს „კარგი ევროპა“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსთვის უფრო მისაღები უნდა იყოს. „კარგი ევროპის“ ხატის შექმნა ხდება დემოკრატიული ევროპის ერთგვარ თავის ტკივილად მიჩნეული ვიქტორ ორბანის უნგრეთის მთავრობასთან დაახლოებით და უნგრეთის „ნამდვილ ევროპად“ წარმოჩენის გზით. ორბანის ევროკავშირი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის მოდელი, ერთგვარი „მონათესავე სული“, რომელსაც მმართველი პარტია საზოგადოებას სთავაზობს „უსამართლო“ ევროპის საპირწონედ.

საფრთხე იმაშიცაა, რომ საკუთრივ ევროკავშირის შიგნით ულტრამემარჯვენე პოპულისტურ და ლიბერალურ დემოკრატიულ ძალებს შორის ბრძოლა გაძლიერებულია. ულტრამემარჯვენე ძალები გაუმჯობესებულ შედეგებს აჩვენებენ ევროპის არჩევნებში, მეტიც, ისინი, დიდი ალბათობით, მოახერხებენ ევროპარლამენტში ახალი ულტრამემარჯვენე ფრაქციის შექმნას ორბანის პარტიის ლიდერობით. ამას ისიც ემატება, რომ 2024 წლის ივლისიდან ექვსი თვის განმავლობაში სწორედ ორბანის უნგრეთი გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას. ეს ყველაფერი კი „ქართული ოცნებისთვის“ სასათბურე პირობებს ქმნის, საკუთარ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მეორე, არალიბერალური ევროპის იდეა აქტიურად შესთავაზოს.

„ქართული ოცნების“ ევროპულ რელსებზე (არ)ყოფნა – ევროკავშირის დიქოტომია პარტიის რიტორიკაში

„ქართული ოცნების“ მთავრობის იდეოლოგიური ცვლილება პოპულისტური კონსერვატიზმისკენ 2023 წლის მაისში უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC2022) მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააოფიციალურა. საერთაშორისო დონეზე გაცხადებული ახალი რიტორიკის თავისებურება იყო ერთგვარი „ქართული პარადოქსის“ მანიფესტაცია: საქართველო კვლავ ევროპული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოდ რჩება, თუმცა თავად ევროპა განიცდის იმგვარ ეროზიას, რომელიც საქართველოსნაირი „ღირსეული“ ქვეყნებისთვის მისაღები არ არის. ამ პარადოქსული მდგომარეობის გასამართლებლად პარტიას სჭირდება ძლიერი პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოს შიგნით, რათა წარმოადგინოს საკუთარი თავი, როგორც არა ევროინტეგრაციაში წარუმატებელი მთავრობა, არამედ ღირსეული ევროპული ძალა, რომელსაც ეროვნული მიზნების მიღწევაში ხელს თავად ბრიუსელი უშლის.

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც ევროკავშირის შესახებ ქართული ოცნების ნარატივებს ახასიათებს, არის არა ევროკავშირის და ევროპის იდეის სრულად უარყოფა, არამედ ერთგვარი „ალტერნატიული ევროპის“ იდეის წარდგენა საზოგადოების პროევროპული ნაწილისთვის. ეს დიქოტომია პარტიულ პროპაგანდას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აქვს გაშლილი.

 

  • ღირსეული ევროპა VS უღირსი ევროპა

პირველი და ყველაზე ინტენსიური რიტორიკა ევროკავშირის მიმართ უკავშირდება მის ერთგვარ „ამორალურობას“, „ღირებულებებისგან დაცლას“. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მედიასაშუალებები, როგორიცაა, მაგალითად, იმედი, ცდილობენ, რომ საზოგადოებამდე აქტიურად მიიტანონ ევროკავშირის, როგორც უღირსი, აღვირახსნილი ერთობის სახე. და რადგანაც დემოკრატიული ევროპა აკრიტიკებს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ კანონებს, პარტიის ელიტა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ევროპა, ამავდროულად, ქართულ იდენტობას, რელიგიას და ღირებულებებს ებრძვის. მაგალითისთვის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, „ჩვენი დღევანდელი ბრძოლა, რომელიც „ენჯეოების“ და ლგბტ პროპაგანდის შესახებ კანონების მიღებას უკავშირდება, არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“.

ამგვარად, დიპლომატ გოჩა ჯავახიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხდება ევროპის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოდგენა, თითქოს ეს იყოს გარყვნილების ბუდე“. ეს რიტორიკა კი, ქართული ტიპის – უმეტესად, კონსერვატიულად განწყობილ – საზოგადოებაში, როგორც წესი, ადვილად ხდება ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის მობილიზების ინსტრუმენტი დაინტერესებული მოთამაშეების, ამ შემთხვევაში, მმართველი პარტიის ხელში. თუმცა, ეს ღირებულებები, სინამდვილეში, განვითარებული ევროპული დემოკრატიებისთვის შეიძლება ძალიან ძვირფასიც იყოს.

 

  • დამოუკიდებელი ევროპა VS მართული ევროპა

მეორე ტიპის დიქოტომია, რასაც ქართული ოცნება ევროკავშირის შესახებ საზოგადოებას სთავაზობს, არის მტკიცება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები მართულია გაურკვეველი ძალების ნაკრების მიერ, და ამ ინფორმაციის მარტივად აღსაქმელად პარტია იყენებს ტერმინს „გლობალური ომის პარტია“, რომელიც, ზოგიერთი ქართველი პარლამენტარის მტკიცებით, მასონების მსგავსი „მესამე ხმაა“ საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტისას. დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს პარტია ამ ტერმინის ქვეშ, თუმცა პერიოდულად ისინი მტრის ხატის კოლექტიურ სახეში აქცევენ აქტორების საკმაოდ ფართო დიაპაზონს დაწყებული შიდა მოთამაშეებიდან – ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, დამთავრებული საქართველოს საერთაშორისო მეგობრებითა და პარტნიორებით.

ამ რიტორიკის ერთგვარი „მსხვერპლი“ გახდა ვენეციის კომისიაც კი, რომელსაც, ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის თქმით, ქართული ანტიდემოკრატიული კანონების შესახებ კრიტიკული დასკვნები „დააწერინეს“. ქვეყნის პრემიერმა ისიც კი განაცხადა, რომ “ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი”, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ევროპული ინსტიტუტების იმიჯის დევალვაციას ქართული საზოგადოების თვალში. ცხადია, ეს კონსპირაციული მიდგომა მინიმუმ გაურკვევლობასა და უნდობლობას, და მაქსიმუმ გაღიზიანებას იწვევს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს შორის.

 

  • სამართლიანი ევროპა VS უსამართლო ევროპა

ერთ-ერთი მთავარი ორსახოვნება, რომლის წარმოჩენასაც ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს, არის ბრიუსელის უსამართლობა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღების საკითხს. სამართლიანობა-უსამართლობის დიქოტომიას აქვს ორი ძირითადი მიმართულება. ხშირად, მმართველი პარტიის სახეები მიუთითებენ, რომ ევროკავშირს სურს, საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი გაიხსნას, რასაც თბილისი არ თანხმდება, და სწორედ ამიტომ, ბრიუსელი „გვსჯის“ და არასამართლიანად აფასებს ქვეყნის პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. მეორე განზომილება კი იმაში მდგომარეობს, რომ მაშინ, როდესაც თავად ევროპულ სახელმწიფოებს აქვთ დემოკრატიის პრობლემები – არბევენ აქციებს და იღებენ „უცხოური გავლენის საწინააღმდეგო“ კანონებს, ისინი საქართველოსგან ითხოვენ „მსგავსი“ პოლიტიკის შეჩერებას. მათ „სულელები ვგონივართ“ და ჩვენს მოტყუებას ცდილობენ.

ბრიუსელიდან ბუდაპეშტამდე: რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ორი ევროპა?

რაც უფრო მეტად არადემოკრატიული და ანტიევროპული ხდება „ქართული ოცნების“ სტრატეგია, მით უფრო წარმოუდგენელია მმართველი პარტიის ევროინტეგრაციულ წარმატებასთან ასოცირება. ფაქტია, „ოცნება“ ვერ თმობს ევროინტეგრაციულ ნარატივს გამოკვეთილად პრო-ევროპული ქართული საზოგადოების წინაშე და იჩემებს, რომ 2030 წლისთვის ევროპეიზაციას ჩამორჩენილი ქვეყანა გაწევრებისთვის მზად იქნება. ამ პარადოქსის გასამართლებლად, პარტიას არჩეული აქვს „ალტერნატიულ ევროპაზე“ აქცენტების სტრატეგია. ამ სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირს ორი სახე აქვს – „კარგი და ცუდი“. ეს უკანასკნელი თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

ეს მიდგომა საბოლოოდ უთხრის ძირს იმ შესაძლებლობის წარმატებით გამოყენებას, რომელიც საქართველოსთვის 2022 წლის შემდეგ გაჩნდა დაჩქარებული გაფართოების პროცესის სახით. მმართველი პარტია ინტენსიურად ცდილობს ევროკავშირის, მისი ლიდერებისა და ინსტიტუტების ავტორიტეტის შელახვას და დევალვაციას. მეორე – „ღირსეული და სამართლიანი“ ევროპის ხატის წარმოდგენით,  „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოკვეთილად პრო-ევროპული ქართულ საზოგადოებას აყენებს წარმოსახვითი არჩევანის წინაშე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

 

© Photo from: Politico
, , , , , , ,