28 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში ჩატარდა პოლიტიკის ნარკვევების პირველი საჯარო პრეზენტაცია.
პოლიტიკის ნარკვევი სახელწოდებით „ველობილიკების როლი და მათი ეფექტურობა ქალაქში სატრანსპორტო უჰაერობის პირობებში“, ავტორმა, GIP-ის საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის მონაწილემ, შიო ჯაშმა, წარადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში – ISET-ში, რომელიც წარმოადგენს ავტორის ალმა-მატერს. აღნიშნული პოლიტიკის ნარკვევი ეხება საქართველოში არსებულ მუნიციპალური დონის გამოწვევებს, რომელიც წარმოადგენს სწორედ კურსის ერთ-ერთ თემატურ ჯგუფს.
პოლიტიკის ნარკვევი „ველობილიკების როლი და მათი ეფექტურობა ქალაქში სატრანსპორტო უჰაერობის პირობებში“ ეხმიანება იმ მწვავე მოცემულობას, რაც საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით, დედაქალაქში არის. ერთ-ერთია საცობების გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ალტერნატიული ტიპის გადაადგილების მეთოდების, მაგალითად ველოინფრასტრუქტურის არარსებობით ან გაუმართაობით. ბოლო ათწლეულში განხორციელებული თბილისის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროდუქტი, ქალაქის ისტორიაში პირველად მოწყობილი, ველობილიკებია. თუმცა, დღესდღეობით ველოინფრასტრუქტურით სარგებლობა კვლავ არაპოპულარულია, განსხვავებით საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი მომხმარებელი ჰყავს. თბილისში არსებული ველობილიკების ქსელი შეკრული არ არის და არ არსებობს ველობილიკებისთვის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და გათვალისწინებული უსაფრთხოების წესები და ნორმები. ამასთანავე, ხშირად ველობილიკის არსებობა უგულებელყოფილია, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილის მძღოლების მიერ. ამ ყველაფრის ფონზე, დედაქალაქში, ასევე, საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, აღინიშნება სატრანსპორტო გადატვირთულობისა და ჰაერის დაბინძურების მატება, რომელიც ერთ-ერთი მეტად მწვავე, ამ ეტაპზე, გადაუჭრელი პრობლემაა. ამ მოცემულობით, აუცილებელია ველობილიკების პოტენციალის შესწავლა, თუ რა როლი შეიძლება ითამაშონ ქალაქში არსებული სატრანსპორტო უჰაერობის პირობებში. საველოსიპედო გზის ეფექტურად განვითარება და გამოყენება გადამწყვეტია მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი ურბანული გარემოს ხელშეწყობისთვის. ნაშრომის ავტორმა ველობილიკების მოხმარებასთან აკავშირებით ჩაატარა ორი ფოკუს-ჯგუფის კვლევა. ასევე, თემაზე – ველობილიკების პოტენციალი და გამოწვევები, კვლევის ავტორმა ჩაატრა ინტერვიუ კავკასიის ველო ქსელთან (CCN) და ორგანიზაციასთან „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.“
პრეზენტაციას ესწრებოდა კავკასიის ველო ქსელის, CCN-ის წარმომადგენელი, მარ მიხელიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პოლიტიკის ნარკვევის დოკუმენტში ასახული, ველოინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გამოწვევები და პრობლემები. პრეზენტაციის ბოლოს აუდიტორიას მიეცა საშუალება კითხვები დაესვათ მომხსენებლებისთვის.
შუალედური პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.