04/10/2024 GIP

GEO4EU პოლიტიკის დიალოგის რიგით მეორე სესია თბილისში

3 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით,  ბერლინში ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით, გაიმართა პოლიტიკის დიალოგის რიგით მეორე სესია სახელწოდებით “ადგილობრივი დღის წესრიგი მომავალი არჩევნებისთვის: პოლიტიკური პარტიების რეაგირება.”

საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, პოლიტიკური დებატების დიდი ნაწილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომავლის საკითხმა დაიკავა. თუმცა, ყოველივე ამის ფონზე, ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა მოლოდინების შეფასება და პარტიების წახალისება, მოამზადონ ადგილობრივი დღის წესრიგი მათი პოტენციური ამომრჩევლების საჭიროებებზე დაყრდნობით. ევროინტეგრაციის პროცესი, გეოპოლიტიკურ განზომილებასთან ერთად, ასევე მოიცავს ადგილობრივ რეფორმებსა და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, რეფორმებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოითხოვს.

ამის საპასუხოდ, GEO4EU პროექტის ფარგლებში დაორგანიზდა რიგით მეორე პოლიტიკის დიალოგი, რომელიც ქუთაისში ორგანიზებული პირველი დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენდა და მის ფარგლებში იდენტიფიცირებული ადგილობრივი დღის წესრიგის შესახებ ამომრჩევლების პერსპექტივის განხილვასა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან საპასუხო რეაგირების შეთავაზებას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, დიალოგმა გააერთიანა  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ძირითადად ფოკუსირებული იყო წინასაარჩევნო პოლიტიკის, კოალიციების ჩამოყელიბებისა და ამომრჩევლის მიერ იდენტიფიცირებული ადგილობრივი დღის წესრიგის მიმართ პარტიების საპასუხო პოლიტიკის საკითხებზე.  ღონისძიების ფარგლებში, ასევე განიხილეს დეზინფორმაციის საკითხები და მისი გავლენა საარჩევნო პროცესსა და დემოკრატიულ დისკურსზე. 

დისკუსია წარიმართა შემდეგი შეკითხვების გარშემო:

  • რამდენად შეესაბამება პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტები ამომრჩევლის მიერ იდენტიფიცირებულ ადგილობრივ დღის წესრიგს?
  • რა კონკრეტული პოლიტიკისა თუ ინიციატივების განხორციელებას გეგმავენ პარტიები ადგილობრივი ამომრჩევლის საჭიროებებისა და მოთხოვნების საპასუხოდ?
  • როგორ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი მუშაობა მეტად თანამშრომლობითი მმართველობის მიდგომის გასაძლიერებლად, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი განვითარებისკენ იქნება მიმართული?
  • როგორ გეგმავენ პოლიტიკური პარტიები დეზინფორმაციასთან ბრძოლას და საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლისთვის ზუსტი და სანდო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფას?

ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში და გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური მისიის წარმოამდგენლები, ასევე, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეები. ღონისძიებამ ხელი შეუწყო იდეების ინტერაქტიულ და დინამიურ გაცვლას და უფრო მეტად ინფორმირებული და ჩართული პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნას წინასაარჩევნო პერიოდში.

ღონისძიების მოდერატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით აფრასიძე. დიკსუსიის დასაწყისში, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტიკის ანალიტიკოსმა ნინო სამხარაძემ წარადგინა პოლიტიკის მემორანდუმი „პოლიტიკა ყოველთვის ადგილობრივია.” პოლიტიკის დიალოგის მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა კოალიციების წარმომადგენლები – გია ჯაფარიძე (ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა), საბა ბუაძე (ძლიერი საქართველო), გიორგი ბუტიკაშვილი (კოალიცია ცვლილებისთვის), დიმიტრი ცქიტიშვილი (გახარია საქართველოსთვის”). გარდა ამისა, თამუნა ნიკოლეიშვილმა, სოციალურმა მეწარმემ და რეგიონული განათლების ცენტრის დამფუძნებელმა ქუთაისიდან, აუდიტორიას გაუზიარა ადგილობრივი საჭიროებები და პერსპექტივები. 

ღონისძიება ორგანიზებულია ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით.

 

, , , , , , , ,