06/06/2023 GIP

GEODEM 2023 კონფერენციის ანგარიში – ქალები პოლიტიკურ პროცესებში: ქართული დემოკრატიის დაუძლეველი ბარიერები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
06-06-2023

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო საინტერესო ხდება, თუ რა სტრატეგიებს აირჩევენ პოლიტიკური პარტიები ელექტორალური წარმატების მისაღწევად, და რა საკითხები იქნება მათთვის პრიორიტეტული წინასაარჩევნო მზადების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყონ ზრუნვა ამომრჩევლის ყველა სეგმენტის კონკრეტული საჭიროებების ჯეროვნად ასახვაზე საკუთარ პროგრამებში. ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქართული ელექტორატის 50%-ზე მეტი ქალია. ამიტომ ის, რომ პარტიები ხშირად თავიდან იცილებენ საკუთრივ ამ სეგმენტის პრობლემებზე საუბარს და საკუთარ დღის წესრიგში შეტანას, ეს შეიძლება პარტიული კონკურენციის ერთგვარ ანომალიად მივიჩნიოთ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ქალი ამომრჩეველი, როგორც წესი, უფრო აქტიურია ხმის მიცემის დროს, ვიდრე მამაკაცი ამომრჩეველი. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ამომრჩევლის ამ სეგმენტს სჭირდება დამატებითი მექანიზმები, რათა საკუთარი საჭიროებები და ხედვა მუდმივად იყოს გაჟღერებული და დანახვადი ქართულ პოლიტიკურ პროცესში, განსაკუთრებით, რეგიონებსა და ეთნიკურ უმცირესობებში. თუმცა, ქართული პოლიტიკური გარემო ამგვარი მექანიზმების ნაკლებობას განიცდის. პოლიტიკური პარტიები ნაკლებად ახერხებენ რეგიონებში, და კონკრეტულად ქალ ამომრჩეველთან ჩართულობის უზრუნველყოფას, რისი მიზეზებიც აქტიური კვლევის საგანი უნდა იყოს. პანელი ორიენტირდება შემდეგ კითხვებზე:

იმისთვის, რომ პარტიულ პროგრამებსა და სტრატეგიებში ქალი ამომრჩევლის საჭიროებები ადეკვატურად იყოს წარმოდგენილი, გადამწყვეტია ქალი პოლიტიკოსების როლი, მათი აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიის თუ, ზოგადად, პარტიის ხედვის დაგეგმვის პროცესში. წარმომადგენლობის ერთგვარი იგივეობრივი მოდელის პრინციპებზე დაყრდნობით, ქალ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, უფრო ზუსტად გაიაზრონ ქალი ამომრჩევლის საჭიროებები და შეიტანონ ამგვარი საკითხები პარტიების დღის წესრიგში. გენდერული კვოტების პრინციპის შემოღებამ ქალი კანდიდატების რიცხვი პარტიულ საარჩევნო სიებში გაზარდა, თუმცა, საინტერესოა, როგორ არიან ქალები წარმოდგენილი საკუთარ პარტიებში, და რამდენად აქვთ რეალური გავლენა მათ პარტიების დღის წესრიგზე. შესაბამისად, მეორე პანელი განიხილავს ქართული პოლიტიკური პარტიების წევრი ქალების როლს პარტიის დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში და შიდაპარტიული დემოკრატიის გამოწვევებს ამ მიმართულებით.

2023 წლის მე-8-ე ყოველწლიური დემოკრატიის კონფერენცია სწორედ ზემოთ აღნიშნულ თემებს ეხებოდა. კონფერენციის შესავალში მისასალმებელი სიტყვა თქვა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯიუტე კერესელიძემ თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე რომ ქალი ამომრჩევლის ნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია და ასევე თქვა რომ პოლიტიკურ პარტიებს ეს გამოწვევად უდგათ. მან აღნიშნა, რომ ქალი ამომრჩევლები უფრო კრიტიკულად აფასებენ ქვეყნის განვითარებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს, ამგვარად მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ხედვების გათვალისწინება აუცილებელია და ამის მისაღწევად კიდევ ბევრია სამუშაო. შემდეგ მან კონფერენციის პანელური დისკუსიების თემები წარადგინა და სიტყვა გადასცა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს, ჰეიდი გრაუს. ელჩმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ წლებია გენდერული თანასწორობის მისაღწევად დისკუსია მიმდინარეობს, ასევე გაიხსენა მისი ციურიხის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი სადაც ეს თემა თაობის მიზნად იყო დასახული და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ახლაც იგივე პრობლემაზე უწევს საზოგადოებას საუბარი როგორც შვეიცარიაში, ისე საქართველოში, თუმცა განსხვავებული ხარისხით. ამიტომ, მან თქვა რომ მას უწევს გამეორება იმის რომ ქალთა ინკლუზია, მათი პოლიტიკაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიის განმარტება სწორედაც რომ წარმომადგენლობა და ინკლუზიაა. მისი თქმით, არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია ქალების და ქალთა სრული და აზრიანი მონაწილეობის გარეშე.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიხსნა პირველი პანელური დისკუსია თემაზე “ქალი ამომრჩეველი საქართველოში და მათი საჭიროებები პარტიების დღის წესრიგში,” რასაც მოდერატორობა გაუწია პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი). აღნიშნული პანელური დისკუსიის მიზანი იყო ქალი ამომრჩევლების საჭიროებების განხილვა კვლევებსა და გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით. ხოლო თემაზე მომხსენებლები იყვნენ თეონა ყუფუნია, (ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), თამარ საბედაშვილი (გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)), ნინო დოლიძე, (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)), თამთა მიქელაძე, (სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)).  მეორე პანელური დისკუსია დაეთმო თემას “ქალი პოლიტიკოსები და შიდაპარტიული დემოკრატია,”  რისი მოდერატორიც იყო პროფესორი დავით აფრასიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). პანელური დისკუსიის მიზანი იყო შიდა პარტიული დემოკრატიის განხილვა ქალთა ჩართულობის და წარმომადგენლობის ხელშეწყობის კუთხით. მეორე პანელი დაიწყო საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი პოლიტიკის ანალიტიკოსის, სალომე კანდელაკის პოლიტიკის დოკუმენტის შედეგების პრეზენტაციით, რომელიც შეეხებოდა შიდაპარტიულ სტრუქტურებში ქალთა ჩართულობის მექანიზმებს, ასევე იმას, თუ როგორ იყენებენ პარტიები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ არსებულ სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს. ხოლო პრეზენტაციის შემდეგ მოხსენებებით გამოვიდნენ ქალი პარლამენტის დეპუტატები, კერძოდ ხატია დეკანოიძე (დამოუკიდებელი დეპუტატი),  ანა ნაცვლიშვილი  (პარტია ლელო საქართველოსთვის),   ანა ბუჩუკური (პარტია გახარია საქართველოსთვის). მესამე პანელური დისკუსია დაეთმო თემას “ქალი ამომრჩევლის პოლიტიკური ჩართულობა და წახალისების გზები”, რომელსაც მოდერაცია გაუწია ლევან ცუცქირიძემ (აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD)). აღნიშნული პანელ-დისკუსიის მიზანი იყო ქალი ამომრჩევლების პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერების გზებზე მსჯელობა და გამოცდილების გაზიარება. ხოლო მომხსენებლები გახლდათ გენდერის კვლევაზე მომუშავე ექსპერტები, კერძოდ მარიამ კობალაძე (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC-საქართველო)), სონია შიფფერსი (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი), თამარ ბაგრატია (ექსპერტი გენდერის საკითხეში) და ელენე რუსეცკაია (ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)). მოხსენებების შემდეგ ყოველი პანელის დასრულებისას გაიმართა დისკუსია, სადაც აუდიტორიას მიეცა კითხვების დასმის და კომენტარის გაკეთების საშუალება.

GEODEM 2023 კონფერენციის ანგარიში | მაისი-ივნისი 2023

, , , , , , , , ,