2024-10-22 18:15:01
ქართული ოცნება საქართველოს უკვე 12 წელია მართავს, და პარტია ხელისუფლების მეოთხე ვადით მოპოვებისთვის იბრძვის, რაც, ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის უჩვეულო მოვლენაა. მმართველობის მიმდინარე – მესამე ვადა – განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა სახელმწიფოს დემოკრატიული და დასავლური კურსის განვითარებისთვის. შესაბამისად, ქართულ ოცნებას, 2024 წლის არჩევნებამდე პერიოდში, მზარდი ავტორიტარული ტენდენციების ფონზე უწევს ისეთი ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც საზოგადოების ვნებათაღელვას და პარტიის წინააღმდეგ უარყოფით მობილიზებას იწვევს. ქართულ ოცნებას თანდათან უფრო უჭირს საკუთარი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ამოცანების ხალხის ძალის შირმის ან „პროევროპულობის“ და „პროდემოკრატიულობის“ ბუტაფორიის მიღმა დამალვა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განსაკუთრებით რთული ხდება ამ დემოკრატიულობის ფასადის შენარჩუნება.
მოვლენათა ეს კომბინაცია, ხშირად, იმდენად თვითდამაზიანებელია პარტიისთვის, რომ ისედაც არსებული ძლიერი ეჭვები პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დომინაციის შესახებ, ბოლო წლებში, კიდევ უფრო გაძლიერდა. თვალსაჩინო გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც არაფორმალური მმართველობის ცენტრალური ფიგურა, პოლიტიკურ პროცესს საქართველოში პირადი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს და სახელმწიფო ინტერესებს პირად ინტერესს უქვემდებარებს. ის ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი პარტიის ძირითად ხედვებზე საქართველოს სახელმწიფოსა და გლობალური მოვლენების მიმართ. ამასთანავე, მიუხედავად იმისა რომ პარტია ჯერ კიდევ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც ქართველი ერის ინტერესების გამომხატველმა ერთადერთმა ძალამ, დემოკრატიის უკუსვლის ფონზე მას აქამდე გაცხადებული საგარეო და შიდაპოლიტიკური მიდგომების რადიკალურად შეცვლა მოუწია. ამ ფონზე, დღის წესრიგში დგება ქართული ოცნების შიშებზე აგებული პოლიტიკის ანალიზი და იმის ამოხსნა, თუ რა ინტერესები იკვეთება პარტიის რიტორიკიდან და როგორ ხედავს ის საქართველოს მომავალს, თუ 2024 წლის არჩევნების შედეგად მთავროის ჩამოყალიბებას მოახერხებს.
პოლიტიკის მემორანდუმი #77 | ოქტომბერი 2024
© Cover Photo: OC Media