საქართველო ამჟამად ღრმა და მრავალმხრივ კრიზისშია ჩაფლული. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება გამოაცხადა. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა, ფართომასშტაბიანი გაყალბებისა და არაკანონიერი პრაქტიკის მიზეზით არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს და მოითხოვეს მისი ხელახლა ჩატარება. პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.
ეს განცხადება მასობრივი საზოგადოებრივი მობილიზაციისა და უპრეცედენტო პროტესტების მიზეზი გახდა, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ხანგრძლივ და საყოველთაოდ ცნობილ ეროვნულ იდენტობას. საქართველოს კრიზისი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ონტოლოგიური კრიზისი — მდგომარეობა, რომელიც არღვევს ერის თვითაღქმასა და იდენტობას. ასეთი კრიზისები, ჩვეულებრივ, იწვევს მძლავრ რეაქციებსა და ემოციურ პასუხებს, რაც მიმართულია ეროვნული ნარატივის თანმიმდევრულობის აღდგენისკენ.
ბოლო პროტესტები არ მიეკუთვნება იზოლირებულ მოვლენათა რიცხვს, არამედ ის არის იმ კრიზისის კულმინაცია, რომელიც საქართველოში 2022 წლის თებერვლიდან- რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, დაიწყო. ეს მოვლენები სერიოზულად აისახა საქართველოს უსაფრთხოებაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ განწყობებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ კრიზისს და ზრდის საზოგადოებრივ მოთხოვნას უფრო ნათელი, ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზისადმი.
საქართველო საბჭოთა მმართველობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, დემოკრატიულ დღის წესრიგზე გადასვლის პროცესში მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, მაგრამ მიმდინარე კრიზისი თვისებრივად განსხვავდება წინა პრობლემებისგან. 1991 წლიდან მრავალი პოლიტიკოსი მოვიდა ხელისუფლებაში დემოკრატიის შესახებ დაპირებებით, თუმცა ისინი თანამდებობაზე ყოფნისას ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას, ასუსტებდნენ ინსტიტუტებს და ახშობდნენ საზოგადოებრივ ნდობას. მიუხედავად ამისა, ერთი ასპექტი მეტწილად უცვლელი რჩებოდა: პირადი შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს ლიდერები ძირითადად ხელს უწყობდნენ ევროპული ორიენტაციისა და ანტირუსული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას. ევროპელობა საქართველოს იდენტობაში ფესვგადგმულია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (და მრავალი თვალსაზრისით, უფრო ადრეც). ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფება ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული და წარმოადგენს საქართველოს ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილს. ყველა ბოლოდროინდელი ხელისუფლება პრიორიტეტულად განიხილავდა პროგრესს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით როგორც ცენტრალურ საგარეო პოლიტიკის მიზანს. თუმცა, 2022 წლიდან დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარ ერთგულებას ამ გრძელვადიანი ეროვნული მიზნისადმი. ისინი საკუთარ პოლიტიკას ამართლებენ უსაფრთხოებაზე ხაზგასმით—რუსეთის გაღიზიანებისგან თავის არიდებისა და უკრაინის ბედის თავიდან აცილების მიზნით. კობახიძის განცხადებამ, მიუხედავად ამგვარი მერყეობებისა, ცალსახად გამოხატა ევროპიდან დაშორებისა და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი—ნაბიჯი, რომელიც ბევრმა ქართველმა აღიქვა, როგორც ეროვნული იდენტობის ღალატი.
რუსეთის ჩრდილქვეშ
საქართველო აღმოჩნდა მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე შეზღუდული შესაძლებლობების, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის(რომელმაც 2008 წელს ძალადობრივად მიიტაცა საქართველოს ტერიტორიები) და ევროკავშირისა და ნატო არაწევრი სახელმწიფოს სტატუსის გამო. ქართული ოცნება- „მშვიდობის“ პარტია, რომელიც საზოგადოებას ჰპირდებოდა რუსეთთან შემდგომი კონფლიქტების თავიდან არიდებასა და საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებების ხელშეწყობას, ხელისუფლების სათავეში 2012 წელს მოვიდა. პარტიის ეს გზავნილი ეხმიანებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ მკაფიო პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, როდესაც 2016 წელს მიღწეულ იქნა სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის (DCFTA), ხოლო 2017 წელს განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეეძლოთ.
2022 წლამდე მთავრობის თვითგამოცხადებული „არაგაღიზიანების“ სტრატეგია საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ნავიგაციისთვის მდგრადი იყო. მაშინაც კი, როცა მმართველი პარტიის რიტორიკა და პრო-რუსული ქმედება იღებდა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ რეაქციებს აღნიშნული რიტორიკის ან ქმედების საპასუხოდ, ფართო საზოგადოებისთვის კვლავ კომფორტის საგნად რჩებოდა მმართველი პარტიის მიერ მიღწეული პროგრესი ევროინტეგრაციის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხრიდან ჩივილი „ქართული ოცნების“ მიმართ წლების განმავლობაში იმატებდა და მის უნარს- შეინარჩუნოს ძალაუფლება პოპულარობის შემცირების ფონზე, აძლიერებდა სუსტი ოპოზიციური პარტიები.
ამ კონტექსტში, ქართველები გააერთიანა არა ერთმა კონკრეტულმა ლიდერმა, პარტიამ ან სოციალურ-ეკონომიკურმა საკითხმა, არამედ ეროვნულმა ნარატივმა, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა როგორც ევროპულს და ანტირუსულს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველოს პოლიტიკაზე, საქართველოს არასტაბილური გეოპოლიტიკური პოზიციისა და ომში ჩართულ ორივე მხარესთან ადრინდელი ურთიერთობების გამო.
ომმა გააღვიძა საქართველოს მოგონებები 2008 წლის გამოცდილებიდან (დაკავშირებული ტრავმებთან) და ამასთან, გააღვიძა რუსეთის მხრიდან მორიგი თავდასხმის შიშიც. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ნარატივი თანმიმდევრულად ასახავდა მსგავს შიშებს რათა შეენარჩუნებინა ძალაუფლება, ნარატივი ასევე მთავრობას მშვიდობის გარანტორად წარმოაჩენდა, ამ სტრატეგიამ უარყოფითი შედეგი გამოიღო, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მთავრობა გადაჭარბებით მიუთითებდა რისკებზე და რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა მნიშვნელოვანი საკითების გადაფარვას რუსეთისგან მომავალი საფრთხის თემით ცდილობდნენ.
რუსეთის სუვერენულ მეზობელზე ასეთმა თავხედურმა თავდასხმამ, უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთელ დააყენა წინა პლანზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველების უმეტესობას უკრაინის ომთან მიმართებით თავისებური აღქმა და რუსეთის დამარცხების საერთო სურვილი ჰქონდა, ომმა საფუძველი ჩაუყარა ფართო საზოგადოების მოთხოვნას მორალური სიცხადის შესახებ ქართველი ლიდერების მხრიდან, თუმცა ასეთი მორალური სიცხადე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა „პრაგმატული“ და „არაგამაღიზიანებელი“ საგარეო პოლიტიკის მიდგომას, რომელსაც ქართული ოცნება 2012 წლიდან იცავდა.
გამომდინარე იქიდან, რომ აშკარად იყო- საქართველოს ისტორიული მტერი უხეშად არღვევდა სამართლის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს და განადგურებით ემუქრებობდა კეთილგანწყობილ მეზობელს. ამ ვითარებაში, ქართველი პოლიტიკოსების ნეიტრალური მოსაზრებები, ბევრმა ქართველმა პრორუსულად შეაფასა.
იმის გამო, რომ მიმდინარე ომმა ზეწოლა მოახდინა შორ და ახლო დამკვირვებლებზე მკაფიო პოზიციების დემონსტრირების კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის უმეტესმა ნაწილმა ნეიტრალური პოზიციიდან სულ უფრო გადაინაცვლა აშკარად ანტიევროპული და პრორუსული რიტორიკისა და პოლიტიკისკენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ყოვლისმომცველი ეროვნული ნარატივისადმი თანმიმდევრული და აქტიური დამოკიდებულებით, მმართველ პარტიას თვალსაჩინო საპირისპირო მაგალითი შესთავაზა. იმ მომენტიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ზურაბიშვილმა დაგმო აგრესორი, გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მტკიცე ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი. იგი ხშირად ავლებს პარალელს საქართველოსა და უკრაინის ბედს შორის, ხაზს უსვამს მათ ბრძოლას საერთო მტრის წინააღმდეგ და საქართველოსა და უკრაინის საერთო ხედვას ევროპული მომავლის შესახებ. ამ წლის დასაწყისში Global Studies Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მე გავაანალიზე, თუ როგორ ასახავს ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის- ირაკლი ღარიბაშვილის განსხვავებული პოზიციები დაუცველობას ამ მიმდინარე კრიზისის ფონზე: ეს უკანასკნელი ფოკუსირებული იყო ომსა და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, ხოლო პირველი ხაზს უსვამდა პროევროპული ეროვნული ხედვისა და საგარეო პოლიტიკის დაცვის მნიშვნელობას. მათი გაყოფა უკვე აშკარა იყო, თუმცა ჯერ კიდევ არ იყოს სურათი სრული 2022-2023 წლების პერიოდში, როდესაც კვლევა ჩატარდა. ამის შემდეგ, მმართველმა პარტიამ და მისმა ახალმა პრემიერმა დააჩქარეს უფრო აშკარად პრორუსული და მზარდი ავტორიტარიზმისკენ სვლა, რის კულმინაციასაც წარმოადგენს 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს ფართო გაყალბებისა და უკანონობის გამო. არჩევნების შემდგომ მთავრობას, რომელსაც ბევრი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არალეგიტიმურად მიიჩნევს, თან მოჰყვა საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, რასაც ქვეყანა ადვილად პროგნოზირებად, მაგრამ ღრმა კრიზისამდე მიჰყავს.
საბოლოოდ, კრიზისი, რომელიც ამჟამად ვითარდება საქართველოში, მნიშვნელოვანი თვალსაზრისით შეიძლება ჩაითვალოს როგორც უკრაინაში რუსეთის 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის არაპირდაპირი შედეგი. კრიზისი თავიდნვე იყო ფუნდამენტურად ონტოლოგიური- ქვეყანაში ბევრი ხედავს, რომ მათი კოლექტიურ ეროვნულ იდენტობას საფრთეს უქმნის მთავრობის ქმედებები, რასაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება ხალხის მხრიდან. უკვე 2022 წელს, რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე დღეში, საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი მრავალდღიანი მასობრივი გამოსვლები იხილა. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის დედაქალაქებში, თუმცა საქართველოს პროტესტი განსხვავებული იყო. პროტესტი საქართველშო მკაფიოდ ავლენდა ქართველების არა მხოლოდ მხარდაჭერას უკრაინელების მიმართ, არამედ პროტესტი წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული იდენტობის ემოციური გამოვლინებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მანიფესტაციას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა აღიარეს, როგორც უკრაინის გამოცდილების პარალელური. საქართველოს ომის საწინააღმდეგო პროტესტის ეს განზომილება – ისევე როგორც ქართველების შემდგომი პროტესტი მთავრობის მიერ შემოღებული კანონის “უცხოელი აგენტის” წინააღმდეგ და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერებაზე ბოლოდროინდელი განცხადებები, გარდაუვალი იყო- უკრაინის დროშების ზღვა ფრიალებს უამრავ ქართულ და ევროპულ დროშაში, ისევე როგორც ბანერები ლოზუნგებით -„არასდროს დაბრუნდე სსრკ-ში“ და „ჩვენ ევროპა ვართ“.
დასკვნა: სამოქალაქო საზოგადოების ძალა
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კრიზისი საქართველოში მკვეთრად გამწვავდა, რაც ორ სრულიად განსხვავებულ მომავლის სცენარს გვიჩვენებს, თითოეული სავსეა მნიშვნელოვანი საფრთხეებითა და იმედებით. ზემოთ აღწერილ საზოგადოებრივ კონტექსტში, მთავრობის აშკარა ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკისკენ შემობრუნება პოლიტიკურ თვითმკვლელობას წარმოადგენს, თუ ამას არ ახლავს დემოკრატიული პრინციპების მთლიანად მიტოვება. ბოლო კვირებმა დაგვანახა ეს შემაშფოთებელი ცვლილება: უსაფრთხოების ძალებმა ძალადობრივად ჩაახშეს მშვიდობიანი პროტესტები, უკანონოდ დააკავეს და აწამეს ბევრი ადამიანი, ხოლო ამავდროულად მმართველმა პარტიამ დააჩქარა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების კონსოლიდაციასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას.
ამ კრიტიკულ მომენტში, უპრეცედენტო საზოგადოებრივი მობილიზაცია და ფართომასშტაბიანი პროტესტები იმედს გვაძლევს, რომ ძლიერი და მდგრადი საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასა და ქვეყნის პროევროპულ გზაზე დაბრუნებას.
მთავრობის რეპრესიული ზომების ესკალაციამ პროტესტის მუხტი ვერ ჩააცხრო; პირიქით, პროტესტები გაიზარდა ზომით და მასშტაბით, მათში მონაწილეობენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან და საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან. პროტესტები აჩვენებს თვითორგანიზაციისა და საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის სტრატეგიების სპონტანურ, თუმცა ეფექტურ მრავალფეროვნებას.
ამ უპრეცედენტო პროტესტებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მრავალმხრივი განზომილება ცალკეული ანალიზისს იმსახურებს. აღნიშნული მკაფიოდ აჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, როგორც შიდა, ისე განსაკუთრებით საერთაშორისო ურთიერთობებში. პოლიტოლოგები და კომენტატორები ხშირად აიგივებენ ეროვნულ სახელმწიფოს მის მთავრობასთან—რაც ზოგჯერ გასაგებია, მაგრამ ასევე შეცდომაში შემყვანი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების შედარებით დიფუზიური მოქმედებების აღქმა რთულია, ის ყოველთვის სახელმწიფოს ნაწილია და სხვადასხვა გზით ახდენს გავლენას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.
კრიტიკული სიტუაციები კრიტიკულ რეაგირებას მოითხოვს და წარმოაჩენს მრავალ დაუფასებელ აქტორს, სხვადასხვა დონეზე ორგანიზაციით. კრიზისი საქართველოში გვიჩვენებს, რომ როდესაც მთავრობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ფართოდ გაზიარებულ ეროვნულ ნარატივსა და კოლექტიურ მიზანს, ამან შეიძლება უბიძგოს სამოქალაქო საზოგადოებას მოქმედებისკენ, მიუხედავად რეპრესიული ძალის გამოყენებისა. მიმდინარე კრიზისის შედეგზე უამრავი ფაქტორი მოახდენს ზეგავლენას. საქართველოს მომავალი პოლიტიკური რეჟიმი და გეოპოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე, არამედ რეგიონსა და, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, გლობალურ პოლიტიკაზეც.
ეთერი ცინცაძე-მაასსი
დოქტორი; არის ჰემპტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ასისტენტ პროფესორი. მისი კვლევა ფოკუსირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე, ასევე, საფრთხეების აღქმისა და პოლიტიკური ქცევის იდეურ საფუძვლებზე.