2024-12-25 12:03:18
საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა, დიდი ხანია, გასცდა პოლიტიკური კრიზისის მასშტაბებს და გაცილებით უფრო ფართო განზომილება შეიძინა. თითქმის ერთი თვის განმავლობაში, ქართველი ხალხი თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში უწყვეტად აპროტესტებს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ მოქმედებებს, რასაც პარტია მომძლავრებული ძალადობით, რეპრესიული კანონმდებლობით და მასობრივი დემონსტრაციების მარგინალიზებით პასუხობს. თავის მხრივ, საზოგადოებრივი წინააღმდეგობის პოლიტიკური ლიდერობის ხელში აღებას ოპოზიცია ვერ ახერხებს, რადგან ისედაც სახალხო ნდობის კრიზისში მყოფმა პარტიებმა, სადავოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (OSCE/ODIHR 2024), საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სკეპტიციზმი ვერ დაძლიეს.
ამ ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედეგობამ და დემოკრატიულმა წინააღმდეგობამ გააჩინა მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილი როგორც ბრძოლაში ჩართული საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკური პარტიებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მართალია, ქართული ოცნების არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილება ოფიციალურად წყდება, თუმცა საპარლამენტო საარჩევნო კოლეგიასაც და ახალ პრეზიდენტსაც ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნამ (OSCE/ODIHR 2024). სალომე ზურაბიშვილი კი, როგორც თავად ამბობს, 29 დეკემბრის ინაუგურაციის შემდეგ არ აპირებს პრეზიდენტის ლეგიტიმური სტატუსის დატოვებას (Zurabishvili 2024a;b). თავის მხრივ, ქართულმა ოცნებამ გააკეთა რამდენიმე მინიშნება იმის შესახებ, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი შეიძლება „გისოსებს მიღმა“ აღმოჩნდეს (Kobakhidze 2024). ეს სრულიად არაორდინალური მოცემულობა, კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობასთან ერთად, რამდენიმე კითხვის ნიშანსაც აჩენს. ამ ეტაპზე, ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს პოსტ-საინაუგურაციო რეალობამ და რა რისკებს შეიძლება შეეჩეხოს პროდასავლური და პროდემოკრატიული პროცესი ქვეყანაში სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის, ლიდერობის პირობებში.