29/01/2025 GIP

ფსიქოლოგიური მედეგობა საქართველოში: როგორ ვუმკლავდებით ინფორმაციულ საფრთხეებს

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-01-29 08:51:16

ავტორები

კორნელი კაკაჩია, ბიძინა ლებანიძე, მარეკ კოვი, სალომე კანდელაკი, ბიძინა ლებანიძე, შოთა კაკაბაძე

წინამდებარე პოლიტიკის ნარკვევი, საქართველოს მაგალითზე, შეისწავლის თუ რამდენად შეუძლიათ პატარა, ფრონტისპირა სახელმწიფოებს საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო შავი ზღვის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის კონფლიქტურ ინტერესთა შორის მოქცეული, გეოპოლიტიკური დაპირისპირების, ფრონტისპირა სახელმწიფოა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, ამის შედეგად კი რუსეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკური მეტოქეობის გამწვავებამ, კიდევ უფრო გაამძაფრა საქართველოს დაუცველობა მომეტებული საინფორმაციო საფრთხეებისა და არალიბერალური სახელმწიფოებისაგან მომდინარე მტრული დამოკიდებულებების მიმართ.

კვლევის მიზანია სრულყოფილად გაანალიზდეს თუ რა საფრთხეებს უქმნის მტრული საინფორმაციო აქტივობები ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიურ მედეგობას და რა როლს თამაშობს ქართული მედია, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური აქტორები, თუ საერთაშორისო საზოგადოება ამ დაუცველობის გამწვავებასა თუ შერბილებაში.

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით კვლევა უმთავრესად ეფუძნება თვისებრივი კვლევის მეთოდებს, მათ შორის, როგორც სამაგიდე, ისე საველე კვლევის ინსტრუმენტებს. სამაგიდე კვლევის კომპონენტი მოიცავს პირველადი და მეორეული წყაროების დამუშავებას, ხოლო საველე კვლევის კომპონენტი მოიცავს ინტერვიუებს უსაფრთხოების ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, ასევე ფოკუს-ჯგუფებს ქართული მედიის წარმომადგენლებთან.

ნატო საინფორმაციო საფრთხეებს განმარტავს როგორც „განზრახ, მავნე, მანიპულაციურ და კოორდინირებულ ქმედებებს, რომლებსაც სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები ახორციელებენ და შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საქმიანობებით – უცხოური აქტორების მიერ ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა, საინფორმაციო ოპერაციები და დეზინფორმაცია. ეს აქტივობები დაბნეულობის გამოსაწვევად ხორციელდება, ასევე ემსახურება განხეთქილების დათესვას, საზოგადოებების დესტაბილიზაციას, აღქმებსა და ქცევებზე გავლენის მოხდენას და, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს ნეგატიურ ზემოქმედებას ნატოზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე” (NATO 2024).

თანამშრომლობითი მიდგომიდან გამომდინარე, ნატომ ერთი მხრივ, განავითარა საინფორმაციო საფრთხეებზე რეაგირების მთელი რიგი საშუალებები (როგორც პროაქტიული, ასევე რეაქტიული), ხოლო მეორე მხრივ, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიები. აღნიშნული სტრატეგიები მოქნილია, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს საფრთხის მახასიათებლებისდა მიხედვით, ამასთან ისინი შეესაბამება ნატოს სტრატეგიულ საკომუნიკაციო მიზნებსა და პრიორიტეტებს. რეაგირების საშუალებები სტრუქტურირებულია ოთხი ძირითადი ფუნქციის გარშემო: შესწავლა, პრევენცია, შეკავება და შერბილება და აღდგენა (ibid).

ფსიქოლოგიური მედეგობა საერთაშორისო პოლიტიკაში საკვანძო კონცეფციაა. ოქსფორდის ბიბლიოგრაფიის მიხედვით, ფსიქოლოგიური მედეგობა გულისხმობს ინდივიდებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების უნარს, სწრაფად და მარტივად აღიდგინონ ძალები ან წინააღმდეგობა გაუწიონ უბედური შემთხვევების ეფექტებს. სახელმწიფო მართვის ხელოვნებაში, იგი გულისხმობს არა მხოლოდ შოკებისა და არეულობებისაგან ძალების აღდგენის უნარს ან “ნორმალურობასთან” დაბრუნებას, არამედ იგი ადაპტაციის გზით იძლევა „წინ წასვლის“ ეფექტსაც. ეს უკანასკნელი, შესაძლოა, განხილულ იქნას როგორც სასურველი მდომარეობა, მიუხედავად იმ ურაყოფითი მახასიათებლებისა, რაც თან სდევს გარეგანი, დროში განგრძობადი შოკებისადმი დაუცველობას. ფსიქოლოგიური თავდაცვის მიმართ შვედური მიდგომა გულისხმობს მოსახლეობის უნარს, ამოიცნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე გავლენის მქონე კამპანიებსა და დეზინფორმაციას, რითაც ხელს შეუწყობს მედეგობას და განამტკიცებს მზაობას ქვეყნის დასაცავად.

ჩვენი ანალიზის მთავარი მიგნებაა, რომ საქართველოში ფსიქოლოგიური მედეგობის დაბალი ხარისხი ასუსტებს ქვეყნის უნარს, რეაგირება მოახდინოს საინფორმაციო საფრთხეებზე და აძლიერებს მათ ნეგატიურ ზემოქმედებას. ეს ნაწილობრივ გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისა და პოლიტიკურ კლასის აღქმებში, ქვეყნის მთავარ მიზნებსა და რისკებთან მიმართებით, მნიშვნელოვანი აცდენა შეინიშნება.

კომპლექსური საინფორმაციო საფრთხეების დაძლევა იმგვარ საპირწონე ღონისძიებათა ერთობლიობას ითხოვს, რომელიც საზოგადოების ერთიან მიდგომაში (Whole of society approach) იქნება ინტეგრირებული. ეს ყველა მთავარი აქტორის ჩართულობასა და ერთობლივ მუშაობას საჭიროებს – მათ შორის დამოუკიდებელი ფაქტჩეკერების (ფაქტების შემმოწმებლების), გადაწყვეტილების მიმღებებისა და აკადემიური საზოგადოების მხრიდან. თუმცა, საქართველოს ამჟამად სწორედ ეს აკლია: მისი საზოგადოება გაყოფილია, პოლიტიკური კლასი კი – ღრმად პოლარიზებული. უახლეს წარსულში საქართველოს მთავრობის სოციალურად კონსერვატიულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე გადასვლამ, ასევე საგარეო პოლიტიკური კურსის არალიბერალური აქტორებისკენ რეორიენტირებამ და დასავლეთისგან ჩამოშორებამ, საინფორმაციო საფრთხეებთან დაპირისპირებაში საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო დაასუსტა. მმართველი პარტიის ამოცანა – ძალაუფლება განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს და ქვეყნის ინსტიტუტები საკუთარი მმართველობის პერიოდის გახანგრძლივებისთვის გადააწყოს – კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის მედეგობას საინფორმაციო საფრთხეების მიმართ. არჩევნების გაყალბებისა და უსამართლობის აღქმამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში (Gutbrod 2024) საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, სოციალური განხეთქილება კი გაამწვავა. შესუსტდა საერთო იდენტობების განცდაც, შედეგად კი საქართველო სულ უფრო დაუცველი ხდება გარე მავნე გავლენის მიმართ, რაც თავის მხრივ, ასუსტებს ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიურ მედეგობას.

ამ კონტექსტში, სასარგებლოა საქართველოს მედეგობის სხვა მცირე სახელმწიფოებთან შედარება, რომლებიც გარკვეულწილად მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგარან. ერთი ასეთი მაგალითია ესტონეთი. წინამდებარე ნაშრომი აღწერს ესტონეთის ხანგრძლივ ბრძოლას რუსული საინფორმაციო საფრთხეების წინააღმდეგ და თუ როგორ მოახერხა ბალტიისპირეთის ამ სახელმწიფომ განმეორებადი საინფორმაციო საფრთხეების შემცირება და მათ მიმართ მედეგობის შენარჩუნება. ესტონეთის არაერთი საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია ბევრი ისწავლოს ესტონეთისგან. მათ შორისაა მრავალმხრივი სახელმწიფო სტრატეგიები და საზოგადოების ერთობლივი და კოორდინირებული მიდგომები მთავრობას, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. თუმცა, ორ ქვეყანას შორის არსებითი განსხვავებებიცაა, რაც საქართველოს უფრო დაუცველს ხდის ინფორმაციული საფრთხეების მიმართ. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება გეოპოლიტიკურ გარემოშია: ესტონეთისგან განსხვავებით, საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გარანტიები არ აქვს დასავლეთის მხრიდან. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ სწრაფვამ ჯერაც ვერ შეისხა ხორცი (Cecire 2022), ევროკავშირი კი ათწლეულებია უგულებელყოფს საქართველოს უსაფრთხოების არასტაბილურ მდგომარეობას (Sabanadze 2022). ამავდროულად, რუსეთის არაპროვოცირებულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ  აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა რეგიონული ჰეგემონიის აღსადგენად პირდაპირი სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ (კაკაჩია 2024). რუსეთის წინააღმდეგ თუნდაც მინიმალური შეკავების სისტემის არარსებობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქვეყნის დაუცველობის შესახებ წარმოდგენის ფართოდ გავრცელებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მწარე გამოცდილებამ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის განმეორებითმა შემთხვევებმა, „ბორდერიზაციის“ სახით, (კაკაჩია 2018) საქართველოს მოსახლეობის  ფსიქოლოგიური მედეგობა კიდევ უფრო დააზიანა. ეს სიტუაცია საქართველოს რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო საფრთხეებისთვის ნოყიერ ნიადაგად აქცევს და ასევე, ხსნის, რატომ რჩება „მშვიდობის“ არგუმენტი ასეთი მიმზიდველი საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დაუცველობას და უსაფრთოების არქონის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომდგენელთა მხრიდან ევროკავშირისა და ნატოს ნეგატიურ ჩარჩოში წარმოჩენა.  აღსანიშნავია ისიც რომ, ბოლო წლებში ქართული ოცნების ლიდერები ნატოსთან მეტ ინტეგრაციას საქართველოში რუსეთის განმეორებითი შემოჭრის საბაბად წარმოაჩენდნენ (Light 2024), ხოლო ევროკავშირს ადანაშაულებდნენ როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში, ისე ქართული იდენტობისთვის საფრთხის შექმნაში.

წინამდებარე პოლიტიკის ნაშრომის შემდგომი თავები საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად არსებულ საუკეთესო გამოცდილებებს მიმოიხილავს. ნაშრომის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებისადმი შემუშავებული რეკომენდაციები – თუ როგორ გავუმკლავდეთ საინფორმაციო საფრთხეებს.

პოლიტიკის დოკუმენტი #47 | იანვარი 2025

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ავტორებს ეკისრებათ. ტექსტი არ წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და დონორთა შეხედულებებს.
, , , ,