03/04/2023 GIP

ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში: გამოწვევებთან ბრძოლა საუკეთესო პრაქტიკის გზით

ეკო მამალაძე

ახალგაზრდების დასაქმება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული ანაზღაურებითა და შრომითი პირობებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ გამოწვევას წარმოადგენს. დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, დაბალი ანაზღაურება და შრომის უსამართლო პირობები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს – ახალგაზრდობას – არსებობის წყაროს ქვეყნის ფარგლებს მიღმა ძიებისკენ უბიძგებს.

წარმოდგენილი ბლოგის მიზანია პრობლემასთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების განხილვა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითზე. ახალგაზრდების დასაქმების კრიზისიდან თავის დასაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობების დღის წესრიგში აქტუალური გახდა ახალგაზრდობის დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება. ბლოგში, პირველ რიგში, მიმოხილული იქნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა უმუშევრობის წინააღმდეგ, ხოლო შემდგომ ამ პრობლემის დასაძლევად ევროკავშირის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რაც წარმოაჩენს, თუ რა დამატებითი ზომების მიღება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით.

ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები შრომის ბაზარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ახალგაზრდებშია, რაც მათ რთული სოციო-ეკონომიკური პრობლემების წინაშე აყენებს. წინამდებარე ბლოგის მიზნებიდან გამომდინარე, ახალგაზრდა სეგმენტი განისაზღვრება 18-34 წლით.

 

გრაფიკი 1. უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

 

ბოლო წლებში იმატა ინტერესმა ახალგაზრდების დასაქმების გამოწვევებისა და იმ დაბრკოლებების მიმართ, რომლებსაც ისინი სამუშაოს ძიების დროს აწყდებიან. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების არქონა იმ ბარიერებს შორისაა, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები სამსახურის ძიებისას აწყდებიან. ახალგაზრდები და მათი ოჯახები ინვესტიციას განათლებაში დებენ, თუმცა უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დასაქმების კუთხით არაერთ პრობლემას აწყდებიან, მათ შორისაა შრომის ბაზარზე მათი პროფესიების მიმართულებებით კადრებზე ნაკლები მოთხოვნა, რაც განათლებაზე მათ მიერ დახარჯულ დროისა და ფინანსურ რესურსს არაეფექტიანს ხდის.

აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევების ანალიზი, ასევე, ცხადყოფს, რომ ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ ვითარდება შრომის ბაზარი და არ იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უმუშევრობის შემცირებას. შედეგად, ახალგაზრდების დიდი ნაწილი წარმოდგენილია მომსახურების სექტორში, რომელიც დაბალი ანაზღაურებითა და შრომის მძიმე პირობებით ხასიათდება. არაერთი ახალგაზრდა, ასევე, იძულებულია გამოსავალი შრომით მიგრაციაში ეძიოს.

 

სახელმწიფოს პოლიტიკა ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის მიმართულებით

საქართველოს ხელისუფლებამ შრომის ბაზარზე სახელმწიფო პოლიტიკის, შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება ორგანიზებული სახით 2012 წლიდან დაიწყო. ხელისუფლების ძირითად მიზანს შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის ამაღლება (პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, საკვანძო კომპეტენციების განვითარება და სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს; სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებულ აქცენტს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ახალგაზრდების ხელშეწყობაზე, შრომით ინტეგრაციასა და პროდუქტიულ დასაქმებაზე აკეთებს.

2018 წელს მიღებულმა კანონმა პროფესიული განათლების შესახებ მთავრობას საშუალება მისცა, განევითარებინა პროფესიული განათლების სტრატეგია, რომელიც აქცენტს აკეთებს ეროვნულ დონეზე პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტებზე.დღეს საქართველოში პროფესიული განათლების 119 პროვაიდერია. აღნიშნული სასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონშია გადანაწილებული, თუმცა, ყველაზე მეტი კოლეჯი დედაქალაქშია. პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს პროფესიული განათლების მსურველთა დაფინანსების შესაძლებლობებს, რაც  ხელისუფლების მიერ დაინტერესებული პირებისთვის პროგრამით სარგებლობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

მართალია, სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა, თუმცა შრომის ბაზარზე პროფესიული დასაქმების კუთხით არ არის მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები.  შედეგად ვიღებთ იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალკვალიფიციური პერსონალის მომზადებაზე დიდ თანხებს ხარჯავს, რაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, შედეგის მომტანი იყოს, მაგრამ ასეთი სურათი გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის განვითარებას ვერ შეუწყობს ხელს, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციური დარგების გაჩენის შემთხვევაში წარმოქმნილ მოთხოვნას ვერ უპასუხებს.

სახელმწიფოს, ასევე, შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს არაერთ აქტივობას დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მათ შორისაა პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტირების სისტემის განვითარება, დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვის სისტემის დანერგვა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკური კვლევების განხორციელება და სხვ. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული აქტივობები დადებით ნაბიჯად უნდა იქნეს მიჩნეული უმუშევრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა ის დასაქმების ზოგადი პოლიტიკის ნაწილია და არ არის ფოკუსირებული ახალგაზრდების დასაქმების ბარიერების დაძლევაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ეფექტიანობას ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირების თვალსაზრისით.

2020 წელს, ასევე, შეიქმნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომლის საქმიანობაც მიზნად ისახავს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის  აქტიური პოლიტიკის  გატარებას, მათ შორის, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობის შექმნით. დასაქმების სააგენტოს შექმნა ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკაში მისი ეფექტიანი ფუნქციონირება, რასაც ხელი შეუშალა პანდემიის დროს სააგენტოს  სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად განსაზღვრამ.

დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება სამუშაოს  მაძიებელი ახალგაზრდების, შშმ/სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების 50%-იანი თანადაფინანსებას, არაუმეტეს 3 თვისა, 560 ლარის ფარგლებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ პროგრამით მოსარგებლე ახალგაზრდების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ამ თვალსაზრისით საჯაროობა გამოწვევას წარმოადგენს, რაც სააგენტოს ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს. სააგენტოს, ასევე, არ აქვს ვებგვერდი, და აქვს მხოლოდ შესაბამისი გვერდი სოციალურ ქსელში, რომელიც არ არის მომხმარებელზე მორგებული, ვინაიდან ინფორმაციის მოძიება არ ხდება ფილტრების გამოყენებით, ასევე არ არის ხელმისაწვდომი სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშები, რაც ართულებს მისი საქმიანობის შეფასებას, ამასთანავე დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, შესაძლოა, რთული მოსაძიებელი იყოს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მათთვის საინტერესო პროგრამებთან დაკავშირებით.

საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ მართალია,  უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლას სახელმწიფო დასაქმების ხელშემწყობი ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში ახორციელებს. საქართველოს არ აქვს უშუალოდ ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით შემუშავებული სტრატეგია, გარდა დასაქმების ხელშემწყობი ზოგადი პროგრამებისა და დასაქმების სააგენტოს ფუნქციონირებისა, რომელთა მუშაობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემები ამ მიმართულებით საგანგაშოა. შესაბამისად, ახალგაზრდების საჭიროებებსა და დაბრკოლებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემის გადაჭრის ინტერსექციურ გზებს გაითვალისწინებს შესაძლოა უფრო ქმედითი იყოს ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 

როგორ ებრძვის ევროკავშირი ახალგაზრდების უმუშევრობას?

ახალგაზრდების უმუშევრობა კომპლექსური პრობლემაა და მწვავედ დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც. 2020 წელს ევროპულმა კომისიამ, პოსტ პანდემიურ კრიზისთან ეფექტიანად გასამკლავებლად, მიიღო ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერის კომუნიკაციარომელიც 4 ძირითად საყრდენ კომპონენტს მოიცავს.

,,ევროკავშირის ახალგაზრდების გარანტიის’’ განახლებული პროგრამა საშუალებას აძლევს 30 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდას, რომელიც ამ პროგრამას მიმართავს, ოთხ თვეში დასაქმდეს, გახდეს შეგირდი, მიიღოს განათლება ან გადაემზადოს. აღნიშნული პროგრამის ლოგიკა მარტივია – ის უზრუნველყოფს, რომ საჯარო დასაქმების ინსტიტუციები ახალგაზრდა ადამიანებს დაეხმარონ დასაქმდნენ მათი განათლების, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამის სამსახურებში ან აღჭურავენ მათ იმ ცოდნით, რასაც დამსაქმებლები ეძებენ. მსგავსი პროგრამის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს ახალგაზრდების რეალიზებასა და შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფას.

2020 წლის ევროპული საბჭოს რეკომენდაცია 2 ეტაპს მოიცავს – პირველი მიემართება სტუდენტებს, რომლებიც პირველად შედიან შრომით ბაზარზე, ხოლო მეორე უზრუნველყოფს დასაქმებული კადრების გადამზადებას, რათა მათ მოიპოვონ ახალი უნარ-ჩვევები და შეძლონ კარიერული წინსვლა. რეკომენდაცია პრაქტიკული უნარების გამომუშავებისა და მათ გამოსამუშავებლად საჭირო ცოდნის გადაცემაზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას. ევროპაში აღნიშნულ სისტემაში აქტიურად მონაწილეობენ სოციალური პარტნიორები – დამსაქმებლები და პროფკავშირები. პროფესიული განათლების სისტემის საქართველოში ეფექტიანად დასანერგად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ვინაიდან ის ფორმალურ განათლებასთან შედარებით, ნაკლებად მიმზიდველია. აღნიშნულის მიღწევა ასევე შესაძლებელია მეტად ინოვაციური, რელევანტური, ხელმისაწვდომი და მოქნილი სისტემის განვითარებით.

სტაჟირების/შეგირდობის განახლებული სისტემის ფარგლებში, ახალგაზრდა დროს ანაწილებს სწავლასა და მუშაობას შორის, შეგირდობის დასასრულს კი იღებს დიპლომს ან სერთიფიკატს. ახალგაზრდა იღებს სამუშაო გამოცდილებასა და კარგ კონტაქტებს შესაბამის სექტორში, რაც მას კარიერის დაწყებაში ეხმარება. შედარებისთვის, საქართველოში სტაჟირებს ძირითადად მანკიერი სახე აქვს. ახალგაზრდის მიერ შრომის ბაზრისთვის საჭირო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ნაცვლად, ის გარდაიქმნა დამსაქმებლების მხრიდან დასაქმების თავიდან აცილებისა და ხარჯების დაზოგვის პრაქტიკად. შედეგად, ქართულ რეალობაში სტაჟირებები იშვიათად ასრულებს იმ მიზანს, რასაც ევროკავშირის შეგირდობის სისტემა ისახავს და ამ კუთხით რეფორმირებაა საჭირო.

ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი დამატებითი ელემენტები უკავშირდება  დასაქმების საჯარო სერვისების ევროპულ ქსელს, რომელიც საჯარო სამსახურების ეფექტიანობის მაქსიმიზაციას ისახავს მიზნად და  უზრუნველყოს საჯარო სამსახურების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას.

ევროკავშირი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისათვის, ასევე, უზრუნველყოფს მეწარმეების მხარდაჭერას, ახალგაზრდა მეწარმეების კავშირების შექმნას და სხვ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მრავალი მიმართულებით მუშაობა და ინტერსექციული მიდგომა. ევროპული მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს შრომის ბაზრის განვითარებასა და სოციალური პარტნიორების როლის გააქტიურებაზე. ქვეყანაში დასაქმების ერთ-ერთ ძირითად ადგილად საჯარო სამსახური არ უნდა მოიაზრებოდეს და ხელი უნდა შეეწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას.

 

ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში: გამოწვევებთან ბრძოლა საუკეთესო პრაქტიკის გზით

საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების ანალიზმა დაგვანახა, რომ არსებული სახელმწიფო პროგრამები არ არის საკმარისი აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. საჭიროა უშუალოდ ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი სტრატეგიის შემუშავება და პრაქტიკაში მისი ეფექტიანი აღსრულება. ევროკავშირის მაგალითმა გამოავლინა, რომ არსებითი მნიშვნელობისაა შრომით ბაზარსა და  განათლებას შორის კავშირის გაუმჯობესება, რათა მოთხოვნა და მიწოდება შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან. ახალგაზრდების დასაქმებისათვის, შესაბამის განათლებასთან ერთად, აგრეთვე, მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, რასაც ხელს ვერ უწყობს ქვეყანაში არსებული სტაჟირებების მანკიერი პრაქტიკა, რომელიც მორგებულია დამსაქმებლების საჭიროებაზე. ამრიგად, სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა შეიმუშავოს ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი პოლიტიკა, რომელიც დეტალურად გაწერს პრობლემის გადაჭრის გზას და მისი პრაქტიკაში რეალიზაციის ინსტრუმენტებს. სახელმწიფომ ასევე აქტიურად უნდა იზრუნოს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც არსებითია უმუშევრობის პრობლემის დაძლევისთვის.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ახალგაზრდების როლი ევროინტეგრაციის პროცესში“  წევრის, ეკო მამალაძის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 

Photo credit: www.job-hunt.org

, , , , , , , ,