2023 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით მოეწყო ვირტუალური საჯარო დისკუსია თემაზე „პოლარიზაციის ანალიზი საქართველოსა და ვიშეგრადის (V4) ქვეყნებში: შიდა და გარე ფაქტორები“. ღონისძიება ჩატარდა პროექტის „მედიის პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა საქართველოსა და ვიშეგრადის (V4) ქვეყნებში“ ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს მედიის პოლარიზაციის გაღრმავების შერბილებას, საქართველოსა და ვიშეგრადის (V4) ქვეყნებში ამომრჩეველთა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ასევე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიას ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების წინსვლა წარმოადგენს.
პანელური დისკუსია სამ ნაწილად წარიმართა:
- მედიის პოლარიზაციის შიდა და გარე სტიმულატორები საქართველოსა და V4 ქვეყნებში
- მედიის პოლარიზაციის გავლენა პოლიტიკურ პროცესზე საქართველოსა და V4 ქვეყნებში
- მედიის როლი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით
GIP-ის პროექტის კოორდინატორმა – სალომე კანდელაკმა დისკუსია გახსნა და შესავალ სიტყვაში პროექტის დონორებსა და პარტნიორებზე ისაუბრა.
ონლაინ ღონისძიების სადისკუსიო ნაწილს მოდერირებას BBC News-ის კორესპონდენტი – რაიჰან დემიტრი უწევდა, რომელმაც მიმოიხილა მედიის პოლარიზაციის მნიშვნელობა და მსმენელებს მომხსენებლები წარუდგინა საქართველოდან და V4 ქვეყნებიდან. საქართველოში მედიის პოლარიზაციის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის მთავარმა რედაქტორმა ნინო გელაშვილმა ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას ნინო გელაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლარიზაცია საქართველოში ძირითადად პოლიტიკური ძალების მიერ არის ინიცირებული და მთავარი ტელევიზიები მათ მიერ არიან მონოპოლიზებულნი.
სტრატეგიული ანალიზის ანალიტიკური ორგანიზაციის (Strategic Analysis Think Tank) დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა იან ცინგელმა სლოვაკეთის შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ბევრი მსგავსებაა. გარდა ამისა, მან განმარტა, რომ სლოვაკეთში პოლიტიკოსებს უჭირთ მუშაობის წამოწყება კონკრეტულ პრობლემებზე, როგორიცაა ცუდი საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემები, ანდა სხვა გამოწვევები. თუმცა, მან აღნიშნა, რომ სლოვაკეთში უკეთესი მდგომარეობაა დამოუკიდებელი მედიის არსებობის მხრივ, ვიდრე საქართველოში.
მილოშ გრეგორმა (Ph.D), მასარიკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასისტენტ პროფესორმა, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პარალელები გაავლო, მაგრამ მედიის დამოუკიდებლობის კუთხით, მან აღნიშნა, რომ ჩეხეთში ოდნავ განსხვავებული ვითარებაა, რადგან ჩეხეთს აქვს ძლიერი საჯარო მედია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაცია ძირითადად შესამჩნევია სოციალური მედიის პლატფორმებზე, განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ გავრცელებული ანტიევროპული პროპაგანდა, რასაც თან არ სდევს ადეკვატური რეაქცია არც პოლიტიკოსების და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
რაც შეეხება უნგრეთს, იურისტმა და უნგრეთის ევროპის საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარემ – ერიკ უშკევიჩმა აღნიშნა, რომ უნგრეთს აქვს ფართოდ პოლარიზებული მედია ლანდშაფტი. ეს ძირითადად გამოწვეულია მმართველი პარტია “ფიდესის” მიერ მიღებული კანონით, მედიის შესახებ, რამაც გაზარდა მთავრობის საკუთრების კონცენტრაცია მედია ბაზარზე.
უნგრეთის შემთხვევის მსგავსად, პოლონეთის შემთხვევაშიც ხშირია მედიის საკუთრების შესახებ კანონის შეცვლა, ამბობს კატარზინა ჩიმიაკი – ანალიტიკოსი და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (IPA) ევროპული და მიგრაციული პოლიტიკის პროგრამის პროექტის კოორდინატორი. მისი თქმით, მთავრობა ასევე ახდენს გავლენას მედია ბაზარზე იმით, რომ წყვეტს რომელ ჟურნალ-გაზეთებს შეუძლიათ მიიღონ შემოსავალი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების მიერ დაკვეთილი რეკლამებიდან, რაც უარყოფითად აისახება საინფორმაციო პლურალიზმზე.
საქართველოდან და V4 ქვეყნების მედია ექსპერტების ოფიციალური გამოსვლების შემდეგ, დამსწრეებს საშუალება მიეცათ დაესვათ შეკითხვები და განეხილათ პოლარიზაციის გამომწვევი რამდენიმე საკითხი და ასევე შესაძლო გადაწყვეტილებები სამიზნე ქვეყნებში მედიის პოლარიზაციის ზრდის დაძლევის მიზნით. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიის, აკადემიური და ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან და V4 ქვეყნებიდან.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გადადით შემდეგ ბმულზე, რათა ნახოთ ვირტუალური საჯარო დისკუსიის სრული ვიდეოჩანაწერი.