საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, 15-17 აპრილს თემატური სამუშაო ჯგუფების მესამე კვარტალური შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ჯგუფები მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით: ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში.
“მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) აქტიური კურსდამთავრებულებისაგან შემდგარმა ჯგუფებმა წარადგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს მათი სამუშაოს პროგრესისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, მონაწილეებმა მოისმინეს ტრენინგი კომუნიკაციის შესახებ, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტურად ადვოკატირების კამპანიები. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
სამუშაო თემატური ჯგუფების შეხვედრები ხორციელდება პროექტის “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. სამუშაო თემატური ჯგუფი წარმოადგენს ინიციატივის მეორე კომპონენტს და მასში ჩართულები არიან ELS-ის კურსდამთავრებულები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთიდან და სამეგრელო-ზემო სვანეთიდან.
2021 წელს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა “მომავალ ლიდერთა სკოლის” (ELS) ფარგლებში მოამზადა 120 ახალგაზრდა აქტივისტი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები. ELS-ის ტრენინგების დასრულების შემდეგ, შეიქმნა ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ისეთ პოლიტიკის სფეროებზე, როგორებიცაა: ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ახალგაზრდების დასაქმება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა და ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში.
თემატური სამუშაო ჯგუფების მიზანია აქტიურ ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა მათთვის რელევანტური სფეროს შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მოახდინონ ცვლილებათა ინიცირება. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები უფრო მეტად ჩართულები იყვნენ არჩეულ პოლიტიკის სფეროებში, გაეცნონ მთავარ აქტორებს და მათ პოზიციებს, და შეძლონ გაიღრმავონ პირადი და პროფესიული კავშირები დამოუკიდებლად.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი პროექტს “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ახორციელებს USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით.