14-19 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, საფრანგეთის ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრთან CIFE-ესთან (Centre International de Formation Européenne), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, თბილისში შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2022 გაიმართა, თემაზე – უსაფრთხოების გამოწვევები და დემოკრატია შავი ზღვის რეგიონში.
საზაფხულო უნივერსიტეტი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტუტის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, დიეგო კოლასმა, ევროპული განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, მარი ფრანს პერდიგონმა და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კანცლერმა, ეკატერინე აზარაშვილმა გახსნეს.
საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეობას იღებდა პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების 25 ახალგაზრდა მკვლევარი საქართველოდან და ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, რათა მათთან ერთად ემსჯელათ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიმართულებით.
საზაფხულო უნივერსიტეტში მონაწილეებისთვის ლექციებს კითხულობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია; ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, თომას კრუსმანი; ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივანნა მაჩიტიძე, ნიშანტასის უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებული პროფესორი, ჩიგდენ უსტუნი, პოლიტიკური კვლევების ცენტრის (საფრანგეთი) გენერალური დირექტორი, დოქ. ფლორენტ პარმენტიე; ენერგოპოლიტკისა და სამართალმცოდნეობის მკვლევარი, ჰუსეინ თაბათაბეი (ირანი).
შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი ფრანგული აკადემიური ინსტიტუტის CIFE-ესა (Centre International de Formation Européenne) და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 2015 წლიდან ტარდება. წელს, შავი ზღვის საზაფხულო უნივერისტეტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა.