13/06/2023 GIP

დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი 2023

9 ივნისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა, სახელწოდებით “ახალგაზრდები ევროპისთვის.”

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ხორციელდება პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, USAID/საქართველოს მხარდაჭერით. 

2023 წლის ახალგაზრდულ ფორუმზე, ტრადიციულად, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

დამსწრე აუდიტორია, ასევე, გაეცნო პროექტის ფარგლებში შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაციას თემაზე “ახალგაზრდების მიერ ევროკავშირის საგანმანათლებლო და ეკონომიკური შესაძლებლობების ათვისება: გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.” ასევე, სამუშაო ჯგუფმა ფართო აუდიტორიას ადვოკატირების კამპანიის შედეგები გააცნო.

2023 წლის დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმზე პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” საზეიმოდ დაიხურა, ხოლო გუნდმა კი რამდენიმეწლიანი პროექტის შედეგების შეფასების ანგარიში წარადგინა. აღნიშნულ ინიციატივაში ჯამში 250 ახალგაზრდა მონაწილეობდა და 2000-ზე მეტი ირიბი ბენეფიციარი ჩაერთო. პროექტის აქტივობებმა მოიცვა თბილისი და 8 სხვადახვა რეგიონი, განხორციელდა 30-ზე მეტი მცირე პროექტი/ინიციატივა და გამოქვეყნდა 37 პუბლიკაცია (ბლოგი, პოლიტიკის დოკუმენტი, ნარკვევი).

დასკვნითი პანელი კი პროექტის განმავლობაში განხორციელებული მცირე საგრანტო პროგრამის მონაწილეებს დაეთმო. საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა 8 მცირე საგრანტო პროექტის შედეგები დამსწრე აუდიტორიას გააცნეს. 

ახალგაზრდული ფორუმი განხორციელდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ, პროექტ “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

, , , , , , ,