მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2022 გრძელდება!
მარტში, ტრენინგები პირდაპირი შეხვედრების რეჟიმში წარიმართა და ჯამში 4 თემატური სესია მოიცვა.
- ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და ლიდერობა – ტრენერი ირმა პავლიაშვილი
- ლიდერობა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება – ტრენერი ირინა ბრეგვაძე
- ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკის ანალიზი და შეფასება – ტრენერი ნოდარ ტანგიაშვილი
- ადვოკატირება, როგორც სამოქალაქო ჩართულობის ფორმა, კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება – ტრენერი ლიზა სოფრომაძე
ასევე, მარტში ELS-ის მონაწილეებმა ორგანიზება გაუწიეს დისკუსიებს თემებზე:
- “რუსეთ – უკრაინის ომი, მისი გავლენა საერთაშორისო და ქართულ პოლიტიკაზე” – შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ: ირაკლი ალადაშვილი, ბათუ ქუთელია და კახაბერ ქემოკლიძე. მომხსენებლებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი და იმსჯელეს თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ მოვლენებს საქართვლოზე.
- “შშმ პირთა უფლებები და გამოწვევები საქართველოში” – მომხსენებლები რატი იონათამიშვილი, რუსუდან კოხოძე და ესმა გუმბერიძე. ღონისძიების მიზანი საქართველოში შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა და ამის საპასუხოდ, მათ უფლებებზე მსჯელობა იყო.
ELS2022 აერთიანებს ოცდახუთ აქტიურ, ცვლილებებზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომლებმაც შერჩევის საკმაოდ კონკურენტული ეტაპები გაიარეს. “მომავალ ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, მოწვეული ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა მათთვის საინტერესო პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების შესახებ. Ტრენინგებში მონაწილეობის გარდა, ახალგაზრდებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი ხედვები და ჩაერთონ არაფორმალურ დისკუსიებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, შემდგომში კი მონაწილეობა მიიღონ “დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში”.
პროექტი „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ჩართულობის წახალისებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების გზით.