01/08/2020 keta

„მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) პირველი ფაზა დასრულდა: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) დახურვის ცერემონია ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მონაწილეებისთვის, მესტიაში გამართა

კახეთის შემდეგ, „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) დახურვის ცერემონიამ 1 აგვისტოს, მესტიაში გადაინაცვლა. ღონისძიება, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მონაწილეებისთვის სასტუმრო „ბანგურიანში“ ჩაატარა და მათ შეხვედრის, აზრთა გაცვლისა და მომავალში პოტენციური თანამშრომლობის შესახებ საუბრის  საშუალება მისცა. 

გარდა ამისა, GIP-ის გუნდმა ELS-ის მონაწილეებისგან შემდგარ მცირე ჯგუფებთან ინტენსიური რეფლექსიის რაუნდი გამართა, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ ELS-ის სხვადასხვა კომპონენტთან დაკავშირებით – იქნებოდა ეს თემატური თუ ლოჯისტიკური საკითხი – კრიტიკული უკუკავშირი გაეზიარებინათ და ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოეწონათ, რას შეცვლიდნენ უკეთესობისკენ და როგორ.

მესტიაში, ELS-ის დახურვის ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. სერტიფიკატები მონაწილეებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორმა, კორნელი კაკაჩიამ გადასცა. 

მომვალ ლიდერთა სკოლის (ELS) პირველი ფაზა, რომელიც 6 თვეს მოიცავდა, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. მასში მონაწილეობას 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იღებდნენ თბილისიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან. 

ამ პერიოდის განმავლობაში, თითოეულ რეგიონში, რომელსაც ELS პირველი ფაზა ფარავდა, სულ 24 ტრენინგი ჩატარდა (მათ შორის ონლაინ) სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მაგალითად: განათლების პოლიტიკა საქართველოში (ტრენერი რევაზ აფხაზავა), რელიგია და ტოლერანტობა (ტრენერი ლევან გიგინეიშვილი), საჯარო გამოსვლა (ტრენერი ანდრო დგებუაძე), საქართველოს ეკონომიკური გამოწვევები და მათი დაძლევის გზები (ტრენერი კონსტანტინე სულამანიძე), ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა (ტრენერი მაკა მეშველიანი), სამოქალაქო პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი და ეთნო-კულტურული მრავალფეროვნება (ტრენერი გია ნოდია), სათემო პროექტების მართვა და ფონდების მოძიება (ტრენერი ხათუნა იოსელიანი) და სხვა. შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ცნობიერება აემაღლებინათ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ასევე თავად დაეგეგმათ და მოეწყოთ ღია ტიპის დისკუსიები და თავიანთი ხედვები გაეზიარებინათ პოლიტიკოსებისთვის, ექსპერტებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის სხვადასხვა სფეროდან. 

მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) დახურვის დასკვნითი ცერემონია 2 აგვისტოს, ქობულეთში გაიმართება – მონაწილეებისთვის აჭარასა და გურიიდან. 

მოუსმინეთ ELS2020-ის მონაწილეებს აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან, მათ მიერ მომავალ ლიდერთა სკოლაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ:

მომავალ ლიდერთა სკოლის (ELS) მეორე ფაზის დაწყება სექტემბერში იგეგმება და ის უკვე საქართველოს სხვა (ახალ) რეგიონებში გადაინაცვლებს. 

მომავალ ლიდერთა სკოლა არის ინიციატივა, რომელიც GIP-ის მიმდინარე პროექტის ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და მათ პროფესიულ ზრდას. 

ნახეთ ფოტოგალერეა აქ >>

, , , ,