პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” დასრულდა

ოთხწლიანი პროექტი “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” დასრულდა!
ინიციატივამ, რომელსაც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) 2019 წლიდან USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა, სამი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა შეძლო: პროექტში ჩაერთო 250 ახალგაზრდა, 2000-ზე მეტი ირიბი ბენეფიციარი თბილისსა და საქართველოს 8 სხვადასხვა რეგიონში, განხორციელდა 30-ზე მეტი მცირე პროექტი და ახალგაზრდული ინიციატივა, რომლებმაც სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის წარმატების ისტორიები შექმნეს 🚀 ამასთან, პროექტის მონაწილეებმა 37 პუბლიკაცია გამოაქვეყნეს, მათ შორის პოლიტიკის დოკუმენტები, ბლოგები, ნარკვევები და სხვა. 
აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა თბილისსა და 8 სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 18-35 წლის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის წახალისება. პროექტი შედგებოდა რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან, ესენია: მომავალ ლიდერთა სკოლა ELS, სამუშაო თემატური ჯგუფები (WGs), სივრცე დისკუსიისთვის (SfD) და დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მათთვის საინტერესო თემებზე შექმნეს 9 სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტი და განახორციელეს ადვოკატირების კამპანიები თავიანთ თემში.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების ყველაზე აქტიურ და ცვლილებებზე ორიენტირებულ ნაწილს, რომლებსაც სურთ რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საკეთილდღეოდ. პროექტის გუნდის სახელით, წარმატებები გვინდა ვუსურვოთ თითოეულ კურსდამთავრებულს და მადლობა გადავუხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. GIP-ის გუნდი ყველაზე მეტად სწორედ იმ ძლიერი და მრავალფეროვანი ახალგაზრდული ქსელით ამაყობს, რომელიც პროექტის განმავლობაში ჩამოყალიბდა. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ პროექტის კურსდამთავრებულები აქტიურად გააგრძელებენ ერთმანეთის მხარდაჭერას და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას 🇬🇪🚀

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მადლობას უხდის ამერიკელ ხალხსა და USAID/Georgia-ს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის!

ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და კერძო/საჯარო სექტორის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.

პროექტის შედეგების შეფასების ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე 👉 https://bit.ly/43XM5yP
, , , , , , , , , , , , , , , ,