რაც უფრო უახლოვდება საქართველო 26 ოქტომბრის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებს, მით უფრო მეტი კითხვა ტრიალებს მოსალოდნელი შედეგების გარშემო. მთავრობა აგრძელებს დასავლეთისგან დისტანცირებას, შედეგად კი შემდგომი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა შემოატრიალოს ეს საგანგაშო ტენდენცია.
საქართველოსა და აშშ–ის შორის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა და ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უვიზო მიმოსვლასთან ერთად, გაუქმების რისკის წინაშე დგას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავლისათვის განმსაზღვრელი იქნება თუკი მოახლოებული არჩევნები იქნება აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად და აგრეთვე, შეინარჩუნებს თუ არა მმართველი პარტია ერთპარტიულ ძალაუფლებას. არჩევნების შედეგი განსაზღვრავს, შეძლებენ თუ არა ქართველები განაგრძონ მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და გააგრძელონ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, რათა საქართველო საბოლოოდ გაწევრიანდეს ევროკავშირში, თუ ისინი დაბრუნდებიან პოსტსაბჭოთა ჭაობს და იცხოვრებენ სტაგნაციის რისკის ქვეშ. წინამდებარე ანალიზი გვთავაზობს ორ შესაძლო სცენარს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია საქართველოში ამ გადამწყვეტ პერიოდში და თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.
პირველი სცენარი – სტატუს ქვოს შენარჩუნება
პირველ სცენარში, ქართული ოცნება, რომელიც ფლობს უზარმაზარ ადმინისტრაციულ და ოლიგარქიულ რესურსებს, დაშინების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და გაყალბების გზით, იგებს არჩევნებს და ქმნის ერთპარტიულ უმრავლესობას პარლამენტში. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა გააგრძელებს თავდაცვით რეჟიმში ყოფნას და არ იტყვის უარს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე,რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლების რეპრესიული პასუხი. ვერც შიდა და ვერც გარე ზეწოლა ვერ უბიძგებს მას მეტი დემოკრატიზაციისა და ძალაუფლების დანაწილებისკენ. მეორე მხრივ, მმართველი პარტია გააძლიერებს თავის პოლიტიკურ მონოპოლიას, აქცევს ქვეყანას ბელორუსის სტილის ავტორიტარიზმად არაფორმალური მმართველ-ოლიგარქის ქვეშ. ასეთი შედეგი კარტ ბლანშს მისცემს ქართულ ოცნებას სახელმწიფოს მიტაცების პროცესის დასასრულებლად. აღსანიშნავია, რომ ახალმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტობა სახალხო არჩევნებიდან ამომრჩეველთა საპარლამენტო კოლეგიაში გადაანაცვლა. საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის არჩევნებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ჩატარდეს და ამ სცენარით კოლეგიაში „ქართული ოცნება“ დომინირებს.
კიდევ ერთი შედეგი – რომელიც უკვე იქნა დაპირებული – იქნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა და მათზე ზეწოლა.
საქართველოს ე.წ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი, სავარაუდოდ, მთელი ძალისხმევით იქნება გამოყენებული პოლიტიკურ დამკვირვებელთა დასაშინებლად. შესაბამისად, ეს გაზრდის საზოგადოებაში ნიჰილიზმის დონეს, რაც საბოლოოდ გამოიხატება ტვინების მასობრივ გადინებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან.
ეს სცენარი ასევე ძალიან შემაშფოთებელი იქნება საგარეო პოლიტიკისთვის. დასავლეთისგან ნებისმიერი დისტანცირება გულისხმობს საქართველოს შეტრიალებას რუსეთის, ირანისა და ჩინეთისკენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჟამინდელი მმართველი პარტიის ე.წ მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა გახდება თბილისის ოფიციალური პოლიტიკა. ჩვენ ვიხილავთ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, რომელიც შესაძლოა ჩანაცვლდეს პარტნიორობის გაღრმავებით ევრაზიულ არალიბერალურ ძალებთან და ალიანსებთან, როგორიცაა 3+3 ფორმატი (თურქეთი, ირანი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო), BRICS ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.
საქართველომ შეიძლება დაკარგოს სანდოობა საერთაშორისო დონორებსა და ფონდებში, შეამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს. თუ აშშ აამოქმედებს „ქართველი ხალხის აქტს“ („საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და სხვა მიზნებისთვის“), დასავლელი დონორების დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი დაფინანსება შეიძლება დაიკარგოს, რაც ჩინეთსა და რუსეთს საშუალებას მისცემს ჩაერთონ ამ პროცესსში.
დასავლეთთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესება, ასევე ზეწოლას ახდენს საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და აქამდე იცავდა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, შეიძლება ველოდოთ მის მკვეთრ შესუსტებას.
პირველ სცენარს ორი ქვესცენარი აქვს. პირველ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ქვესცენარში, „ქართული ოცნება“ მიიღებს საკმარის მანდატებს მთავრობისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის დასაკომპლექტებლად, ქვეყანა დააჩქარებს სრულმასშტაბიან ავტორიტარიზმს, საერთაშორისო იზოლაციას და მოსკოვზე დამოკიდებულებას. შეიძლება მოხდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მათთან კრემლის შუამავლობით რაიმე სახის კონფედერაციის შექმნა.
მეორე, ნაკლებად სავარაუდო ქვესცენარში, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში და მართავს, როგორც ერთიანი პარტია ან კოალიცია მცირე პარტიებთან. ამ სცენარის შედეგები შესაძლოა იყოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ახლანდელ თურქეთში არსებული მმართველობის მსგავსი მოდელის ჩამოყალიბება.
მეორე სცენარი– იმარჯვებს ოპოზიცია
მეორე შესაძლო სცენარის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები იღებენ საკმარის ხმებს, რათა კოლექტიურად გადააჭარბონ ქართულ ოცნებას და შექმნან კოალიცია. ვინაიდან თითქმის ყველა დიდი ოპოზიციური პარტია პრიორიტეტს ანიჭებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, შედაგად საქართველო განაგრძობს სვლას რეფორმების გზაზე.
ამ ახალმა მთავრობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის პოლიტიკას, აღადგინოს ასოცირებული ტრიო (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), გააძლიეროს ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებები და გააღრმავოს თანამშრომლობა ნატოსთან. ეს სცენარი გულისხმობს უფრო მჭიდრო ურთიერთობას აშშ-სთან ვაჭრობისა და მოგზაურობის საკითხებში და შემოთავაზებულ „მეგობრის აქტს,“ რომელსაც შეუძლია სანქციების დაწესება საქართველოს ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას.
მეორე მხრივ, ამ სცენარმა შეიძლება მიგვიყვანოს საქართველოსთვის მზარდ რისკებამდე და მისი მოწყვლადობის ზრდამდე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში ომის გამო არ არის სავარაუდო, ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გაძლიერებას. კრემლთან დაძაბულობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური და სატრანსპორტო ემბარგოები თუ სავიზო შეზღუდვები, რასაც მოჰყვება რუსეთიდან ქართული ფულადი გზავნილების შემცირება, საბოლოოდ კი, მოკლევადიანი, მაგრამ მნიშვნელოვანი შოკი საქართველოს ეკონომიკისთვის.
საშინაო ფრონტზე, კოალიციური მთავრობა გულისხმობს კონტროლისა და ბალანსის სისტემის აღდგენას და საჯარო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებას. მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის პარტნიორებს შორის ყველა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა რთული იქნება, ნებისმიერმა დემოკრატიზაციის პროცესმა შეიძლება გააძლიეროს საქართველოსადმი ნდობა საერთაშორისო დონორებსა და ბიზნეს ელიტებში,რამაც შესაძლოა გაზარდოს დასავლური ინვესტიციების წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განსაკუთრებით ისეთ დიდ პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ასეთი სცენარის ალბათობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სურთ და მზად არიან ქვეყანაში პოლიტიკური ძალები გვერდით გადადონ პირადი ამბიციები და ითანამშრომლონ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან. კოალიციური მთავრობის გარდამავალ პერიოდში აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა რათა უზრუნველყონ, რომ ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება შეუფერხებლად და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით მოხდება.
მეორე სცენარსაც ასევე ორი ქვესცენარი აქვს. პირველი, პოლიტიკური პარტიები ქმნიან ფუნქციურ კოალიციას და ფეხდაფეხ მიჰყვებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადადებებს, რითაც შეთანხმდებიან ტექნოკრატიულ მთავრობაზე და პრემიერ-მინისტრზე, რომელიც გააკონტროლებს რეფორმებს. მეორე ქვესცენარი კი უფრო რადიკალურია: პოლიტიკურმა პარტიებმა შეიძლება ვერ შექმნან კოალიცია, რაც შეიყვანს ქვეყანას ჩიხში და, შესაძლოა, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოვლენების ასეთი განვითარება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ან უვიზო რეჟიმს არ გააუქმებს, მაგრამ შეაფერხებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესს. გარდა ამისა, ნებისმიერ პოტენციურ პოლიტიკურ კრიზისს შეუძლია შეუქმნას კრემლს ჩარევისა და არასტაბილურობის გამოწვევის შესაძლებლობა.
დასკვნა
პოლიტიკური ვითარება საქართველოში ჯერ კიდევ არასტაბილური და საკმაოდ არაპროგნოზირებადია. ქართული საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი მოულოდნელი განვითარებისთვის ან კიდევ უფრო გახანგრძლივებული პოლიტიკური კრიზისისა თუ ჩიხისთვის. არჩევნების შემდგომი, საქართველოს ახალი ხელისუფლების ფორმირება და შიდა პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობა განსაზღვრავს როგორც დასავლურ, ისე რუსულ მიდგომებს. ორი ძირითადი სცენარი – სტატუს ქვო ან რეფორმა – ბოლომდე ვერ ასახავს რეალურ მოსალოდნელ შედეგს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საერთაშორისო და შიდა ფაქტორებზე. მნიშვნელოვანი იქნება ომის შედეგი უკრაინაში და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს, რომელიც გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალზე– მიჰყვება თუ არა იგი პროდასავლურ კურსს, თუ დარჩება კრემლის ჩრდილში.