14/02/2025 GIP

GIP-იმ საქართველოს მმართველობის ინდექსი 2024 წარადგინა

2024 წლის 12 თებერვალს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მმართველობის ინდექსი 2024-ის პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) ქვეყნის საქმიანობის კომპლექსური ანგარიშია მმართველობის ოთხ ძირითად სფეროში:

  • დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა)
  • სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა)
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა (სოციალურ–ეკონომიკური მმართველობა)
  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა).

ქვეყნის 2024 წლის საქმიანობის შეფასების დოკუმენტი უკვე რიგით მეოთხე ინდექსია, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა საზოგადოებას წარუდგინა. პრეზენტაციის მიზანი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და საქართველოში მმართველობისა და დემოკრატიზაციის გამოწვევების შესახებ ფართო დისკუსიის გამართვა გახლდათ. ანგარიშის პრეზენტაცია მოიცავდა ძირითადი დასკვნების წარდგენასა და ღია დისკუსიას აუდიტორიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში.

საქართველოს მმართველობის ინდექსის შესახებ

როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) საქართველოს მმართველობას ოთხი ძირითადი მიმართულებით აფასებს: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მმართველობის ინდექსი ძირითადად საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებზეა კონცენტრირებული, ის სხვა სუბიექტების, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების როლსაც აანალიზებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არაერთი ინდექსისა და რეიტინგის მსოფლიო თუ რეგიონულ ანალიზში გვხვდება, ქვეყნის მმართველობის ყოველწლიური სიღრმისეული შეფასებები, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, კვლავ მწირია. საქართველოზე მომუშავე არცერთ ორგანიზაციას დღემდე არ უცდია ასეთი ანალიზი. GGI არამხოლოდ ავსებს საერთაშორისო ინდექსებს თავისი მეთოდოლოგიითა და ემპირიული მონაცემებით, არამედ ინოვაციური მეთოდოლოგიური მიდგომებით მკითხველს სთავაზობს გამორჩეულ პერსპექტივას ქვეყნის წიაღიდან. ამ ინდექსის მიზანია, საქართველოს საზოგადოებას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს გააცნოს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, რითაც უპასუხებს მზარდ მოთხოვნას ამ საკითხებზე ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადების შესახებ.

მეთოდოლოგიურად GGI აერთიანებს როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევის მეთოდებსა და ეპისტემოლოგიას. ინდექსის ქულების სისტემა ეყრდნობა GGI-ის ექსპერტთა გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოზე მომუშავე 47-მა ექსპერტმა სხვადასხვა სფეროდან; ამ გამოკითხვას კიდევ უფრო მეტად ავსებს თვისებრივი კვლევა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის გუნდმა ჩაატარა.

ძირითადი მიგნებები

2024 წლის GGI-ს დასკვნები მიუთითებს მთლიანი მმართველობის სფეროში მაჩვენებლების შემცირებაზე წინა წელთან შედარებით. ოთხი სფეროდან სამში გამოკვეთილია დაბალი ქულები, რაც ასახავს შიდაპოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკას. დემოკრატიულმა მმართველობამ, რომელმაც გარკვეული გაუმჯობესება აჩვენა 2023 წელს, – სამოქალაქო საზოგადოების ხარჯზე, – კლება განიცადა და მისი ქულა 41,65-დან 32,65-მდე დაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება აგრძელებდა შედარებითი სიძლიერის დემონსტრირებას, ექსპერტების შეფასებების მიხედვით, მისი გავლენა შეზღუდული იყო ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების გამძაფრება და ახალი რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე. გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობაც, რაც  ეფექტური მმართველობის შემცირებულ ქულაში აისახება.

სოციო-ეკონომიკურ სფეროში, 2024 წლის GGI-მ შერეული სურათი გამოკვეთა. სხვა სფეროებთან შედარებით მაღალი ქულის მიუხედავად (40.45), გარკვეული ასიმეტრიები შენარჩუნდა და ზოგიერთმა სფერომ, როგორიცაა ჯანდაცვა და შრომის ბაზრის პოლიტიკა, დაბალი შეფასება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ხელს უწყობდა უფრო მაღალ ქულებს საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკაში, ეს მიღწევები საზოგადოების ყველა სეგმენტში ერთნაირად არ თარგმნილა, რაც ხაზს უსვამს მიმდინარე სტრუქტურულ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, ეს იყო ერთადერთი სფერო, რომელსაც არ განუცდია ვარდნა ექსპერტთა გამოკითხვაში და ფაქტობრივად, მისი ქულა ოდნავ გაიზარდა კიდეც, 38.22-დან 40.45-მდე.

ყველაზე მეტად გამოხატული ცვლილება დაფიქსირდა საგარეო მმართველობის სფეროში, სადაც ქულა მნიშვნელოვნად დაეცა, 26.42-დან 18.74-მდე. ეს კლება ასახავს საქართველოს ურთიერთობების უარყოფით განვითარებას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, – მათ შორის ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გადადებას და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებას. მმართველობის სამი სფეროს ოთხიდან შემცირების შედეგად, 2024 წლის GGI-ის საერთო ქულა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5 პუნქტით შემცირდა.

2024 წლის GGI ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოწვევები ერთმანეთშია გადახლართული. დასკვნები აჩვენებს, რომ საჭიროა ყურადღებით იქნას შესწავლილი ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ეფექტიანობის დაქვეითებას ყველა სფეროში. ეს ანგარიში უზრუნველყოფს შეგროვებული მონაცემების დეტალურ ანალიზს, და გთავაზობთ 2024 წელს საქართველოში მმართველობის მდგომარეობის ყოვლისმომცველ მიმოხილვას. ანგარიშისა და ინდექსის მიზანია, იყოს საუკეთესო რესურსი საქართველოს კონტექსტის სირთულეების გასაგებად და კარგად ინფორმირებული დისკუსიებისათვის პოტენციური საპასუხო პოლიტიკისა და სამომავლო განვითარების გზების შესამუშავებლად.

ღონისძიება გაიმართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

გაეცანით ნაშრომს

, , , , , , , , , , , , , , , , ,