საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) 2021

14 დეკემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) საზოგადოებას “საქართველოს მმართველობის ინდექსი (GGI) წარუდგინა. ინდექსის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, საქართველოს მმართველობისა და დემოკრატიზაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ქართული და საერთაშორისო საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით.

GGI-ის პრეზენტაციაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარებმა ფართო საზოგადოებასა და ექსპერტთა წრეებს ინდექსის ძირითადი მიგნებები გააცნეს. ავტორებმა, ასევე, განიხილეს ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები კარგი მმართველობის გამოწვევების შესახებ საქართველოში. ღონისძიება მმართველობის ინდექსის პრეზენტაციის შემდგომ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ღია დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა (👉 პროგრამა). 

საქართველოს მმართველობის ინდექსი 2021 არის პირველი მცდელობა, უზრუნველყოს საქართველოს საქმიანობის ყოვლისმომცველი შეფასება მმართველობის ოთხ ფართო სფეროში: დემოკრატია და ადამიანის უფლებები; სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები; სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა

ინდექსის მიზანია გააძლიეროს მთავრობის ანგარიშვალდებულება ამომრჩევლის წინაშე და ხელი შეუწყოს უფრო გამჭვირვალე მმართველობის პრინციპების დანერგვას საქართველოში. გარდა ამისა, დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს კონსტრუქციული უკუკავშირი მის მიერ გატარებული პოლიტიკისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისგან, ისევე როგორც ქართული კვლევითი და ექსპერტთა საზოგადოებისგან.

შედეგების მხრივ, მმართველობის ინდექსი, მთლიანობაში, 2021 წელს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობას აჩვენებს. საქართველოს აქვს დაბალი მაჩვენებლები მმართველობის ოთხივე მიმართულებით. 

ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის კატეგორიებში, თუმცა დანარჩენ ორ კატეგორიაშიც მიღებული ქულები საშუალოზე დაბალია. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ დემოკრატიული მმართველობა და ეფექტიანი მმართველობა 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა ჩამონათვალის სათავეში მოექცა. 

მართლმსაჯულების და სასამართლო რეფორმების განხორციელება ყველაზე დიდ ჩავარდნად ფასდება, რასაც მოსდევს პანდემიის მართვა, სადავო არჩევნები და ევროკავშირის მედიაციის წარუმატებლობა.  

ინდექსის ძირითადი მიგნებები, კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მმართველობის ოთხი სფეროს მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ GGI-ის სრულ დოკუმენტში 👉 GEO

აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პასუხისმგებლობა დოკუმენტის შინაარსზე ეკისრება მხოლოდ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს USAID-ის პოზიციის ამსახველად.

 

ავტორი

, , , , , , ,