17/07/2024 GIP

ინტერპარტიულმა საბჭომ განიხილა ქალ პოლიტიკოსთა როლი 2024 წლის არჩევნებში

16 ივლისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით ინტერპარტიული საბჭოს (IPC) – ქალთა კომიტეტის წევრების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია, სადაც შეაფასეს ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები და მათი როლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მაშინ, როცა დემოკრატიის განვითარებისთვის სრულფასოვანი წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქალი პოლიტიკოსები აწყდებიან არაერთ ბარიერს როცა საქმე შეეხება გადაწყვეტილების მიმღებ როლებს პოლიტიკასა და პარტიებში, ან სახელმწიფო ინსტიტუციებში. გენდერული კვოტების გაუქმება ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფას კიდევ უფრო დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გარდა ამისა, დაძაბული პოლიტიკური გარემო ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალი პოლიტიკოსების შესაძლებლობებზე, სრულფასოვნად წარმოადგინონ საკუთარი ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის 52% ქალია, ქალი პოლიტიკოსების ჩართულობაც ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება. მათი როლი და მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიებში, და ზოგადად პოლიტიკური პარტიების ხედვების ფორმულირებაში სასიცოცხლოა, თუკი პარტიას სურს, ქალი ამომრჩევლის საჭიროებები ადეკვატურად იყოს ასახული პროგრამებსა და პლატფორმებში.

საჯარო დისკუსია მიეძღვნა ქალ პოლიტიკოსთა წინაშე არსებულ ბარიერებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან პოლიტიკური აქტივიზმის დროს. დისკუსიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა  თეონა ჭალიძე, ინტერპარტიული საბჭოს ქალ პოლიტიკოსთა კომიტეტის თავმჯდომარე. სალომე დოლიძემ, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მკვლევარმა ისაუბრა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კლვლევაზე საზოგადოებრივი აზრის შესახებ ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე. დისკუსია დაფუძნებული იყო ინტერპარტიულ მანიფესტზე სახელად „ქალი ამომრჩევლების და ქალი პოლიტიკისების გამოწვევები: როგორ პასუხობენ პარტიები ამომრჩევლის მოლოდინებს?“ მანიფესტი მომზადდა ინტერპარტიული საბჭოს ქალთა კომიტეტის წევრების მიერ 2023 წელს განხორციელებული რეგიონული საველე სამუშაოების საფუძველზე. მრგვალი მაგიდის დიკსუსიის მოდერატორი იყო ირმა პავლიაშვილი, ღია სივრცე კავკასიის (COS) თავმჯდომარე. ასევე, პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ  ტატა ხვედელიანი – გახარია საქართველოსთვის;  ანა გოგოლაძე – ახალი; ბარბარა ჯიმელი სულაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; მაია ახალკაცი – ლელო საქართველოსთვის; ნანა ტოხვაძე – სტრატეგია აღმაშენებელი; ანა ჩიქოვანი – გირჩი მეტი თავისუფლება; ნინო წულაძე – ანა დოლიძე ხალხისთვის.

ქალმა პოლიტიკოსებმა ხსენებული შვიდი პოლიტიკური პარტიიდან იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბოლო წლიდან მოყოლებული, მათ წინაშე კიდევ უფრო მწვავედ დგას, ასევე, განიხილეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზები, რომლებზეც პოლიტიკური პარტიები აქტიურად მუშაობენ.

, , , , , , , , ,