13 ივლისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (PPAHub) ფარგლებში კიდევ ერთი პოლიტიკის ნარკვევის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორებმა – ვიქტორია არაქელიანმა და ნინო შაქარაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს, ახალგაზრდების გამოწვევებსა და პრობლემებზე ესაუბრეს. ვიქტორია არაქელიანმა წარადგინა პოლიტიკის ნარკვევი თემაზე: „უფსკრული ეთნიკური უმცირესობების და პოლიტიკურ პარტიებს შორის: ბარიერები და გამოწვევები არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში“, ხოლო ნინო შაქარაშვილმა გააკეთა თავისი ნაშრომის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა NEET ახალგაზრდებს საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ხშირად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ არჩევნებში ხმის მიცემასა და აზრის დაფიქსირებას ეხება. რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ეს ჯგუფი აწყდება, არის ქართული ენის სათანადოდ არცოდნითა და მშობლიურ ენაზე პოლიტიკური ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული ენობრივი ბარიერი და ინფორმაციული ვაკუუმი, ასევე არასათანადო სამოქალაქო და პოლიტიკური განათლება და სტიმულების არარსებობა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შედეგად, ეთნიკური უმცირესობების ჩართვა აჩევნებში და მათი მონაწილეობა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების ხელშეწყობისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების პერიოდია, აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანა ახლა.
პოლიტიკის ნარკვევში ავტორმა, ვიქტორია არაქელიანმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ვითარება და არსებული მექანიზმების ეფექტურობა.
რაც შეეხება NEET ახალგაზრდებს, ქვეყანაში ფიქსირდება NEET ახალგაზრდების, 14-29 წლის პირების, რომლებიც არ სწავლობენ, არ მუშაობენ, არ გადიან რაიმე ტიპის გადამზადებას, მაღალი რიცხვი. ახალგაზრდებში არის პიროვნული პოტენციალის რეალიზების კრიზისი.
2017 წლის მდგომარეობით, 15−29 წლის, განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების მიღმა მყოფი (Not in Education, Employment, or Training − NEET) ახალგაზრდების წილი 30%-ს აღწევდა. ტენდენცია 2022 წლისთვისაც შენარჩუნდა, სადაც იგივე მაჩვენებელი 30.7%-ს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად კარგავს 835,665,702 აშშ დოლარს.
2022 წლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში NEET (not in employment, education or training) ახალგაზრდების რიცხვი საშუალოდ 11.7% იყო (მინ: ნიდერლადები – 4.2%; მაქს: რუმინეთი 19.8%). 2030 წლისათვის კი ევროკავშირი მიზნად ისახავს მონაცემის 9%-მდე შემცირებას. ასე უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელიც.
პრეზენტაცია ჩატარდა პროექტის – „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება GIP-ის მიერ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.