2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია თემაზე “საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში: სცენარები საქართველოსთვის”.
დისკუსია მიზნად ისახავდა დარგში სპეციალიზებული აუდიტორიის მხრიდან რისკების და შესაძლებლობების შესახებ იდეების შეგროვებას, აღნიშნული დისკუსიისა და შუალედური ანგარიშის საფუძელზე კი მომზადდება დასკვნითი დოკუმენტი ფართო აუდიტორიისთვის გამოსაქვეყნებლად. რისკებს შორის მოიაზრება ავტორიტარიზმის გამყარება საქართველოში, ნიჰილიზმის გავრცელება, ანტიევროპული ძალების მომძლავრება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე დარჩენის მეტი საფრთხე. შესაძლებლობების მხრივ, მნიშვნელოვანია ორივე სცენარში საქართველოს რეფორმების პროცესზე მეტი წვდომა ბრიუსელის მხრიდან, ადგილობრივი პროდემოკრატიული აქტორების გაძლიერება, საზოგადოების მეტი მხარდაჭერის მობილიზება და საქართველოს დასავლურ გეოპოლიტიკურ ფოკუსში დარჩენა.
ღონისძიება გახსნეს ფონდ ღია საზოგადოების საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ და GIP-ის დირექტორის მოადგილემ, რენატა სკარჯუტე-კერესელიძემ. მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში GIP-ის დირექტორმა, პროფ. კორნელი კაკაჩიამ და მკვლევარმა, ნინო სამხარაძემ წარადგინეს პირველადი მიგნებები იმ დოკუმენტიდან, რომელიც ასახავს კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების ორ შესაძლო სცენარს. თითოეული სცენარი მოიცავს შესაძლებლობებსა და რისკებს, რომლებიც წარედგინათ დისკუსიაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ექსპერტულ წრეებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკის ანალიტიკოსებს. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში „საქართველოს თავსებადობის გაზრდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით.
ფოტო ალბომი