07-10-2021
შოთა კაკაბაძე
ეუთო/ოდირის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური გარემო საქართველოში რჩება უკიდურესად პოლარიზებული, ხშირია აგრესიული დისკურსი, ხოლო მრავალფეროვანი მედიაგარემო საგრძნობლადაა დამოკიდებული სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესს ინტერესებზე (OSCE/ODIHR 2021, 2-3).
არსებული გარემო დიდად არ განსხვავდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მოვლენების შემდგომი განვითარება, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისთვის კომენტარში, ლინკოლნ მიტჩელმა შეაფასა არა როგორც პოლარიზაცია, არამედ როგორც „ექსტრემალური პარტიული მიკერძოებულობა“ რაც ამერიკელი მკვლევრის აზრით გამოიხატება იმაში რომ „პოლიტიკური რეალობის აღქმა იფილტრება პარტიული კუთვნილების სენტიმენტებით, მაშინ როდესაც პოლიტიკური საკითხები რომლის შესახებაც პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, საზოგადოებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია“ (მიტჩელი 2021). 2021 წლის წინასაარჩევნო გარემო ამ ტენდენციის გაგრძელებაა.
ის რომ პოლარიზაცია, მიტჩელის სიტყვებით „ექსტრემალური პარტიული მიკერძოებულობა“, დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, არ არის ახალი მოსაზრება. ამაზე არაერთი მკვლევარი საუბრობს. დემოკრატიის ექსპერტი ლარი დაიმონდი მის წიგნში ავი ქარები – დემოკრატიის გადარჩენა რუსეთის გახელებისგან, ჩინეთის ამბიციისა და ამერიკის თვითკმაყოფილებისგან (2019) განსაკუთრებით ხაზს უსვამს პრაიმერებზე ამომრჩევლების დაბალი აქტიურობის გავლენას რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაზე. როგორც წესი, პრაიმერის დროს მხოლოდ იდეოლოგიურად მოტივირებული ან კონკრეტული ინტერესჯგუფების მობილიზაცია ხდება, ხოლო უფრო მეტად ზომიერი შეხედულების ამომრჩეველი არ იწუხებს თავს. შედეგად, ვიღებთ იმას რომ კანდიდატები პრაიმერში გამარჯვების მიზნით ან უფრო მეტად რადიკალურ დისკურსს უნდა აჰყვნენ ან უბრალოდ გამოეთიშონ რბოლას (დაიმონდი 2019, 98 – 101).
მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ე.წ. „პოლიტიკური კლასი“ ბევრად უფრო პოლარიზებულია ვიდრე მოსახლეობა. როგორც წესი, ისეთ საკამათო საკითხებზე როგორიცაა აბორტი, ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების უფლება თუ სხვა, მოსახლეობა უფრო მეტად კომპრომისული პოზიციის მომხრეა (Fukuyama 2014, 506). 2021 წლის გამოკითხვებმა აჩვენა რომ საქართველოში გამოკითხულთა 77% სრულად ან ნაწილობრივ მაინც, იზიარებს მოსაზრებას რომ კოალიციური მმართველობა სასარგებლოა ქართული დემოკრატიისთვის. დაახლოებით ამდენივეა თვითონ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა რიცხვიც, ვინც ამ პოზიციისკენ იხრება (კუნჭულია 2021).
თუმცა, ამავდროულად, ეს შუალედური მიდგომის მომხრეები ნაკლებად არიან მოწადინებული დაორგანიზდნენ და ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი პოზიცია დაიცვან. ამაზე მეტყველებს 2021 წლის თებერვლის გამოკითხვებიც, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ არჩეულ პარლამენტის ბოიკოტის ტაქტიკას სრულიად ან ნაწილობრივ არ ემხრობა ჯამში გამოკითხულთა 60%. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალში საცემია მცირე პარტიების მხარდამჭერთა შორის (IRI 2021, 34-35). შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ პოლიტიკას ისევ კარგად ორგანიზებული მედია თუ პოლიტიკური აქტივისტები განსაზღვრავენ (Fukuyama 2014, 507). ეს კი თავის მხრივ საგრძნობლად ართულებს კომპრომისის შესაძლებლობას და პოლარიზაციის შემცირების შანსებს.
პოლიტიკის მემორანდუმი #49 | ოქტომბერი 2021