2024-07-29 11:40:59
ავტორი
თამარ აბულაძე
არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობა და ნაადრევი სიკვდილიანობა დიდ ტვირთად აწევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ეკონომიკას. სახელმწიფოს პრიორიტეტი უკვე დამდგარი ავადობის შემთხვევებზე რეაგირება უფროა, ვიდრე მოსალოდნელი დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენა, რეაბილიტაცია და კონტროლი. არსებული სისტემის ხარვეზებთან ერთად, პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ამჟამად მოქმედი ღონისძიებები მეტწილად დონორული დაფინანსების იმედზეა და არ არსებობს ალტერნატიულ მექანიზმზე გადასვლის გაცხადებული ხედვა. ამის მიუხედავად, საკითხის პრიორიტეტიზაციის, სტრატეგიული დოკუმენტების მიღების და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მდგრადი დაფინანსების მექანიზმის საქართველოზე მორგებული მოდელის ჩამოყალიბების შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ქვეყანა მინიმალური დანახარჯებით შეამცირებს არაგადამდები დაავადებების ტვირთს.
წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს საქართველოში არსებულ ვითარებას არაგადამდები დაავადებების პირველადი პრევენციის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის კუთხით, ცდილობს გამოარკვიოს პრევენციული ზომებისა და არსებული პროგრამების ხარვეზები და საუბრობს შესძლებლობებზე, რაც არსებობს არაგადამდები დაავადებების ტვირთის შესამცირებლად ქვეყანაში. დასასრულს ნაშრომი მკითხველს სთავაზობს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მდგრადი დაფინანსების რამდენიმე მოდელს და ადგენს რეკომენდაციებს სხვადასხვა აქტორისთვის.
დოკუმენტში მოცემული მიგნებები ეფუძნება საველე და სამაგიდე კვლევას, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა კვლევითი და პოლიტიკის დოკუმენტები, ანგარიშები, არსებული კანონმდებლობა; ასევე, ჩატარდა 5 ჩაღრმავებული ინტერვიუ დარგის ექსპერტებთან, სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
საკვანძო სიტყვები: არაგადამდები დაავადებების პრევენცია, ჯანმრთელობის ხელშეწყობა, პირველადი პრევენცია, მდგრადობა.