2023-11-22 07:52:24
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას და მოსკოვსა და დასავლეთს შოროს შემდგომ დაპირისპირებას გავლენა აქვს მთელს შავი ზღვის რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე. საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიულად კომპლექსურ რეგიონულ დინამიკაში უწევს ნავიგაცია – უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობის საქართველოში გადმოდინების რისკებს წარმოშობს. მიმდინარე რეგიონული კონფლიქტების განგრძობადობა საქართველოსთვის არა მხოლოდ რისკებს და გამოწვევებს ზრდის, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიების გადაფასების აუცილებლობას წარმოშობს. ეს მოცემულობა აიძულებს თბილისს, რათა უსაფრთხოების პოლიტიკა მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოს მოარგოს, ეფექტურად გაუმკლავდეს მზარდ გეოპოლიტიკურ რისკებს და განამტკიცოს მედეგობა გლობალური გეოპოლიტიკური ბუნდოვანების პირობებში.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი იგივე თემაზე გამოცემული პირველი პოლიტიკის დოკუმენტის გაგრძელებაა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს განევითარებინა საზოგადოების ერთიან მიდგომაზე დაფუძნებული სექტორთაშორისი მედეგობის სტრატეგია (Kakachia, Lebanidze, and Kandelaki 2022). დოკუმენტში წარმოდგენილია მედეგობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ოთხი განზომილება (ინსტიტუციური /საკანონმდებლო, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კერძო-საჯარო) და შეთავაზებულია მოსაზრებები საქართველოში მედეგობის გაძლიერების შესაძლებლობებთან დაკავშირებით (Kakachia, Lebanidze, and Kandelaki 2022, 3). ყოვლისმომცველი ანალიზი, როგორც გლობალური, ისე დიფუზიური და ლოკალური რისკების იდენტიფიცირება და მართვა მედეგობის გაძლიერების მნიშვნელოვანი ასპექტებია. ამდენად, წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი გააანალიზებს მთავარ გლობალურ, დიფუზიურ და ლოკალურ რისკებს საქართველოსთვის და განსაზღვრავს საშუალებებს ეროვნული მედეგობის გასაძლიერებლად და რისკების უკეთ სამართავად.
პოლიტიკური კრიზისისა და გამოწვევების პერიოდში, ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების მრავალფეროვანი მახასიათებლების გაგება და მათი ეგზისტენციალურ საფრთხეებად გარდაქმნის პრევენცია უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ნაშრომში გამოყენებულია NATO Review – ში გამოქვეყნებული რისკის განმარტება: „რისკი არის დანაკარგის, დაზიანების ან სხვა არასასურველი შედეგის ალბათობა“ (Cocron and Lawrence 2022). რისკი „შესაძლოა იყოს წინასწარ გათვლილი ან შეფასებული, წარსულში მიღებული შედეგებისა და გარემოებების გათვალისწინებით“(Cocron and Lawrence 2022).
მედეგობა განიმარტება, როგორც გლობალური და ლოკალური რისკების პრევენციისა და მათთან გამკლავების მექანიზმი. ამ კუთხით, მედეგობას ორი ძირითადი განზომილება აქვს: „bouncing back“ და „moving forward“ განზომილება. პირველი გულისხმობს კრიზისების იდენტიფიცირებას, მათზე რეაგირებასა და რეაბილიტაციას მინიმალური ზიანით; ხოლო მეორე გულისხმობს რისკის თავიდან აცილების თვით-რეგულირებადი პროცესის შექმნას მშვიდობიანობის დროს (cf. Chandler 2014, 5). ნატოს მედეგობის განმარტება ორივე განზომილებას მოიცავს:
მედეგობა არის ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობა მოემზადო, წინააღმდეგობა გაუწიო, უპასუხო და სწრაფადვე მოა ხერხო რეაბილიტირება შოკის ან დამაზიანებელი მოვლენების პირობებში და უზრუნველჰყო ალიანსის აქტივობების განგრძობა დობა“ (NATO 2022).
შეზღუდული სახელმწიფო და საზოგადოებრივი შესაძლებლობების პირობებში, გლობალური, დიფუზიური და ლოკალური რისკების გამართული შეფასება და ადეკვატური პრიორიტეტიზაცია ქვეყნის მედეგობის სტრატეგიის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს.
ნაშრომში თავდაპირველად წარმოდგენილია ქვეყნის წინაშე მდგარი გლობალური, დიფუზიური და ლოკალური რისკების ყოვლისმომცველი ანალიზი. ამისთვის, ავტორებმა გამოიყენეს ინფორმაციის შეგროვების სამი მექანიზმი: ექსპერტების გამოკითხვა, სახელმწიფო დოკუმენტების შინაარსის ანალიზი და საზოგადოებრივი აზრის კვლევების ანალიზი.
წარმოდგენილი ნაშრომის მთავარი კონტრიბუცია ყოვლისმომცველი ექსპერტთა გამოკითხვის შედეგებია, რომელმაც აჩვენა თუ როგორ აღიქვამს ძირითად რისკებს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსების საექსპერტო წრე და აკადემია. საბოლოოდ, გამოკითხული იქნა შიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე 36 ქართველი ექსპერტი. ჩვენ ვაცნობიერებთ გამოკითხვის პროცესის თანმხლებ გარკვეულ შეზღუდვებს, რადგან გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობა პოლიტიკის თემებზე მომუშავე პროფესიონალები არიან და მუშაობენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე ან უფრო ფართო შიდა პოლიტიკის დინამიკაზე. ამის მიუხედავად, რესპოდენტები სიფრთხილით იქნენ შერჩეულნი ქართული პოლიტიკის კონტექსტის ცოდნისა და პარტიულ-პოლიტიკური საკითხების მიმართ მათი ნეიტრალურობის გათვალისწინებით. გამოკითხვის შედეგების განხილვის შემდეგ, ნაშრომში წარმოდგენილია პოლიტიკის თემებზე მომუშავე პროფესიონალების, მოსახლეობისა და მთავრობის მიერ რისკების აღქმის შედარებითი ანალიზი. აღნიშნულის ანალიზი მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად ერთიანია აღქმა მთავარ აქტორებს შორის ქვეყნის წინაშე მდგარი რისკებისა და გამოწვევების შესახებ. წარმოდგენილი მოსაზრებები მიანიშნებს აღქმებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი გლობალური და ლოკალური რისკებია ქვეყნის მედეგობისა და მზადყოფნისთვის გადამწყვეტი.
მეორე ნაწილში, ექსპერტი რესპოდენტების შეფასებით ყველაზე მნიშვნელოვან რისკად რეგიონში რუსეთის ყოფნა არის წარმოდგენილი და გაანალიზებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ამ რისკთან გამკლავების საუკეთესო გზები. ამ ნაწილში ჩვენ ასევე განვიხილავთ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სახელმწიფოს პოლიტიკას საზოგადოებრივი განწყობების, სახელმწიფოს მიდგომისა და მზადყოფნის შესაფასებლად.
ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია გლობალური, დიფუზიური და ლოკალური რისკები მედეგობის ჭრილში. ეს მნიშვნელოვანი ანალიტიკური ჩარჩოა იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოსა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება და რისკების შემცირება. აღნიშნული მიდგომა ასევე გვეხმარება გავიგოთ როგორ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან რისკები და მედეგობა. კონკრეტულად კი, ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია მედეგობის გაძლიერების პროცესში საზოგადოების ერთიან მიდგომაზე წამყვან აქტორებს შორის რისკების აღქმასთან დაკავშირებული განსხვავებების შესამცირებლად. დოკუმენტი სრულდება რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.